საქართველო: ევროპა აზიაში და "სამეფო კარის თამაშები" ქართული მანერით - რას წერს გერმანული პრესა საქართველოზე? - კვირის პალიტრა

საქართველო: ევროპა აზიაში და "სამეფო კარის თამაშები" ქართული მანერით - რას წერს გერმანული პრესა საქართველოზე?

გერმანული პრესა აჭრელებული სტატიებით საქართველოზე, ლიტერტურის გარდა, წერენ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების ასპექტებზე და ეს ყველაფერი მოჰყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნას, სადაც საქართველო საპატიო სტუმარია.

Deutsche Welle» აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "სამეფო კარის თამაშები" ქართული მანერით"

სტატია შეეხება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობას - ქართულ პავილიონს და მის განსაკუთრებულ სახეს (ავტორი - ეფიმ შუმანი).

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან: "ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვის საპატიო სტუმარს საქართველო წარმოადგენს, რომლის პრეზენტაცია გასაოცარია. თანაც პრეზენტაცია ერთი კი არა, რამდენიმეა. მართლაც კარგად მოფიქრებული იდეაა, რომ ქვეყნის გაცნობა მისი ეროვნული ანბანის მეშვეობით იწყება - მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი დამწერლობით. წიგნებს, ალბომებს, ტურისტულ პროსპექტებს, ქართული სამზარეულოს კერძებს თითქმის ყველა პავილიონში დაინახავთ. აქ არის სტელები, რომლებიც ქართული ანბანის ასოების მსგავსად არიან წარმოდგენილნი.

პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ერთ-ერთ ქართულ სტენდთან

გერმანიაში გამოფენა-ბაზრობის გახსნის წინა პერიოდში, სხვადასხვა ფედრალური ფონდების, ორგანიზაციების მხარდაჭერითა და დაფინანსებით, დაახლოებით 160 წიგნია გამოცემული, რომლებიც ქართული ენიდან გერმანულად ითარგმნა! მათგან უდაოდ ძალიან შთამბეჭდავია მე-12 საუკუნის პოეტის შოთა რუსთაველის ცნობილი ეპოსი "ვეფხისტყაოსანი", რომელიც მართალია, გერმანულ ენაზე პროზაული სახით არის თარგმნილი, მაგრამ სამაგიეროდ საინტერესოდ და გატაცებით იკითხება, თანაც საოცრად თანამედროვედ ჟღერს, დაახლოებით "სამეფო კარის თამაშების" მსგავსად, ოღონდ ქართული მანერით. წყარო

(ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოფენილი ქართული წიგნები შეგიძლია შეიძინოთ biblusi.ge-ზეც)

კიდევ ერთი გამოცემა Süddeutsche Zeitung» აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "საქართველო: ევროპა აზიაში". მასში ისტორიულ მოვლენათა რესტროსპექტივის მეშვეობით საუბარია საქართველოს კავშირებზე გერმანიასთან და რუსეთთან (ავტორი - ფელიქს შტეფანი).

"საქართველო სამხრეთ კავკასიიაში მდებარეობს, ოთხმილიონიანი მოსახლეობით და მასში გერმანისტიკის სამი ცენტრია განლაგებული - ერთი ბათუმშია, შავი ზღვის ნაპირზე, მეორე - ქუთაისში და მესამე - თბილისში, ქვეყნის დედაქალაქში", - აღნიშნავს ავტორი და მკითხველს თბილისის ოფისის წარმომადგენელს, გერმანული ლიტერატურის პროფესორს კოკა ბრეგაძეს აცნობს, რომელიც ქართულ თანამედროვე ლიტერატურაზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან, რომლებშიც გადმოცემულია ავტორის შთაბეჭდილებები და თვალსაზრისები საქართველოს შესახებ:

"გერმანია საქართველოში კარგი რეპუტაციით სარგებლობს. შესაძლოა, ასეთი დამოკიდებულება იმით არის განპირობებული, რომ ფაშისტურ ვერმახტს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანების ხოცვა-ჟლეტვა არ მოუწყია და საქართველო რუსეთი არ არის. თბილისის საუნივერსიტეტო კვარტალში შეგიძლიათ ჩანთები ნახოთ წარწერით "ჰენრიხ ბიოლის ფონდი", ხოლო მთავარ ქუჩებში - გერმანული ლუდის "ეტინგერის" სარეკლამო პლაკატები.

