ცოდნასმოწყურებული საქართველო - კვირის პალიტრა

ცოდნასმოწყურებული საქართველო

"ურალმაშის" ყოფილმა მეპატრონემ და ქართული რეფორმების იდეოლოგმა კახა ბენდუქიძემ ბაზალეთში ანტენების მინდორი შეისყიდა (საბჭოთა ეპოქაში ამ 200 ჰა-ზე უცხოეთის რადიოსადგურების ჩამხშობი მოწყობილობები იყო განლაგებული), ანტენები დათხარა, მათ ადგილას სასწავლო ცენტრი გახსნა და ახლა იქ აცნობს ახალგაზრდებს თავის უსაყვარლეს ლიბერალურ იდეებს: თავისუფალი ბაზარი და ეკონომიკაში სახელმწიფოსგან მინიმალური ჩარევა.

ბაზალეთის სასწავლო ცენტრი ბენდუქიძის თავისუფალი უნივერსიტეტის ნაწილია. საკუთარი უმაღლესი სასწავლებლისთვის მან საქართველოში საუკეთესო ბიზნესსკოლა და აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტი შეიძინა და ტრაბახობს, - ჩემთან საქართველოს საუკეთესო სტუდენტები სწავლობენო.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობიდან წასვლის შემდეგ ბენდუქიძე საგანმანათლებლო საქმიანობამ გაიტაცა. როგორც თავად აღნიშნავს, სამშობლოში სხვა ბიზნესი არც აქვს. საქართველოში მხოლოდ ვხარჯავ, ფულს კი სხვა ქვეყნებში ვაკეთებო, - ამბობს.

ბენდუქიძემ მართლაც ათიანში გაარტყა. ახლა საქართველოში განათლების ბუმია. პრეზიდენტი სააკაშვილი თავისი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს განათლების რადიკალური რეფორმის გატარებას აპირებს, რომელიც მისი ყველაზე ცნობილი მიღწევის - პოლიციის რეფორმის ანალოგი იქნება.

ახლა შეიძლება განათლების სისტემაშიც იგივე განმეორდეს, რაც პოლიციაში მოხდა - პედაგოგთა გარკვეულ რაოდენობას დაითხოვენ. ეს რეფორმა პოლიციურ რეფორმაზე სახიფათო იქნება, რადგან პოლიციელები არავის უყვარდა, მოხუცი მასწავლებლები კი ყველას უყვარს. თუმცა რეფორმა საგანგებოდ გაჭიანურდება, რათა სააკაშვილს ხელისუფლებაში დარჩენაში ხელი არ შეეშალოს. ახალი სასწავლო წლიდან საქართველოში ბევრი სიახლეა დაგეგმილი.

მაგალითად, ახალი სავალდებულო საგანი გაჩნდება - ხალხური ცეკვები. ეს მიხეილ სააკაშვილის იდეაა, რომელმაც სინანულით აღნიშნა, საკუთარ ქორწილში "ქართული" ვერ ვიცეკვე და ძალიან მრცხვენიაო. "რა არის ამაში სასაცილო? - აღშფოთებულა განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, - სკოლაში მუსიკის გაკვეთილები ხომ არავის უკვირს!"

შაშკინი ქართულ ხელისუფლებაში ერთადერთი ეთნიკური რუსია. თუმცა, ინტერვიუს დროს ყოველ წამს ავიწყდებოდა რუსული სიტყვები და თარჯიმანს სთხოვდა დახმარებას. "როგორც ჩვენი პრეზიდენტი ამბობს, - ჩვენ ნავთობი არ გვაქვს და ჩვენი მთავარი რესურსი ხალხია, ამიტომ საქართველოსთვის განათლების რეფორმა - სტრატეგიულია", - ამბობს მინისტრი. შაშკინის თქმით, რეფორმის პირველი ეტაპი დასრულებულია - "ჩვენ მოვახერხეთ, რომ ახალგაზრდებს სამართლიანობის გრძნობა ჰქონოდათ. მათ უმაღლესში მოხვედრა მხოლოდ საკუთარი ნიჭით შეუძლიათ და არა ქრთამით".

რეფორმის პირველ ეტაპს ოპოზიციაც კი აქებს. "ალიანსი - საქართველოს" ლიდერის ირაკლი ალასანიას აზრით, ეროვნული სახელმწიფო გამოცდების შემოღება წარმატებული ნაბიჯი იყო, მაგრამ განათლების ხარისხი, განსაკუთრებით სკოლებში, გაუარესდა. "მას რეფორმის მეორე ეტაპი აამაღლებს", - ამბობს შაშკინი.

ამ ზაფხულს სკოლის მასწავლებელთა სერტიფიცირება დაიწყო. ის, ვინც გამოცდებს ჩააბარებს, ხელფასი დაახლოებით 100 ლარით მოემატება, დანარჩენებს, ალბათ გაათავისუფლებენ. აღსანიშნავია, რომ მინისტრი სიტყვა "გათავისუფლებას" ერიდება... მთავრობასთან დაახლოებულ წყაროებსაც მიაჩნია, რომ მომენტი ხელიდან არის გაშვებული - მასწავლებლები უნდა გაეთავისუფლებინათ ამ ზაფხულს, როცა მიჩუმებული იყო ოპოზიცია.

ახლა კი პური, ბურღულეული, კარაქი გაძვირდა. ალასანიას აზრით, კი გაზრდილი უმუშევრობა სააკაშვილს დაღუპავს, მისი რეიტინგი დაიმსხვრევა და მაშინ ოპოზიცია შეძლებს საპარლამენტო არჩევნების მოგებას და გააუქმებს პრეზიდენტის ყველაზე ცინცხალ გამოგონებას - საკონსტიტუციო რეფორმას.

"ნიუსვიკი", რუსეთი

(იბეჭდება შემოკლებით)