ჯაშუშების რესპუბლიკა - კვირის პალიტრა

ჯაშუშების რესპუბლიკა

ცოტა ხნის წინ აფხაზეთმა ნომინალური დამოუკიდებლობა მიიღო, სამაგიეროდ, რუსეთის კოლონიად იქცა.

რუსეთის სპეცსამსახურების განსაკუთრებული ურთიერთობა”აფხაზეთთან საბჭოთა КГБ-ს ეპოქაში, რეგიონის საქართველოსგან გამოყოფამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო. სტალინის მმართველობის დროიდან ყოველ მეორე აფხაზურ ოჯახს ჰყავდა საიდუმლო აგენტი ან ინფორმატორი თავის სანათესავოში.

აქაურები ტრაბახობენ, რომ აფხაზეთი ერთ სულ მოსახლეზე საიდუმლო აგენტების რაოდენობით მსოფლიო რეკორდებს ხსნის, - ამბობს აფხაზეთის სასაზღვრო დაცვის პოლკოვნიკი  ლავრიკ მიქვაბია. დღეს კი ФСБ-ს ყოფილი და მოქმედი ოფიცრები აქ პრესტიჟულ ადგილებში აღმართული ფეშენებელური სასტუმროების, სანატორიუმებისა და აგარაკებისა იჯარით ასაღებად და პრივატიზებისთვის ჩამოდიან.

მას შემდეგ კი, რაც რუსეთმა სამხედრო ძალით აფხაზეთი და ოსეთი საქართველოსგან "გაათავისუფლა", ამ პროვინციების რუსიფიკაცია კიდევ უფრო დაჩქარდა. აფხაზეთის თითქმის ყველა საუკეთესო არქიტექტურული ძეგლი რუსი ინვესტორების ხელშია. ზღვის სანაპიროზე გამოჩნდა უძრავი ქონების ფეშენებელური ობიექტები. საბჭოთა პერიოდში КГБ იყო სახელმწიფო სახელმწიფოში. ახლა, როდესაც ქვეყანას აკონტროლებს КГБ-ს ყოფილი ოფიცერი პუტინი და მისი გარემოცვა - ყოფილი ჯაშუშები, ФСБ-ს ხელი თითქმის ყველა დიდ რუსულ ბიზნესში ურევია.

ჯაშუშებს რუსეთის ელიტის სხვა ჯგუფებიც მოჰყვნენ. მოსკოვის მერს, იური ლუჟკოვს დრო არ დაუკარგავს და უმალ იგდო ხელთ მიწის ვეებერთელა ნაკვეთი 70-მილიონდოლარიანი საკურორტო კომპლექსისათვის გაგრასთან. ლუჟკოვი სოხუმში გიგანტურ ოფისსაც აშენებს. აქ განახორციელებენ მოსკოვიდან შემოსული ინვესტიციების კოორდინირებას. რუსეთის თავდაცვის, სოფლის მეურნეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა დაიბრუნეს სახელმწიფო აგარაკები სოხუმში, გაგრასა და გუდაუთაში.

მაგრამ ყველაზე დიდი ინვესტორი პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინია, რომელიც აფხაზეთს შარშან ზაფხულს, ომის პირველ წლისთავზე ეწვია და პირობა დადო, რომ  აფხაზეთის თავდაცვის განსამტკიცებლად 500 მლნ დოლარს გამოყოფს. ასევე მილიონებს გაიღებს ბიჭვინთის რეკონსტრუქციისათვის.

რუსული მთავრობა აქ რეგიონული ადმინისტრაციის თავის, ასტამურ ქეცბას თქმით, "პუტინგრადს" აშენებს. ეს იქნება ფეშენებელური საკურორტო კომპლექსი იახტების პორტით, გამაჯანსაღებელი კლუბებით და კერძო პლაჟებით. პუტინის ქალაქი 2014 წლისთვის, სოჭის ოლიმპიადისთვის იქნება მზად.

აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ უკვე მიიღო 300 მლნ რუბლი შეთავაზებული 9 მლრდ-დან და პუტინთან მიაღწია შეთანხმებას, რომელიც ნებას რთავს რუსეთის მოქალაქეებს, აფხაზეთში კერძო საკუთრებას ფლობდნენ. ყველა აქაურს როდი ახარებს რუსული ფულის შემოდინება, მათ თავიანთ ახალმოპოვებულ დამოუკიდებლობაზე შეტევისა ეშინიათ.

ბევრი ახალგაზრდა აფხაზიც შეშფოთებულია იმით, რომ რუსული ელიტა მათ ამაყ, პატარა ქვეყანას ეპატრონება. არა მგონია, რუსებს ესმოდეთ, რომ ჩვენ განსხვავებულნი ვართ. ჩვენ აღარ გვინდა ისევე КГБ-ს სახელმწიფოდ ვიქცეთ. ჩვენ არასდროს დავუბრუნებთ ჩვენს მიწას საქართველოს, მაგრამ თუ დამოუკიდებელნი ვართ, მიგვაჩნია, რომ რუსეთისგანაც დამოუკიდებელნი უნდა ვიყოთ, - ამბობს აჰრა სმირი.

თუმცა, ეტყობა, ძლევამოსილ ჩრდილოელ მეზობელთან დადებული პაქტის გადახედვა დაგვიანებულია. აფხაზეთის საზღვრებს საქართველოსთან მთლიანად რუსული მესაზღვრეების დივიზია აკონტროლებს, რომელიც ФСБ-სადმია ანგარიშვალდებული. ორთავიანი არწივით, რუსული ფედერალური სამშენებლო კომპანიის ლოგოთი დამშვენებული კაშკაშა ნარინჯისფერი საბარგო მანქანები იმ შვიდსართულიანი შენობებისთვის ეზიდებიან ქვიშას, რომელსაც  ФСБ თავის მესაზღვრეებსა და მათ ოჯახებს გალში უშენებს.

როდესაც ამდენი რუსული ფული შეედინება აფხაზეთში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მოთხოვნა, რუსეთის სამხედროების რეგიონიდან გამოსვლის შესახებ, არის ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა... "რუსეთი მხოლოდ ახლა შემოდის, - ამბობს ბაღაფში, - დასავლეთმა უნდა „დაივიწყოს ილუზიები იმის თაობაზე, რომ ისინი, ვინც მათი თქმით, რუსი ოკუპანტები არიან, აქაურობას მალე დატოვებენ".

"ნიუსვიკი", აშშ