ექსპერტები ხარვეზებზე მიუთითებენ - კვირის პალიტრა

ექსპერტები ხარვეზებზე მიუთითებენ

საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, მონდომებულია, რაც შეიძლება მალე მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც, ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსის რწმენით, ერთი მიზანი აქვს - გაახანგრძლივოს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დრო მას შემდეგ, რაც 2013 წლის იანვარში მისი პრეზიდენტობის მეორე ვადა ამოიწურება.

გასულ თვეში ათმა ქართულმა ოპოზიციურმა პარტიამ მთელი ოპოზიციური სპექტრიდან ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლებას პროექტის მიღების გადადება 2012 წლამდე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე სთხოვა, მაგრამ სააკაშვილმა ეს მოთხოვნა უარყო.

უთანხმოება ძირითადად პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს შორის კომპეტენციების გადანაწილების გამო წარმოიქმნა. შესწორებების თანახმად, პრემიერ-მინისტრს გადაეცემა იმ უფლებამოსილებათა დიდი წილი, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის ხელშია. თბილისში მიაჩნიათ, რომ ეს სისტემა სააკაშვილს საშუალებას აძლევს, გაიმეოროს ვლადიმირ პუტინის სცენარი” და  დაიტოვოს ძალაუფლება პრემიერ-მინისტრის სტატუსში ისე, როგორც ეს ორი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გააკეთა.

ვახტანგ ხმალაძემ, საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის ერთ-ერთმა ავტორმა, ხაზი გაუსვა შემდგომ დამატებით რისკებს, კერძოდ კი იმას, რომ პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადება მთავრობისადმი ბევრად რთული და გაჭიანურებული პროცედურა იქნება, ვიდრე ეს დღეს არის. პრეზიდენტმა უნდობლობის გამოცხადების პროცესი შეიძლება 131 დღით გააჭიანუროს. თუ ამ დროში მხარდაჭერა იკლებს და მას საპარლამენტო უმრავლესობაზე ნაკლები მიემხრობა, საკანონმდებლო ორგანომ თვითდაშლა უნდა გამოაცხადოს.

ხმალაძემ შეშფოთება გამოხატა იმიტომაც, რომ უქმდება "ორგანული კანონის" კონცეპტი, რომელიც მოითხოვს ხმების 3/5-ს ან 2/3-ს კანონის დასამტკიცებლად. ახლა ნებისმიერი კანონი შეიძლება მიღებული იქნეს მხოლოდ 51 ხმით (დეპუტატების ერთი მესამედი პლუს ერთი ხმა). "ამ თვალსაზრისით, - ამტკიცებს ხმალაძე, - ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში აზრს დაკარგავს".

იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის, კაბინეტის ხელმძღვანელის, ხელში თავს მოიყრის ექსკლუზიური ძალაუფლება, ხოლო მინისტრები უბრალოდ "ასისტენტების საბჭოდ" იქცევიან. პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, მთავარი ბენეფიციარი და პრემიერ-მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი გახდება, სააკაშვილის შემდეგ ყველაზე ძლევამოსილი კაცი საქართველოში.