საქართველოს მენტალური რევოლუცია - კვირის პალიტრა

საქართველოს მენტალური რევოლუცია

მშვენიერი ბათუმი საქართველოს კაპიტალისტური მიღწევების ექსპოზიციაა, მოდელი და რეკლამა იმისა, თუ როგორი შეიძლება გამხდარიყო აფხაზეთი იმ შემთხვევაში, თუ რუსულ-ქართული ომის შემდეგ რუსეთი მის ანექსიას არ მოახდენდა.

ისევე როგორც ნებისმიერი რეკლამა, ბათუმი სრულ სურათს არ წარმოაჩენს. საქართველოში სიღარიბისა და უმუშევრების დამთრგუნველ ნიშნებსაც წააწყდებით, მაგრამ ცვლილებები აქ მართლაც მოხდა და ეს არ გამოიხატება მხოლოდ ბათუმის ქუჩებში წამოჭიმულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში, რესტორნებსა და კაზინოებში, რომლებიც თურქი მოთამაშეებითაა სავსე. ზოგიერთი რუსი მაღალჩინოსანი წუხს კიდეც იმ უფსკრულის გამო, რომელიც აჭარასა და მოუწესრიგებელ აფხაზეთს შორის წარმოიქმნა.

დღეს საქართველომ ხელახლა აღმოაჩინა საკუთარი თავი და კავკასიის ვარსკვლავად მოგვევლინა. ის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ყველაზე ნაკლებადაა კორუმპირებული და მსოფლიო ბანკის შეფასებით,  ერთი-ერთი იმ ადგილთაგანია, სადაც ბიზნესის წარმოება ყველაზე ადვილია. ქვეყნის ლიბერალიზებულმა ეკონომიკამ გაუძლო რუსულ ემბარგოს, რუსეთთან ომის დროს სახელმწიფო კიდევ უფრო კონსოლიდირებული გახდა.

პოლიცია არ იღებს ქრთამს და შუქი ფუფუნება აღარაა. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ხალხს ასეთი წარმატება აღარ აკვირვებს. მოხდა ცნობიერების ტრანსფორმაცია. 2003-ში ახალგაზრდა, ენერგიული, ინგლისურენოვანი სააკაშვილი საბჭოთა სტილის ნომენკლატურული მოხელისგან აშკარად განსხვავდებოდა.

დღევანდელი თაობა ისეთივე ლიბერალური და მედასავლეთეა, როგორიც მათი პრეზიდენტი. ისინი აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ძალაუფლების მოყვარულია, აპროტესტებენ ცენტრალიზაციას და პოპულიზმს. ქაღალდზე საქართველოს ყველა ის ინსტიტუტი აქვს, რომელიც დემოკრატიას შეესაბამება. სინამდვილეში მათგან მხოლოდ რამდენიმე ფლობს რეალურ ძალაუფლებას.

პარლამენტი, რომელშიც  უმრავლესობას სააკაშვილის პარტია -"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შეადგენს, ნომინალურ ინსტიტუციად იქცა. პოლიცია და სასამართლო პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული. საკვანძო გადაწყვეტილებებს პრეზიდენტის ახლო გარემოცვა იღებს.

სიტუაციას არც ოპოზიციის სიჭრელე უწყობს ხელს და არც სამოქალაქო საზოგადოების სისუსტე. ოპოზიცია ხშირად საკუთარი თავის დისკრედიტაციას უკეთ ახერხებს, ვიდრე მთავრობა. სააკაშვილი უფრო მოდერნიზატორია, ვიდრე დემოკრატი. მაგრამ იმისთვის, რომ მის მიერ ჩატარებული რეფორმები შეუქცევადი გახდეს, საქართველოს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები სჭირდება, უპირველესად, დამოუკიდებელი სასამართლო და კანონის უზენაესობა. მიუხედავად პროგრესისა, საქართველოს მომავალი მყიფეა.

ომის შემდეგ ორი წელი გავიდა და რუსეთთან ურთიერთობა მოუგვარებელია. ის, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის დიდი სამხედრო ძალა დგას, საქართველოს უსაფრთხოებისთვის კვლავაც სახიფათოა. და მიუხედავად ამისა, მენტალური ცვლილება, რომელიც საქართველოში მოხდა, ქვეყანას უკან აღარ დააბრუნებს.

ქართველები გზას განაგრძობენ.

(იბეჭდება შემოკლებით)

"ეკონომისტი", დიდი ბრიტანეთი