ატლასი დამოუკიდებელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე - კვირის პალიტრა

ატლასი დამოუკიდებელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე

"რეგნუმი", რუსეთი

რუსეთში ახალი სასწავლო წლის დასაწყისში გასაყიდად გამოვიდა "მსოფლიოს დიდი უნივერსალური ატლასის" ახალი ტირაჟი (დასაბეჭდად ხელმოწერილია 2010 წლის იანვარში), რომელიც გამოსცა რუსეთის უდიდესმა გამომცემლობამ, "ოლმა მედია გრუპმა". ატლასის ანონსირებისას გამომცემლობა წერდა: "ატლასი განკუთვნილია გეოგრაფიით გატაცებული მოსწავლეებისთვის, იმედია, ის აუცილებლად დაეხმარება მათ გაკვეთილების მომზადებაში".

ატლასის რუკები შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა "ნაციონალურმა კარტოგრაფიულმა კორპორაციამ" (მისი პროდუქციის დამკვეთთა შორის არიან: რფ-ის ფე-ეს-ბე, "ლუკოილი", ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვა).

"ოლმა მედია გრუპი" რუსეთის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სთავაზობს გამოცემას, სადაც რუსეთის მიერ ორი წლის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკეულ სახელმწიფოთა სარჩევშიც არ არის შეყვანილი. გამოდის, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიის ნაწილებია. აღსანიშნავია, რომ ამ ატლასში ერთი წლის წინ დსთ-დან გამოსული საქართველო კვლავ დსთ-ის წევრად მოიხსენიება. საქართველოს შესახებ მოკლე ცნობარში ნათქვამია: "საქართველოში ქართველების გარდა ცხოვრობენ სომხები, ოსები, აფხაზები, აზერბაიჯანელები და რუსები".

საგამომცემლო სახლ "ოლმა მედია გრუპს" თავისი გამოცემების გავრცელების უმსხვილესი ქსელი გააჩნია. სწორედ ამ გამომცემლობამ გამოსცა სახელმწიფო დუმის დეპუტატის ვლადიმირ მედინსკის სკანდალური სერიები რუსულ სისასტიკესა და ლოთობაზე, უქნარობასა და ქურდობაზე, მონურ ბუნებასა და სულელობებზე. ასევე ალექსანდრ ხინშტეინის გამოკვლევები ლუბიანკის საიდუმლოებებსა და ელცინზე.