სააკაშვილი "პატარა გამარჯვებით" კმაყოფილია - კვირის პალიტრა

სააკაშვილი "პატარა გამარჯვებით" კმაყოფილია

გაეროს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიაზე მიღებულ რეზოლუციას, "აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან (საქართველო) ადგილნაცვალი პირების და ლტოლვილების მდგომარეობის შესახებ", მიხეილ სააკაშვილმა "დიდი დიპლომატიის პატარა გამარჯვება" უწოდა.

თბილისში კი ამ დროს ის ქვეყნები "გაფილტრეს", რომლებიც რუსეთის "მონები" არიან, ანუ სახელმწიფოები, რომლებმაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. საქართველოს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ კი არც საგაზეთო არე დაინდვეს, არც საეთერო დრო დაიშურეს და "დამონებულთა" სია ჩამოაწიკწიკეს:

სომხეთი, მიანმა, ნაურუ, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, კუბა, ჩრდილოეთი კორეა, სერბეთი, სოლომონის კუნძულები, შრი-ლანკა, სუდანი, სირია, ლაოსი, ვენესუელა, ვიეტნამი, ზიმბაბვე.

განსაკუთრებული აქცენტი სომხეთზე გააკეთეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ ქვეყნის ერთადერთი სატრანზიტო გზა საქართველოზე გადის. ერევანში ამ წკიპურტს მშვიდად შეხვდნენ. სომხეთი გაეროში პირველად როდი გამოდის საქართველოს რეზოლუციების წინააღმდეგ - ადეკვატურ საპასუხო პოზიციას იჭერს, რადგან საქართველო ყოველთვის ეწინააღმდეგება მთიანი ყარაბაღის საკითხზე მიღებულ რეზოლუციებს - ამის გამო არც მშვიდობა დარღვეულა და კეთილმეზობლობაც გრძელდება.

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, "ჩვენ პატარა გამარჯვებას მივაღწიეთ, მთავარი გამარჯვება წინ არის, ამისთვის დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება, მაგრამ ტერიტორიებს მაინც დავიბრუნებთ". მან ისიც აღნიშნა, რომ რუსეთმა რეზოლუციის დასაბლოკად ძალა არ დაიშურა, მათ შორის არადიპლომატიური - შანტაჟი, ხელების გადაგრეხა, "მაგრამ შედეგი სახეზეა.

რუსეთს მისმა პარტნიორებმაც არ დაუჭირეს მხარი, საქართველომ კი ახალი მომხრეები მოიპოვა". "მოსკოვმა დიდი დიპლომატიური ომი გადაიხადა - პუტინმა მედვედევი აიძულა, ორ-სამჯერ დაერეკა ზოგიერთი ქვეყნის ლიდერისთვის. ეს - რაც მე ვიცი", - დასძინა მან.

დაურეკა თუ არა პუტინმა მედვედევს და რამდენჯერ, მერე მედვედევმა დაურეკა თუ არა პრეზიდენტებს და რამდენს - ეს გამოცანად რჩება. სამაგიეროდ, რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში მიანიშნა, თუ რატომ გამოვიდა საქართველოს რეზოლუციის წინააღმდეგ:

რუსული მხარე მიიჩნევს, რომ ეს რეზოლუცია ტენდენციურია, არაფერი აქვს საერთო იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებზე ზრუნვასთან და იმ მაღალ ჰუმანიტარულ მიზნებთან, რასაც მისი ავტორები ქადაგებენ. პროექტის ავტორები, თავისივე ავანტიურული პოლიტიკის შედეგებიდან გამომდინარე, რეალობას არ ითვალისწინებენ:

რეგიონში უკვე ორი წელია, არსებობს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო - აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი. ადრე თუ გვიან, საქართველოსა და მის მფარველებს ამის გათვალისწინება მოუწევთ", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი