"რეფორმატორთა ჯგუფი ხელისუფლებაში უნდა დარჩეს" - კვირის პალიტრა

"რეფორმატორთა ჯგუფი ხელისუფლებაში უნდა დარჩეს"

ამონარიდი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუდან

- თქვენი აზრით, რა გზით შეიძლება რუსეთ-საქართველოს კრიზისის მოგვარება?

- კრიზისი ძალიან რბილად ნათქვამია. საქართველოსა და რუსეთს შორის ის მდგომარეობაა, რაც ყველაზე საშინელ ისტორიულ დროში ხდებოდა ქვეყნებს შორის, ანუ მდგომარეობა, როცა ერთი სახელმწიფო მეორეს მნიშვნელოვან ნაწილს სტაცებს და ყველაფერს აკეთებს ამ ქვეყნის მთლიანად გასაკონტროლებლად. ბუნებრივია, ამას ნებისმიერი ქვეყანა შეეწინააღმდეგება. რუსეთი ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა და მისი ტერიტორიის 20% დაიპყრო. მაგრამ ვფიქრობ, საქმის გამოსწორება მარტივად შეიძლება: უპირველესად, უნდა მოხდეს  საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია, საქართველოს, მის ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თვითონ განსაზღვროს თავისი მომავალი. თქვენ საქართველოში რუსოფობებს ვერ იპოვით, ჩვენი ხალხი რუსი ხალხისადმი კეთილად არის განწყობილი. მგონია, რომ სწორედ ეს მოგვცემს საშუალებას, მომავალში ახალი ურთიერთობის სწრაფად დამყარებაში.

- შეუძლია თუ არა თბილისს რაღაცა დათმოს ურთიერთობის აღსადგენად?

- საამისოდ ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ რუსები ისტორიულად იმპერიალისტები არიან, მე მყავს მხედველობაში არა მთელი რუსი ხალხი, არამედ რუსეთის სახელმწიფო, რომელიც თვლი და თავს იმპერიად, ყოველთვის იყო კარგი დამპყრობელი, მაგრამ ცუდი შემნარჩუნებელი. ახლა ის საქართველოს დაპყრობის ეტაპიდან შენარჩუნების ეტაპზე გადავიდა და ბუნებრივია, პრობლემები უჩნდება. კარგად უნდა იცოდე შენი ისტორია, რომ ეს არ გააკეთო.

- ნატოში თქვენი შესვლის სურვილი ხომ არ გახდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიზეზი?

- არა. საქართველოს ამ რეგიონში აღიარება, უფრო სწორად, ოკუპაცია რუსეთის დიდი ხნის გეგმაა. რუსები ემოციურად არაფერს აკეთებენ, ყველაფერს გეგმავენ და მერე გეგმაზომიერად ახორციელებენ. ასე იყო ამ შემთხვევაშიც. ნატო არაფერ შუაშია. ყოველ ქვეყანას აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. დღეს ყველა ქვეყანა იქითკენ მიილტვის, სადაც მის ხალხს განვითარების პერსპექტივა და მომავალი ექნება.

- ოპონენტები გსაყვედურობენ, რომ საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენას აპირებთ...

- მე არასოდეს დამიმალავს ჩემი მიზანი, რომ რეფორმატორთა ჯგუფი ხელისუფლებაში უნდა დარჩეს. თუ პოლიტიკურ პერსონალიებზე ვილაპარაკებთ, მე ცალკე არასოდეს ვყოფილვარ. ჩვენ ერთად ვმუშაობდით, ჩვენ ერთი გუნდი ვართ. რასაკვირველია, მინდა ეს გუნდი ხელისუფლებაში დარჩეს, უფრო გაფართოვდეს და ამ სისტემაში ოპოზიციაც ჩაერთოს. ჩვენ ახლა ვმუშაობთ კონსტიტუციის შეცვლაზე, რომელსაც საქართველოში ევროპული მოდელის ელემენტები შემოაქვს.

მე კი ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რომ 2013 წლამდე ბოლომდე მივიყვანო ყველა რეფორმა - ინფრასტრუქტურის, განათლების სისტემის მოდერნიზება, კორუფციის და დამნაშავეობის საბოლოო მოსპობა, სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურაში ინტეგრირება. რასაკვირველია, ყველაფერს ვიღონებ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული.

რადგან გეგმის განხორციელებას 2013 წლამდე ვაპირებ, ცხადია, ჩემი ამბიციები მაქსიმალურად უნდა დაკმაყოფილდეს. მთავარია, რეფორმატორთა გუნდმა მიაღწიოს იმას, რომ არავის არასოდეს მოუნდეს უკან მიხედვა...

"ეხო მოსკვი", რუსეთი