სარქისიანი გამწვავებაზე წავიდა - კვირის პალიტრა

სარქისიანი გამწვავებაზე წავიდა

გასულ კვირას სომხეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა საქართველოში სომხური ენისთვის

რეგიონული სტატუსის მინიჭების და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის იურიდიული რეგისტრაციის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა - საქართველოს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხების მინიმალური მოთხოვნები გაიმეორა. აქამდე თბილისს ერევანი მოკავშირედ მიაჩნდა ამ რეგიონში დროდადრო წარმოშობილი სეპარატისტული განწყობილებების დაშოშმინებაში, ამიტომ სარქისიანის განცხადება საქართველოს ხელისუფლებისთვის უსიამოვნო მოულოდნელობა იყო. სომხეთის პრეზიდენტი უცხოეთში მცხოვრებ სომხებს ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ასიმილაციის გარეშე. კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით სარქისიანმა თქვა: "მიმაჩნია, რომ სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭება, სომხური სამოციქულო ეკლესიის სტატუსის რეგისტრირება, სომხური ძეგლების დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯები ხელს შეუწყობენ მეგობრობის განმტკიცებას, ურთიერთნდობის გაძლიერებას". საქართველოში ეჭვობენ, რომ სარქისიანის ეს განცხადება თურქეთ-სომხეთის საზღვრის შესაძლო გახსნის ინფორმაციას მოჰყვა. "ამ დონის პოლიტიკოსს შეუძლებელია, არ გაეთვალა ის, თუ რას მოასწავებდა ასეთი განცხადება. გამოდის, რომ სომხეთის ხელისუფლება აქამდე მთლად გულწრფელი არ იყო და მხოლოდ იმიტომ გვიკრავდა თავს, რომ მსოფლიოში ერთადერთი გასასვლელი გზა საქართველოზე ჰქონდა. ხომ არ იჩქარეს? საზღვარი თურქეთთან ჯერ ხომ არ გახსნილა, ჯერ მხოლოდ მიზნებზეა ლაპარაკი", - თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა. თბილისის გაზეთები უკვე ალაპარაკდნენ, მოსკოვი დაინტერესებულია საქართველოს დაქუცმაცებით და ერევნის ხელით უნდა ისედაც წკიპზე მდგარი სამცხე-ჯავახეთის აფეთქებაო.

საქართველოში სომხური სათვისტომოს ერთ-ერთი ლიდერი არნოლდ სტეფანიანი ამბობს, სარქისიანი სომხეთის ხელისუფლების პირველი წარმომადგენელია, რომელიც სომხური ენის სტატუსზე ალაპარაკდა: "აქამდე მსგავს განცხადებებს მხოლოდ სომხეთის ოპოზიცია აკეთებდა. არა მგონია, პრეზიდენტის სიტყვები ჯავახეთში სიტუაციის კატალიზატორი გახდეს. მოსახლეობა აქამდეც ამ აზრზე იყო და დოკუმენტებისა და სხვა სახის საქმის წარმოებას ქართულ ენასთან ერთად სომხურზეც მოითხოვდა; სხვა საქმეა, რომ სარქისიანის განცხადება ზოგიერთ ქართულ წრეში ანტისომხურ განწყობილებას გააძლიერებს, რაც საქართველოში რეგულარულად, წელიწადში ორ-სამჯერ მაინც ხდება. სერჟ სარქისიანი ძალიან სერიოზულ საკითხებს შეეხო, რომელიც უნდა გადაწყდეს და არა მიჩუმათდეს", - მიაჩნია სტეფანიანს.

გასარკვევია სასაზღვრო სომხურ სოფელ ბავრას მდგომარეობაც. იქაურები ირწმუნებიან, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა თვითნებურად სამკილომეტრიანი მონაკვეთით სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში გადასწიეს საზღვარი. დაიკარგა სავარგულები, რომელიც, სომხეთის მიწის კადასტრის თანახმად, მათი საკუთრება იყო. თავის მხრივ, ქართულ მხარესაც აქვს ერევანთან სადავო. კერძოდ, თბილისმა გაიგო, რომ სომხეთის მაღაზიების დახლებზე აფხაზეთიდან ჩამოტანილი პროდუქტები გაჩნდა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა, სარქისიანის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა: "გაკვირვებული ვარ ამ განცხადებით, რადგან სომხეთის სამოციქულო ეკლესიის იურიდიული რეგისტრაციის საკითხი გადაწყვეტის პროცესშია, ეს ერევანმა კარგად იცის. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა ისტორიულ, არქიტექტურულ და რელიგიურ ძეგლებს, მისი წარმომავლობის მიუხედავად, სახელმწიფო იცავს. ესეც მშვენივრად იცის ერევანმა. არის რამდენიმე სადავო ეკლესია და ძეგლი, მაგრამ ამაზე ისტორიკოსებმა და სპეციალისტებმა უნდა იდავონ და არა პოლიტიკოსებმა". სოფელ ბავრასთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ასეთი ინციდენტები კვლავ იქნება, სანამ საბოლოოდ არ მომხდარა სომხეთ-საქართველოს საზღვრის დემარკაცია და დელიმიტირება, რაზეც ერთობლივი კომისია მუშაობს. სამცხე-ჯავახეთში სომხური ენის სტატუსის ამაღლების შესახებ მან მოკლედ თქვა: - ჩვენ გვიხარია, რომ სომხეთში სომხური ენა ერთადერთი სახელმწიფო ენააო...