ბათუმის აღორძინება - კვირის პალიტრა

ბათუმის აღორძინება

თურქეთის საზღვრიდან 12 მილით დაშორებულ,  ოდესღაც უფერულ საკურორტო ქალაქში გაცხოველებული მშენებლობაა. სულ ოთხი წლის წინ წყალი და ელექტროენერგია ქალაქს იშვიათად მიეწოდებოდა, მოშლილი იყო საკანალიზაციო სისტემა და ქალაქის ისტორიულ ნაგებობებს ჩამორეცხილი საღებავი ამახინჯებდა.

ეს პრობლემები მოგვარდა, ქალაქმა აღადგინა ათობით ძველი ნაგებობა და ოთხმილიანი მოდური სანაპირო ბულვარის გაფართოებაც დაასრულა. ამ პროექტზე  ინფრასტრუქტურის აღსადგენად მთავრობის მიერ გამოყოფილი 103.9 მლნ დოლარიანი ინვესტიციის ნაწილი დაიხარჯა. გაიხსნა უამრავი მაღალი კლასის რესტორანი, ღამის კლუბი, სამი კაზინო.

ბათუმის აეროპორტი ივნისში ამოქმედდა, სრულდება რეისები ბათუმსა და საქართველოს დედაქალაქ თბილისს შორის, დაგეგმილია რეგიონის სხვა ქალაქების მომსახურებაც. მუშავდება ახალი პროექტები: კიდევ უფრო მეტი სასტუმროს (მათ შორისაა "რედისონი", რომელიც 2012 წელს უნდა დასრულდეს, ხოლო "კემპინსკი" - 2015-ში) ამოქმედება, ისტორიული უბნების აღდგენა და ეკო-ტურიზმის განვითარება. კერძო ინვესტორები თურქეთამდე გადაჭიმული სანაპიროსთვის ოქროს ქვიშის შემოტანასაც კი გეგმავენ.

1890 წლის ნავთობის ბუმის შემდეგ, როდესაც ისეთმა სამრეწველო მაგნატებმა, როგორებიც იყვნენ ბარონი ალფონს დე როტშილდი და შვედი ძმები ნობელები, ბათუმი კეთილდღეობის სივრცედ აქციეს, ქალაქში, რომელშიც 120000 მცხოვრებია, ასეთი საქმიანი მაჯისცემა არასდროს ყოფილა. რუსეთის იმპერიის მმართველობისას წარმატებული პორტი მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ნავთობსადენის სამშობლო იყო.

მერე კი კომუნისტური წყობის დაცემის წლები დაიწყო, ხოლო 2003 წელს საქართველოში დემოკრატიული "ვარდების რევოლუცია" მოხდა, რასაც თან მოჰყვა საყოველთაო ეკონომიკური რეფორმები და უცხოური კაპიტალის შემოდინება. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, 2004-2009 წლებში ტურიზმში ჩადებული კერძო ინვესტიციები მთლიანად 311 მლნ დოლარს გაუტოლდა.

აღმავლობის მაჩვენებელია  20 რესტორანი და 10 ღამის კლუბი, რომლებიც ბათუმში ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიხსნა და  ღამის ცხოვრება ააღორძინა. მათ  სათავეში უცხოეთში ნაცხოვრები ახალგაზრდა ქართველები უდგანან. კაფეებით გაჭედილ ძველ ბულვარზე უზარმაზარი "ეშმაკის ბორბალია" აღმართული, რომელიც აქ 2007 წელს დააყენეს,  ხოლო მოცეკვავე შადრევანი მისი ცენტრალური ნაწილია.

შადრევნის ფერადი ჭავლი ტექნოსა და კან-კანის ჰანგებზე დახტის და საღამოობით მთელ ბათუმს იზიდავს. აქ უკრაინელ მილიონერს უბრალო იტალიელი ტურისტის გვერდით შეხვდებით. მაგრამ ბათუმს უნდა, რომ მისი მიმზიდველობა მხოლოდ  პლაჟით არ შემოიფარგლოს. ქალაქის ჩრდილოეთით, 5.5 მილის სიმაღლის მთაზე გაშლილ, მსოფლიოში სიდიდით მეორე ბოტანიკურ ბაღში 5000 სახეობის მცენარე ხარობს, მათ შორის 100 ჯიშის ვარდი. თქვენ შეგიძლიათ მოწყვიტოთ მანდარინი ციტრუსების ჭალაში.

"ამ ცვლილებების წყალობით ჩვენ უკვე გვყავს ტურისტები ისრაელიდან, კანადიდან და შვეიცარიიდან, - ამბობს ეკა გოგიბერიძე, 4 წლის წინათ გახსნილი სასტუმროს "რჩეული ვილას"  მენეჯერი, - ისინი არ მიდიან პლაჟზე, მათ ბუნება და ძველი ბათუმი აინტერესებთ".

ძველ ბათუმში პორტიდან გამომავალი ქუჩების ქსელი ჯერ კიდევ შენდება. გზის მშენებლობა ამ თვეში დასრულდება, ხოლო ძველი ბათუმის აღდგენა - 2011 წლის ბოლოსთვის.

ბევრი ასაკოვანი ბათუმელი ბუზღუნებს ბათუმის ახალი სიკაშკაშის გამო, მაგრამ ახალგაზრდებს ეს იმედისმომცემად მიაჩნიათ. "ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები და ტურისტები, რათა ქალაქს სიცოცხლე შთავბეროთ, - ამბობს ხათუნა გოგიშვილი, რომელიც ახლახან დაბრუნდა საბერძნეთიდან სწავლის დასრულების შემდეგ, - ბათუმი არ არის მხოლოდ ისტორიის ნაწილი, რომელიც უცვლელად უნდა შევინახოთ".

"ნიუ-იორკ ტაიმსი", აშშ