აფხაზეთის საზღვაო ბლოკადის ირგვლივ დაძაბულობა იზრდება - კვირის პალიტრა

აფხაზეთის საზღვაო ბლოკადის ირგვლივ დაძაბულობა იზრდება

საქართველოს აჯანყებული რეგიონის, აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ გაანადგურებს აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში”შესულ ნებისმიერ ქართულ გემს. ეს ბაღაფშის ყველაზე სერიოზული მუქარაა.

ბაღაფშის საპასუხოდ თბილისმა განაცხადა, რომ მის გემებზე თავდასხმის შემთხვევაში პასუხისმგებლობას რუსეთს დააკისრებს, რომელიც აფხაზეთის საზღვრებს და საზღვაო აკვატორიას აკონტროლებს. "აფხაზეთის ფლოტი არ არსებობს, - თქვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა შოთა უტიაშვილმა, - არ არსებობს აფხაზეთის ტერიტორიული წყლები, რადგან ეს წყლები საქართველოს ეკუთვნის. თუ ქართულ გემებს თავს დაესხმებიან, პასუხს რუსეთი აგებს და არა სეპარატისტული მთავრობა". საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, 2 სექტემბერს, მთავრობის სხდომის წინ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბაღაფშის განცხადებებს საკადრის პასუხს სხვა ოფიციალური პირები გასცემდნენ. "გენერალური პროკურორის ოფისი, შინაგან საქმეთა სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო (საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაცვლად) გააკეთებენ კომენტარს ბაღაფშის განცხადებებზე. დამნაშავის ადგილი ციხეშია, (იგი) აუცილებლად მოხვდება საქართველოს ციხეში", - განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველო აუცილებლად მიმართავს ნატოს საბჭოს, გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს.

რუსეთის სასაზღვრო ძალების უფროსის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ევგენი ინჩინმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ მისი ძალები აფხაზეთის წყლებში შემავალი სავაჭრო გემების უსაფრთხოების გარანტორები არიან, მაგრამ როგორ, არ დაუკონკრეტებია. ამ საფრთხეს, თითქოს დაძაბულობის ერთგვარი განმუხტვის მცდელობა მოჰყვა, როდესაც ბაღაფშმა განაცხადა, რომ აჯანყებულ რეგიონს საკუთარი ფლოტი ჰყავს და იმ ქართულ გემებზე თავდასხმისთვის, რომლებიც მის “ტერიტორიულ წყლებს”დაარღვევენ, რუსულ გემებს არ მოიხმობდა. თუმცა, არ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ მოსკოვს შეუძლია და შესაძლოა, მზადაა კიდეც - ჩაერიოს, რაც  ბლოკადის დარღვევას შეიარაღებულ ინციდენტში გადაზრდის. დღეს სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთიც რუსეთის ვასალი სახელმწიფოები არიან, თუმცა თბილისს და დასავლეთსაც იურიდიულად ისინი საქართველოს ტერიტორიის შემადგენელ ნაწილებად მიაჩნიათ. საფრთხე ახლა იმაში მდგომარეობს, რომ ფაქტობრივად  ნებისმიერ ნაპერწკალს შეიძლება საომარი მოქმედებების განახლება მოჰყვეს, რადგან მტრული განწყობები საკმაოდ მაღალია. ბოლო დღეებში მოსკოვიდანაც და თბილისიდანაც საბრძოლო განწყობის სიგნალები მოდის...