ევროპის დედაქალაქებიდან თუ შევხედავთ, საქართველო ჩვენთვის, რა თქმა უნდა, აზიაში მდებარეობს, რომელიც რუსეთს (ჩეჩნეთი და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონები), თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორისაა მოქცეული. ამის მიუხედავად, საქართველომ თანამედროვე ევროპული ისტორიის განვითარების თავალსაზრისით, ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა: ქართველი ინტელექტუალები [ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში] თარგმნიდნენ თომას მანს, წერდნენ წიგნებს ანტონენ არტოს შესახებ და ხსნიდნენ ისეთ დაწყებით სკოლებს, რომლებიც განათლების ჰუმბოლდტისეული იდეალების გატარებას ცდილობდნენ.

XIX საუკუნის უდიდეს ქართველ შემოქმედს ილია ჭავჭავაძე წარმოადგენს, რომელიც ევროპული ენებიდან ქართულ ენაზე თარგმნიდა უილიამ შექსპირსა და იოჰან-ვოლფგანგ გოეთეს. მან დაარსა ეროვნული ბანკი და ხელი შეუწყო უნივერსიტეტის გახსნას. გეორგ ჰეგელის, იმანუილ კანტისა და ჯუზეპე გარიბალდის იდეებით ფრთაშესხმული ილია ჭავჭავაძე სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-გამანათავისუფლებელ მოძრაობას იმ დროს, როცა საქართველო მასობრივარად განიცდიდა რუსიფიცირების პოლიტიკის სიმძიმეს, როცა შეზღუდული იყო ქართული წიგნების გამოცემა, სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება და ლოცვები. დღეს ქვეყნის ბევრი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს. ამასთან, ილია ჭავჭავაძეს რომ ახლა რომელიმე თავისი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობა ჰქონდეს, იგი, პირველ რიგში, ალბათ, იმას გააუქმებდა, რომელიც გაზეთ "ივერიაში" იოსებ ჯუღაშვილის - ანტირუსული იდეებით განწყობილი ახალგაზრდა კაცის ლექსების ბეჭდვას ეხება. იმიტომ, რომ იოსებ ჯუღაშვილი, მოგვიანებით, პრორუსული მარქსისტების მხარეზე გადავიდა, ტერორისტული აქტების განხორციელება დაიწყო, საბოტაჟს ეწეოდა, ბანკებს ძარცვავდა და ბომბებს აფეთქებდა, ანუ ზიანს აყენებდა ქართულ ეროვნულ მოძრაობას. "რკინის მუშტების" გამო იოსებ ჯუღაშვილს მეტსახელად "სტალინი" ("ფოლადისებური") უწოდეს. იგი რუსეთის ცენტრში წავიდა პოლიტიკური საქმიანობისათვის, მაგრამ , როგორც ერთ პოპულარულ ანეკდოტშია, "უკან წითელი არმიით დაბრუნდა". ოკუპაცია-გასაბჭოების შემდეგ საქართველო, მდიდარი ქრისტიანულ-კულტურული ტრადიციების სახელმწიფო, თითქმის სრულიად გაქრა ევროპის რუკებიდან...

დღეს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო გამოფენის საპატიო სტუმარი გახლავთ - წიგნების თაროები ქართული ლიტერატურითაა სავსე. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ თითქოს ქართულმა კულტურამ ჯებირი გაარღვია...

თავის "ოქროს საუკუნეს" საქართველომ XI-XII-XIII ასწლეულებში მიაღწია, რომლის შემდეგ ქვეყანა დიდწილად დამპყრობლების უღელქვეშ არსებობდა: XVIII საუკუნიდან მასზე ხან ოსმალეთი, ხან სპარსეთი ბატონობდა. XIX საუკუნეში საქართველო მეფის რუსეთის ნაწილი გახდა, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში, დამოუკიდებელი რესპუბლიკის ხანმოკლე ოთხწლიანი არსებობის შემდეგ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა.

როცა 1991 წელს საქართველო, როგორც იქნა, ისევ დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდა, ქვეყანა ფაქტიურად მოუმზადებელი იყო. 1990-იანი წლები მოსახლეობისათვის მწარე მოგონებად - "ბნელ ათწლეულად" იქცა (სახელწოდება მეტაფორულია და ელექტროენერგიის ხშირად გათიშვას გულისხმობს). 2008 წელს ქვეყანა რუსეთთან ომში ჩაება. დღეს ბევრი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება დაუფიქრებლად იქნა მიღებული და მთლიანობაში, შეიძლებოდა მისი თავიდან აცილებაო. ფაქტი კი ისაა, რომ ომი რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით დასრულდა. ახალი საზღვრების გაყოლებით რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა მავთულხლართები გააბეს, რომელსაც პერიოდულად ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში სწევენ - ალბათ იმისთვის, რომ ქართველები გააღიზიანონ". წყარო

იხილეთ ასევე: დოჩანაშვილი, ხარანაული, ბუნიათიშვილი, სააკაშვილი და სხვები... - უნიკალური ფოტოები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან

მოამზადა სიმონ კილაძემ