დაგმო თუ არ დაგმო? - კვირის პალიტრა

დაგმო თუ არ დაგმო?

რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრის, ტელეჟურნალისტ მაქსიმ შევჩენკოსა და "იზვესტიის" მთავარი რედაქტორის, ვლადიმირ მამონტოვისთვის საქართველოში შესვლის აკრძალვას მოულოდნელი გაგრძელება მოჰყვა.

რუსეთის მედიის ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაგმო საქართველოს ხელისუფლების ქმედება. რფ-ის საზოგადოებრივმა პალატამ პატრიარქის პოზიციას მაშინვე "ბრძნული" უწოდა. "კომერსანტი" შეეცადა გაერკვია, სინამდვილეში რა თქვა საქართველოს პატრიარქმა.

ბატონები შევჩენკო და მამონტოვი, ასევე "რია ნოვოსტის" ხელმძღვანელი ალან კასაევი თბილისში კავკასიაში შეიარაღებული კონფლიქტების შედეგების დაძლევის ხელშემწყობი შერეული კომისიის კონფერენციაში მონაწილეობისთვის ჩაფრინდნენ ერევნიდან. "შევავსეთ ანკეტები, ვიზების საყიდლად გადავცვალეთ ფული, საპასპორტო კონტროლზე დოკუმენტები წარვადგინეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ ერთ-ერთმა მესაზღვრემ განზე გამიყვანა და ჩუმად მითხრა, - ბატონო შევჩენკო, ვწუხვარ, მაგრამ მე-12 მუხლის საფუძველზე თქვენ საქართველოში შესვლა გეკრძალებათო. იგივე უთხრეს ვლადიმირ მამონტოვს", - ამბობს შევჩენკო.

კონფერენციის ორგანიზატორმა და შერეული კომისიის თანათავმჯდომარემ საქართველოს მხრიდან, მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დირექტორმა ქართველ მოხელეებთან დაკავშირება სცადა. "ჩემი მოსკოველი კოლეგების ჩამოსვლა პარლამენტის სპიკერს, დავით ბაქრაძეს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს შევუთანხმე. ყველამ თანხმობა განაცხადა, რადგან ესმით, რომ დიპლომატიური ურთიერთობის უქონლობის შემთხვევაში ასეთი შეხვედრები აუცილებელია. მაგრამ მას შემდეგ, რაც მაქსიმს და ვლადიმირს შემოსვლაზე უარი უთხრეს, არც ერთი მოხელე ჩემს ზარს არ პასუხობს", - განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.

თბილისში ჩასვლიდან ერთი საათის შემდეგ შევჩენკოსა და მამონტოვს ბილეთები გადაუცვალეს და ერევანში გაამგზავრეს. ოფიციალური კომენტარი ხელისუფლებას არ გაუკეთებია. მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ "ხელისუფლება ვალდებული არ არის უარის მიზეზები ახსნას. ასეთია მსოფლიო პრაქტიკა". ქართულმა მედიამ კი სახელისუფლებო ორგანოების ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ შევჩენკო და მამონტოვი არაერთხელ ყოფილან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

"ყველაფერი ეს ტყუილი და პროვოკაციაა. მამონტოვი არასოდეს ყოფილა არა მხოლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, არამედ ჩრდილო ოსეთშიც კი. საქართველოშიც პირველად ჩამოვიდა, რადგან კარგა ხანია ამაზე ოცნებობდა. მე, როგორც საზოგადოებრივი პალატის წევრი და ჟურნალისტი, რასაკვირველია, სამხრეთ ოსეთშიც ვარ ნამყოფი და აფხაზეთშიც, ეს ჩემი სამუშაოა, მაგრამ ჩემს საბუთებში ეს არ არის აღნუსხული, რადგან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის საზღვრების გადაკვეთა რუსეთის შიდა პასპორტებით ხდება. თუ ცხინვალსა და სოხუმში ვიზიტები დანაშაულია, მაშინ ას ჟურნალისტს მაინც ვიცნობ, რომელთაც უნდა აეკრძალოთ საქართველოში ჩასვლა, - აცხადებს შევჩენკო და დასძენს, - მე და "იზვესტიის" მთავარი რედაქტორი იმიტომ არ შეგვიშვეს საქართველოში, რომ პატრიოტული მიმართულებისა და აზროვნების ჟურნალისტები ვართ. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან და კონფერენცია ოპოზიციის წევრებთან, მათ შორის ირაკლი ალასანიასა და ნინო ბურჯანაძესთან. მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეეშინდა ქართულ ოპოზიციაზე ჩვენი ზემოქმედებისა, რომლის მიზანია რუსეთთან ურთიერთობის განახლება". თუმცა კონფერენციაც და პატრიარქთან შეხვედრაც შედგა. რუსეთის დელეგაციას ორივეგან მხოლოდ კასაევი წარმოადგენდა. ის პატრიარქს შეხვდა მის რეზიდენციაში. შეხვედრას დახურული ხასიათი ჰქონდა. მეორე დღეს რუსეთის საინფორმაციო საშუალებები, შეხვედრის მონაწილე გულაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ახდენდნენ საქართველოს პატრიარქის სიტყვების ციტირებას, რომელმაც "დაგმო" ხელისუფლების საქციელი. რფ-ის საზოგადოებრივმა პალატამ, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების ქმედებას "ზედმიწევნით უხეში და არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკის გამტარებელი" უწოდა, ყურადღება ილია მეორის "ბრძნულ" პოზიციაზე გაამახვილა.

მაგრამ ბ-ნმა გულაშვილმა განაცხადა: "პატრიარქს არ დაუგმია ხელისუფლება. უწმინდესი ბრძენი და ფრთხილი ადამიანია. მან მხოლოდ მადლობა გამოთქვა იმის გამო, რომ ქვეყანაში ერთი ჟურნალისტი მაინც შემოუშვეს და რომ ჩვენ, საზოგადო მოღვაწეები, საჭირო საქმეს ვაკეთებთ კავკასიაში მშვიდობისა და ერთიანობის დასამყარებლად". კასაევმა თქვა, რომ შეხვედრისას ილია მეორემ არაერთხელ გამოთქვა წუხილი რუსი ჟურნალისტებისთვის ვიზების მიუცემლობის გამო და მათთვის საჩუქრად ნაკურთხი სამაჯურები და საეკლესიო წიგნები გადასცა. "ორი საათი ვისაუბრეთ, მთელი ჩვენი საუბარი საქართველოსა და რუსეთის შერიგების სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი. უწმინდესმა მითხრა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ვლადიკავკაზში საქართველოს პატრიარქისა და რუსეთის პატრიარქის შესაძლო შეხვედრის შესახებ".

ერთ-ერთმა ქართველმა მოხელემ სინანულით აღნიშნა, რომ მოსკოვი ცდილობს საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტთან პატრიარქის დაპირისპირებას. ის დარწმუნებულია, რომ კრემლს საქართველოს სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩათრევა სურს და ამისათვის ყველანაირ ხერხს გამოიყენებს.