კავკასიური მაფია ლაჟვარდოვან სანაპიროზე მკვიდრდება - კვირის პალიტრა

კავკასიური მაფია ლაჟვარდოვან სანაპიროზე მკვიდრდება

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დანაშაულებრივი ქსელები საფრანგეთის ხელისუფლებას სულ უფრო მეტ საფიქრალს უჩენს. გასულ კვირას ნიცის კრიმინალურმა პოლიციამ ბანდიტური დაჯგუფების ოცდაათ წლამდე ასაკის ორი ქართველი მეთაური დააკავა. ერთ-ერთი მათგანი ესპანეთში ფულის გათეთრების ცნობილი საქმის მონაწილეა და ექსტრადიციის მოლოდინშია, მეორე კი ეჭვმიტანილია სხვა ქართველი ბანდიტის მკვლელობის ორგანიზებაში. "ეს ფაქტი ნიცაში, ერთ-ერთ სახლში მოხდა, დანაშაული მძაფრსიუჟეტიან ფილმს მოგაგონებთ", - ამბობს გამომძიებელი.

კავკასიური წარმომავლობის (ძირითადად საქართველოდან, ჩეჩნეთიდან და სომხეთიდან) დანაშაულებრივი ქსელი ფართო მასშტაბებს იძენს ნიცის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, რის გამოც პოლიცია განსაკუთრებულ სიფხიზლეს იჩენს. "ეს პრობლემა ახლახან გაჩნდა. ერთი წელი იქნება, რაც ეს ჯგუფები ჩვენს სანაპიროზე გააქტიურდნენ", - აცხადებენ ნიცის პოლიციაში. გასულ ხუთშაბათს კავკასიურმა ბანდამ მეტად გამოიჩინა თავი. ოთხი ჩეჩენისგან შემდგარმა ჯგუფმა სცემა პოლიციელს, რომელიც სიგარეტს ყიდულობდა. "სამოქალაქოტანსაცმლიან პოლიციელს სახეში ურტყეს და შემდეგ, მოსაკლავად განწირული, ორ ავტომანქანას შორის ჩააგდეს", - ჰყვება პოლიციის პროფკავშირების წარმომადგენელი ლორან ლობრი და დასძენს, რომ "ეს უზნეო ადამიანები არანაირ წესებს არ ემორჩილებიან და ხშირად კბილებამდე არიან  შეიარაღებულნი". თუმცა ამ კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი კონსპირაციაა. მარტში ქართული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური ევროპული ოპერაციის შემდეგ, პოლიციამ აღმოაჩინა, რომ დამნაშავეები ყოველთვის კარგად ჩაცმულნი არიან და პოლიციის ყურადღება რომ არ მიიპყრონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ. მაფიის თავკაცებიც კი საკმაოდ მოკრძალებული ცხოვრების წესს მისდევენ. ოპერაცია "იავას" წყალობით, 69 კაცის დაკავება მოხერხდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, გერმანია და შვეიცარია). დაკავებულთაგან ოთხი მეთაურია. გამომძიებლები დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ ქურდობის, იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობის საქმეებს, ფულის გათეთრების ოპერაციებს, ფულის გამოძალვისა და მკვლელობების დაგეგმვის ფაქტებს. გამოძიებამ იმ დაჯგუფებების შემადგენლობა ამხილა, რომლებსაც კანონიერი ქურდები ხელმძღვანელობენ ("კანონიერი ქურდები" - ქართული და რუსული მაფიის თავკაცები). "ეს არის ერთ-ერთი საუკეთესოდ სტრუქტურირებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია ევროპაში, რომელიც თითქმის სამხედრო წესებით იმართება, -“აღნიშნავს კრიმინოლოგი ალენ ბოე, - ჯგუფები ევროპის მრავალ ქვეყანაში არიან გაფანტულნი. თითოეული ჯგუფი რეგიონულ ზედამხედველს ემორჩილება, რომელიც შემოსავლის 10%-ს იღებს. ამ ფულით საერთო სალარო ივსება, საიდანაც შესაბამისი ღონისძიებები ფინანსდება".

ერთ-ერთი გამომძიებლის აზრით, რეალურად ფული ხშირად სხვადასხვა მომგებიან საქმეში, მაგალითად, ნავთობისა და ნარკოტიკების ბიზნესში იდება. მისი თქმით,„საფრთხე  არა მხოლოდ იმ სასტიკ მეთოდებშია, რომელსაც იყენებენ, არამედ ეკონომიკურ ძალაუფლებაში, რომელსაც აღწევენ. ეს კრიმინალური დაჯგუფებები დასავლეთის ქვეყნებში მას შემდეგ გადავიდნენ, რაც მათ ქვეყნებში მათ წინააღმდეგ დიდი წმენდა განხორციელდა.