მაფიოზური პროტექციონიზმის დასასრული? - კვირის პალიტრა

მაფიოზური პროტექციონიზმის დასასრული?

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ცდილობს შექმნას სიცოცხლისუნარიანი და სანდო სამართლებრივი ინფრასტრუქტურა. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგაც კი 1991-დან 1997-წლამდე ქართველი საზოგადოება საბჭოთა მოდელით იმართებოდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრ მოქალაქეს არ სჯეროდა, თუ სახელმწიფო შეძლებდა კანონის დაცვას. შედეგად - "კანონიერი ქურდების" სისტემა განმტკიცდა. ეს ერთგვარი მაფიოზების მსგავსი "კანონიერი ქურდები" მოქალაქეებს დაცვას სთავაზობდნენ და ბევრი ქართველის პატივისცემა, მოწონება და ნდობა მოიპოვეს. ზოგიერთმა ეს ნდობა დღემდე შეინარჩუნა. თუმცა, მიმდინარე საკანონმდებლო აქტებით მათი გამორჩეული მდგომარეობა შეირყა.

ქართველ საზოგადოებაში "კანონიერი ქურდების" სისტემის თანდათანობითი დაღმასვლა და ახალ კანონმდებლობაზე გადასვლა ცხადყოფს როგორც მთავრობის გაძლიერებას, ასევე იმ განცდის განმტკიცებას, რომ მთავრობას საკუთარი მოქალაქეების დაცვა შეუძლია. მაგალითად, როგორც საქართველოს სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის კოდექსების თავდაპირველ ვერსიებში ბევრი ცვლილება შევიდა.

საქართველოს დღევანდელი სამართალწარმოების სისტემა დიდწილად გერმანულ საგამოძიებო მოდელს ჰგავს, რომელშიც მოსამართლეს მოწმის დაკითხვის პროცესში ჩარევის უფლება აქვს. რეფორმის შემდეგ, საქართველო ისეთი მოდელის ჩამოყალიბებას იმედოვნებს, რომელიც შეერთებული შტატების შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებული სისტემის მსგავსი იქნება, სადაც მოსამართლის უფლებები ბევრად შეზღუდულია. ასეთ სასამართლოში მოსამართლის მიზანია, პროცესმა კარგად ჩაიაროს და მას უფრო არბიტრის ფუნქცია აქვს, ვიდრე ბრალმდებლისა.

ახალი მოდელის თანახმად, ქართულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სისტემაც ამოქმედდება.

2010 წლის პირველი ოქტომბრიდან, პირველი სასამართლო პროცესები ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით თბილისში გაიმართება. თავდაპირველად, ასეთი მოდელის ფარგლებში სასამართლო შეეცდება მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობათა საქმეები განიხილოს.

ორი წლის შემდეგ, ნაფიც მსაჯულთა სისტემა საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში, ქუთაისშიც ამოქმედდება. გაიზრდება ასევე ამ მოდელის მიერ განსახილველ საქმეთა სპექტრიც, კერძოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს ძლიერი ემოციური ზემოქმედების დროს ჩადენილი მკვლელობების (ამერიკაში - არაგანზრახ მკვლელობის სახელით ცნობილი დანაშაული) და ძალადობის საქმეებს.

ამ გარდაქმნის განხორციელებაში საქართველოს უამრავი საერთაშორისო ადმინისტრაციული ორგანო ეხმარება, მათ შორის დიდი ბრიტანეთის საელჩო, კანონის უზენაესობის  საკითხებში - ნორვეგიის მრჩეველთა მისია საქართველოში, ევროკავშირის მისია საქართველოში და ამერიკელ იურისტთა ასოციაციის (ABA) სამართლებრივი ინიციატივა.