ძალთა თანაფარდობის შეცვლა თუ... - კვირის პალიტრა

ძალთა თანაფარდობის შეცვლა თუ...

როგორც იუწყებიან, გასულ კვირას პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ვიზიტის დროს ერევანში, რუსეთმა და სომხეთმა სამხედრო სფეროში არაერთ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელთა ნაწილიც არ გამოქვეყნებულა.

მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ხელშეკრულებაა, რომელიც რუსულ სამხედრო ბაზებს სომხურ ქალაქ გიუმრიში იჯარის ვადას 25-დან 49-წლამდე უხანგრძლივებს. ბაზაში, რომელიც ოფიციალურად 1997 წლიდან მოქმედებს, ახლა 5 ათასი რუსი ჯარისკაცია, ასევე გამანადგურებლები Миг-29 და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები C-300.

მედვედევი ამტკიცებს, რომ ამ ბაზის მიზანი სამხრეთ კავკასიასა და ზოგადად ამიერკავკასიაში, მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაა, მაგრამ ბევრ ანალიტიკოსს, განსაკუთრებით თურქეთსა და აზერბაიჯანში, მიაჩნია, რომ ეს შეთანხმება შეიძლება ანკარისა და ბაქოს ირიბ გაფრთხილებად შეფასდეს. ამ მოსაზრების მომხრეთათვის ხელშეკრულება რეგიონში ახალი ალიანსების წარმოქმნას ადასტურებს.

ფაქტობრივად, ამ პოზიციის სასარგებლოდ მეტყველებს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის განცხადება, რომ ბაზა გააფართოებს საკუთარი გეოგრაფიული და სტრატეგიული პასუხისმგებლობის არეალს.

ეს ყველაფერი რუსეთ-სომხეთის სამხედრო კავშირის აღორძინებაზე მიუთითებს. თურქეთის მთავრობასთან დაახლოებული წრეებისთვის კი ეს ხელშეკრულება რუსეთის მორიგი მცდელობაა, შეინარჩუნოს ბალანსი სომხეთს და აზერბაიჯანს შორის. თურქი მაღალჩინოსანი ვარაუდობს, რომ შეთანხმების მიზანი სომხეთის მთავრობის დამშვიდებაა იმ ფონზე, როდესაც გავრცელდა ხმები აზერბაიჯანისთვის მაღალტექნოლოგიური შეიარაღების მიყიდვასა და რუსეთის სურვილზე, - მოაგვაროს ყარაბაღის პრობლემა.

მეორე მაღალჩინოსნის აზრით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ვიზიტის ეკონომიკურ მხარეს. როგორც იუწყებიან, ერევანმა რუსეთთან გააფორმა კონტრაქტი სომხეთში საბჭოთა პერიოდში აშენებული ატომური ელექტროსადგურისთვის ორი რეაქტორის მიწოდებაზე.

მეტიც, ამბობენ, რომ მხარეები შეიარაღების მიწოდებაზეც საუბრობდნენ. „რუსები ძალიან კარგი ბიზნესმენები გახდნენ. მათ ისწავლეს ვაჭრობა და ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ გარკვეულ მსხვერპლზე წასვლაც, - ირონიული ღიმილით აღნიშნავს თურქი დიდმოხელე. მაგრამ მიუხედავად ამისა, თურქეთის საგარეო პოლიტიკური ისტებლიშმენტი სერიოზულად წუხს იმაზე, რომ სომხეთს ამ ხელშეკრულებით შეუძლია აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში კვლავ არაკონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს.

მაგალითად, თურქეთის პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული პირი ამტკიცებს, რომ ერდოღანი მართლაც ელის პრეზიდენტ მედვედევისა და პრემიერ-მინისტრ პუტინისგან ძალისხმევას ყარაბაღის პრობლემის მოგვარების თაობაზე. მისი თქმით, თითქმის ყველა მოლაპარაკებებზე, სადაც რუსებთან ყარაბაღის საკითხი განიხილებოდა, ამ მოლოდინზე საუბრობდნენ. აღნიშნავს, რომ რუსეთის აქტიური მონაწილეობის გარეშე ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია.

ამ ფონზე, ვფიქრობთ, დროულია ჩვენი რუსი მეგობრებისთვის იმ სიტყვების შეხსენება, რომელიც შარშან ერდოღანმა რუსეთის ორ ლიდერს უთხრა, - თურქეთს  არ სურს გარე ძალები ერეოდნენ პრობლემაში, რომელსაც რეგიონის ქვეყნები დამოუკიდებლად უნდა წყვეტდნენო. იზიარებენ კი რუსები ამ პოზიციას, თუ მათი აზრით, მოკლევადიანი სარგებელი გრძელვადიან ურთიერთსარგებელზე მნიშვნელოვანია?

"ჰურიეთი", თურქეთი