კონცეფცია უარყოფილია - კვირის პალიტრა

კონცეფცია უარყოფილია

რუსეთსა და აფხაზეთს შორის სერიოზული სკანდალი მწიფდება. საქმე ის არის, რომ სოხუმმა უარყო მოსკოვის მიერ შეთავაზებული კონცეფცია რუსეთის მოქალაქეებისათვის აფხაზეთში ქონებრივი უფლებების აღდგენის შესახებ.

აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას თქმით, ეს დოკუმენტი აფხაზეთის დღევანდელ რეალობას არ ითვალისწინებს და შეიძლება ზიანი მიაყენოს რესპუბლიკის სტაბილურობას. "ჩვენ რომ რფ-ის მოქალაქეების ქონების დაბრუნებას უპირობოდ დავთანხმდეთ, სერიოზული პრობლემები შეგვექმნება ომის შემდეგ რუსეთში მცხოვრებ და იქაური მოქალაქეობის მქონე ქართველებთან, მათთან, ვინც იარაღით ხელში გვებრძოდა", - აცხადებს პრემიერი.

აფხაზეთის ოპოზიციის ნაწილის მტკიცებით, მოსკოვიდან ეს კონცეფცია აფხაზეთის მთავრობამ რამდენიმე თვის წინ მიიღო, მაგრამ მალავდა, რადგან იცოდა, რა რეაქცია მოჰყვებოდა ამას რესპუბლიკაში, არადა, რუსეთისთვის უარის თქმაც ერიდებოდა.

"ჩვენ რომ განგაში არ აგვეტეხა, ამ კონცეფციის შესახებ დღესაც არავის ეცოდინებოდა, - ამბობს ექსპერტი ინალ ხაშიგი. გაზეთ "ნუჟნაიაში" გამოქვეყნებულ სტატიაში, "კონცეფცია, როგორც ქართველ დევნილთა დაბრუნების ვარიანტი", ნათქვამია, რომ ეს დოკუმენტი არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიაფხაზური. სტატიის ავტორი აფხაზეთის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს და პრემიერს "ქართველ ლტოლვილთა დასაბრუნებელი სამართლებრივი საფუძვლების გამალებულ ძიებაში" ადანაშაულებს და აფხაზეთის ომის ვეტერანებს მიმართავს, - ღირს კი ამ ანტიაფხაზური ხელისუფლების ატანა?

ფაქტობრივად არც აფხაზეთის ხელისუფლებას აძლევს ხელს რუსეთის მიერ შეთავაზებული ქონებრივი დავების გადაწყვეტის კონცეფცია. ამ დოკუმენტის მიღება რესპუბლიკაში უეჭველ ბუნტს გამოიწვევს. საქმე მხოლოდ ქართველი ლტოლვილების დაბრუნება როდია, - ეს თავისთავად. აფხაზეთის მთავრობას ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტი რუსი მიმართავს, რომლებმაც 1992 წლის ომის დროს აფხაზეთი დატოვეს და ახლა თავიანთი სახლ-კარის დაბრუნებას ითხოვენ.

რუსეთის ხელისუფლება კარგა ხანია მიანიშნებს სოხუმს, - ეს საკითხი უსათუოდ უნდა გადაწყდესო. ამასთან ერთად, კრემლი უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის უფლების დაკანონებასაც ითხოვს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კონცეფციასთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, არაოფიციალური წყაროები კი ამბობენ, რომ დოკუმენტში აფხაზეთის ინტერესების შემბღალველი არაფერია, რომ ეს დოკუმენტი კი არ არის, არამედ პროექტია და სრული აბსურდია იმის მტკიცება, რომ რუსეთს აფხაზეთში ქართველი ლტოლვილების დაბრუნება უნდა. "რად სჭირდება ეს რუსეთს. იმისთვის, რომ იქ კვლავ ომი დაიწყოს?" - ამბობენ ამ უწყებაში.

აფხაზეთის ოპოზიცია კი აცხადებს, როგორი კეთილგანწყობილიც უნდა იყოს აფხაზეთის ხელისუფლება მოსკოვისადმი, ამ შემთხვევაში თვითგადარჩენის ინსტინქტით მოქმედებს, რადგან თუ ასეთ დოკუმენტს მიიღებენ - მათ საკუთარი ხალხი დაამხობს".

"კომერსანტი", რუსეთი