ირანი "ნაბუკოს" ჩამოაშორეს - კვირის პალიტრა

ირანი "ნაბუკოს" ჩამოაშორეს

ანკარაში, რუსეთის გვერდის ავლით ევროპის გაზმომარაგების პროექტის ("ნაბუკოს") ხელმძღვანელმა კომიტეტმა საგანგებო თათბირზე გაზით მომარაგების ორი ხაზი დაამტკიცა.

ლაპარაკია აზერბაიჯანის, თურქმენეთის და ერაყის საბადოებიდან მილსადენების ცისფერი სათბობით შევსებასა და საქართველოსა და ერაყის გავლით მის ევროპაში გადინებაზე. თათბირზე ამ პროექტში მონაწილეობაზე ირანს საბოლოოდ ეთქვა უარი, არადა, მისი გაზი მასშტაბური პროექტისთვის ზედმეტი არ იქნებოდა.

"ნაბუკოს" პროექტიდან თეირანის ჩამოშორებით კომიტეტმა კვლავ აქტუალური გახადა კითხვები: სამყოფია კი გაზი გრანდიოზული მილსადენის შესავსებად და ყველა პოტენციური მომხმარებლის უზრუნველსაყოფად? ან საჭიროა კი საეჭვო რენტაბელობის მქონე "ნაბუკო" მაშინ, როცა ევროპა ტრინიდადიდან და ტობაგოდან მომავალი თხევადი გაზით არის "გადავსებული"?

გარდა ამისა, საინტერესოა, რამდენად აუცილებელია გაზსადენის მთელი სისტემის გატარება ბუნდოვანი პერსპექტივების მქონე ერაყზე, ქურთების მოუწესრიგებელი პრობლემებით შეწუხებულ თურქეთზე, ომგადახდილ და არასტაბილური რეპუტაციის მქონე საქართველოზე? თანაც ექსპერტების შეფასებით, ეს პროექტი, რომლის მშენებლობა 8 მლრდ ევრო ჯდება, ვერასოდეს დაფარავს თავის ხარჯებს.

"ნაბუკოს" წელიწადში 31 მლრდ კბმ გაზის გატარება აქვს განზრახული. ირანისთვის უარის თქმის შემდეგ დარჩა აზერბაიჯანისა და ერაყის გაზის მოცულობები (თითოეული 7-8 მლრდ კუბმ წელიწადში). შეძლებს კი თურქმენეთი დანარჩენის შევსებას? რომც შეძლოს, გაუძლებს კი რუსეთის უეჭველ ზეწოლას? "ნაბუკო" ხომ რუსეთის გაზსადენ "სამხრეთის ნაკადის" კონკურენტი ხდება.

ამ დრომდე აშხაბადი ცდილობდა, არ შეხებოდა მოსკოვის ენერგეტიკულ ინტერესებს და ჯერჯერობით, ამ პოლიტიკის შეცვლის ნიშნები არ ჩანს. მიუხედავად ყველაფრისა, "ნაბუკოს" პროექტის მონაწილეებმა (ავსტრიული კომპანია ომვ-ი, უნგრული მოლ-ი, ბულგარული ბულგაზგეზ-ი, რუმინული ტრანსგაზ-ი, თურქული ბოტას-ი და გერმანული რწე-ი) ზემოხსენებულ თათბირზე საინჟინრო სამუშაოების დაწყება გადაწყვიტეს.

თითქმის 3 ათას კმ-იანი მილსადენის მშენებლობა 2011 წელს დაიწყება ანკარის რაიონში და მარმარილოს ზღვის გავლით ბულგარეთისკენ გაგრძელდება. პროექტი ორ ფაზად არის დაყოფილი: 2 ათასი კმ სიგრძის ახალი მილსადენის გაყვანა თურქეთის საზღვრიდან ავსტრიამდე და გაზსადენის მშენებლობა თურქეთ-საქართველოსა და თურქეთ-ირანის საზღვრებს შორის.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი