საქართველოს მთიანეთი მსოფლიოს კარს უღებს - კვირის პალიტრა

საქართველოს მთიანეთი მსოფლიოს კარს უღებს

კავკასიის დათოვლილ მთებში უძველესი კოშკების ირგვლივ თავმოყრილი სოფლები, საუკუნეების განმავლობაში ჩაკეტილი იყო. ახლა საქართველოს ზემო სვანეთის რეგიონი (ევროპაში ერთ-ერთი უმაღლესი და შორეული პუნქტი) გარე სამყაროსთვის საბოლოოდ გაიხსნა.

ზემო სვანეთი, სადაც მხოლოდ 14000 კაცი ცხოვრობს, საქართველოს ანტიკური კულტურის რელიქტია, ცოცხალი მუზეუმი, სადაც ადგილობრივები იმ ენაზე ლაპარაკობენ, რომელიც ქართულს 3000 წლის წინ გამოეყო.

რეგიონულ ცენტრ მესტიამდე მისაღწევად (აქ, ზღვის დონიდან 1500 მ სიმაღლეზე 2500 კაცი ცხოვრობს) ავტომანქანით ნახევარი დღე მოუწყობელი გზით ციცაბო კლდეების გასწვრივ გიწევთ სიარული. დღეს საქართველოს მთავრობა, რომელიც ტურისტების მოზიდვითა და რეგიონის ეკონომიკის განვითარებითაა დაინტერესებული, სვანეთში სატრანსპორტო გზას აუმჯობესებს და გზების რეაბილიტაციისთვის მილიონობით დოლარს (ევროს) ხარჯავს.

40 წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც ზემო სვანეთში ამოსვლა მხოლოდ ბილიკებით შეიძლებოდა და ისიც ზამთარში იკეტებოდა. ამ მოწყვეტილ რეგიონში ამოჰქონდათ შესანახად ქვეყნის კულტურული და რელიგიური საგანძური მტერთა შემოსევების დროს, რომელსაც საქართველო საუკუნეების განმავლობაში უმკლავდებოდა. ზოგიერთ განძთაგანი, მათ შორის 897 წლით დათარიღებული ბიბლია, აქაურ მუზეუმში ინახება.

შიდა დაპირისპირებით გამორჩეული რეგიონის ცნობილი სამარკო ნიშანი ქვის კოშკებია. აქ 250-ზე მეტი კოშკია შემორჩენილი ზოგიერთი მე-9 საუკუნითაც კი თარიღდება. რეგიონი გაეროს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტებში შედის. "მარტო წელს მთავრობა 70 მლნ ლარს (38 მლნ დოლარი/30 მლნ ევრო) ხარჯავს რეგიონის სატრანსპორტო და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობისთვის", - თქვა მესტიის გამგებელმა გოჩა ჭელიძემ.

მესტიის მიდამოებში მუშები ახალ ასაფრენ ბილიკს და აეროპორტს აშენებენ, რომელიც მზად 1-ელი დეკემბრისთვის იქნება. დაგეგმილია რეგულარული რეისების დანიშვნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის დედაქალაქიდან. წელს აპირებენ სვანეთის გზის რეკონსტრუქციის დასრულებას. გზის ნაწილი უკვე დაფარულია ბეტონის ფილებით. გოჩა ჭელიძის თქმით, მთავრობა ცდილობს, საქართველოს ამ ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონს პირობები გაუუმჯობესოს.

ამას მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილები და კეთილდღეობა მოაქვს. მაგრამ მთავრობის პროექტებს გარკვეული წინააღმდეგობაც მოჰყვა, რამდენჯერმე ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის ადგილი ჰქონდა შეტაკებას. ზოგიერთი მესტიელი ამბობს, რომ მთავრობა ცვლილებებს ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციის გარეშე ახორციელებს და ინფრასტრუქტურულ პროექტებში ადგილობრივ კომპანიებსა და მუშებს არ ასაქმებს.

მიწის საკუთრების საკითხებმა ასევე წარმოშვა პრობლემები, რომელიც წარსულში რეგიონის ოჯახებს შორის არაოფიციალურად მოგვარებული იყო. ივლისში, გამოძალვის ბრალდებით დაკავებული ოთხი კაცის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო გამოსვლის დროს მომხდარი მცირე შეტაკებისას რამდენიმე მოსახლე და პოლიციელი დაშავდა. ეს ოთხი კაცი შეეცადა, უცხოელი ინვესტორისთვის იმ მიწის მიყიდვას, რომელიც თაობების განმავლობაში მათ ოჯახს ეკუთვნოდა, თუმცა კანონით საკუთრება რეგისტრირებული არ იყო.

"სვანეთის განვითარება კარგია, მაგრამ უამრავ რამეს არასწორად აკეთებენ, - ამბობს 61 წლის მესტიელი პენსიონერი თემურ ნაკანი, - ისინი გულს სტკენენ ფერმერებს მიწების წართმევით და ადგილობრივ მოსახლეობას არ ასაქმებენ, კომპანიები მუშებს სვანეთის გარეთ ქირაობენ".

ზოგიერთი იმასაც შიშობს, რომ სვანეთის იზოლაციის დასასრულმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას რეგიონის უნიკალურ კულტურას, მაგრამ მოსახლეები და მოხელეები ამბობენ, რომ სვანეთის თავისთავადობა საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ასიმილაციას გაუმკლავდეს. გოჩა ჭელიძის თქმით, რეგიონის განვითარება შეცვლის ბოლო წლების ემიგრაციულ ტენდენციას. "ეს ბევრს გადააფიქრებინებს რეგიონის დატოვებას და ხალხს სვანეთში დააბრუნებს, - თქვა მან, - ჩვენ კი არ ვანგრევთ სვანეთის კულტურას, არამედ ვინარჩუნებთ მას".

"ინდეპენდენტი", დიდი ბრიტანეთი