სააკაშვილმა რუსეთის ხელისუფლება ამხილა - კვირის პალიტრა

სააკაშვილმა რუსეთის ხელისუფლება ამხილა

ამონარიდი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამერიკული ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუდან.

წამყვანი: - ჩვენი გადაცემის სტუმარია საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ბატონო პრეზიდენტო, ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ხართ.

მიხეილ სააკაშვილი: - მეც მსიამოვნებს, რომ ისევ აღმოვჩნდი თქვენს შოუში. აქ თავს თითქმის შინაურად ვგრძნობ.

- სასიამოვნოა, რომ ჩვენთვის დრო გამონახეთ. გარკვეული შიში გამოითქვა იმის გამო, რომ პრეზიდენტი ობამა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებს გამოთქვამს. როგორ ფიქრობთ, ამ პრობლემასთან დაკავშირებით მას სერიოზული და თანამიმდევრული პოზიცია აქვს?

- ჩვენი ჯარი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში იმყოფება, დიდი წვლილი შეგვაქვს ამ ოპერაციაში, ზოგიერთი მოკავშირის მსგავსად, პროტესტს არ გამოვთქვამთ. მიგვაჩნია, ავღანეთის ოპერაცია ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი.

- თქვენ ხომ გქონდათ საქმე რუსეთთან. იცით, რომ შეიძლება ვითარება გართულდეს. რუსეთს პრობლემა აქვს ავღანეთში, სხვა ქვეყნებსაც, აშშ-საც.

- რუსეთი იქ მოგონილი საბაბით აღმოჩნდა. სწორედ იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც დღეს ოკუპირებული აქვს ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20%. რუსეთს სურდა ავღანეთის დამორჩილება. ჩვენ, განსაკუთრებით აშშ-ს, სხვა ქვეყნებს გვჯერა, რომ ავღანეთში შეიძლება მშვიდობის დამყარება და მის მოქალაქეებს კარგი მომავალი აქვთ. მჯერა, რომ ამერიკელების მისია და მთელი ოპერაცია წარმატებულად დასრულდება. ვფიქრობთ, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში უკან არ უნდა დავიხიოთ.

- ბატონო პრეზიდენტო, თქვენ პირადი უთანხმოება გქონდათ ვლადიმირ პუტინთან, იმასაც ამბობდნენ, რომ ამბოხის დროს ის თქვენს მოკვლასაც შეეცადა. მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა, მაგრამ თქვენ მას კვლავ ოკუპანტს უწოდებთ. როგორ გგონიათ, რუსეთის სადავეები ისევ მის ხელშია?

- ისინი რომ ოკუპანტები არიან, ამას მარტო მე არ ვამბობ. ამერიკის ოფიციალური პოზიციის თანახმად რუსებს უკანონოდ უჭირავთ საქართველოს რეგიონი. ასეთია უცხოეთის ბევრი ქვეყნის მთავრობის ოფიციალური აზრიც.

- ფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის უკან პუტინი დგას?

- ეს პუტინის მხოლოდ ინიციატივა კი არ არის, ის ძალიან ამაყობს კიდეც თავისი ნამოქმედარით. გასაკვირი არაფერია. ის საკუთარი მოქალაქეების მიმართაც სასტიკია.

- ბატონო პრეზიდენტო, მინდა გკითხოთ ფინანსურ პრობლემებზე, რაზეც ამჟამად მსჯელობენ გაეროში. გენერალური ასამბლეისადმი მიმართვაში თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად აუცილებელია გარკვეული სახის მსოფლიო გადასახადის შემოღება. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

- მე ხომ არაეფექტიანი სოციალ-პოლიტიკური სტრუქტურის მქონე ქვეყნიდან ვარ, მახსოვს სიღარიბესთან ბრძოლის ჩვენი პროგრამები, როცა ჩემი წინამორბედი მთავრობები დახმარების სახით მიღებული უზარმაზარი თანხებით ჯიბეს ისქელებდნენ.

მათ ფულს მშენებლობისთვის აძლევდნენ, ისინი კი საკუთარ შვილებს საზღვარგარეთ სასწავლებლად გზავნიდნენ. მე აქ მივარდნილ გარეუბანში, ასტორიაში ვცხოვრობდი, ისინი კი ძვირფას აპარტამენტებში.  მე ამერიკაში ამ ქვეყნის სტიპენდიით ვსწავლობდი, მათი შვილები კი დედ-მამის ხარჯზე.

- საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ქალაქის გარეუბანში, ასტორიაში ცხოვრობდა?

- დიახ, ერთხანს... მომწონდა - ძალიან რომანტიკული იყო.

- მაგარია! გასართობად სად დადიოდით?

- საქმიან რაიონში და, რა თქმა უნდა, კოლუმბუსის საცხოვრებელ კვარტალებში. თითქმის ნიუ-იორკელი ვარ - აქ თავს შინაურად ვგრძნობ.

ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ დახმარება, რესურსები, საჭიროა, მაგრამ სრულიად გამჭვირვალე უნდა იყოს, რაზე დაიხარჯება ეს ფული. საქმე ადგილობრივ ხელმძღვანელობას ეხება და არა - საერთაშორისოს... საქართველოში თითქმის მთელი პოლიციის დათხოვნამ მოგვიწია.

ვიდრე პრეზიდენტი გავხდებოდი, მოსახლეობის 98% გამოკითხვაში ამბობდა, რომ გამუდმებით უხდებოდა კორუფციასთან შეჯახება. ახლა კი მხოლოდ ნახევარ პროცენტზე ნაკლები ფიქრობს ასე. ადრე ბიზნესის საკითხში 107-ე ადგილზე ვიყავით, ახლა ერთ-ერთ პირველზე ვართ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ აუცილებელია შიდა რეფორმა, რეფორმატორების მხარდაჭერა. აღმოფხვერით კორუფცია და ყველაფერი კარგად იქნება.

- გასაგებია, ბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ.

"ფოქსნიუსი", აშშ