ირანი მეგობრობას სთავაზობს... - კვირის პალიტრა

ირანი მეგობრობას სთავაზობს...

ამ ზაფხულს ვიზიტით მყოფმა ირანის ოფიციალურმა პირებმა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ორმხრივ ეკონომიკურ პროექტებში დაგეგმილი ინვესტიციებისა და მეგობრული ურთიერთობების შესახებ განაცხადეს, მათ შორის ირანში სამოგზაუროდ აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებასა და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო ტერიტორიულ დავაში შუამავლის როლის შესრულების თაობაზე.

ახლახან თეირანმა ასევე განაცხადა, რომ ის თბილისთან ერთად ახალ ქართულ ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს. ირანი ცდილობს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საქმეში, რათა ყველა დაარწმუნოს თავისი, როგორც რეგიონული მოთამაშის, როლის ლეგიტიმურობასა და ავტორიტეტში.

ირანს სურს, თავის ჩრდილოეთ საზღვრებთან არ დაუშვას სხვა ქვეყნების, კერძოდ კი აშშ-ის მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობა. სამხრეთ კავკასიაში ამერიკის სამხედრო ბაზების გაჩენა მისთვის კატასტროფა იქნებოდა. ირანის აზრით, ამის თავიდან აცილების გზა საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ალიანსის განმტკიცებაა.

რუსულ-ქართული დაძაბული ურთიერთობების ფონზე ირანის ელჩი საქართველოში მაჯიდ საბერი აქტიურად მუშაობს თეირანის თბილისის ერთადერთ სანდო მეგობრად და მოკავშირედ წარმოსაჩენად.

ირანმა ახლახან აზერბაიჯანში განაახლა მოწოდებები იმის თაობაზე, რომ რეგიონული პრობლემები (როგორებიცაა, კასპიის ზღვის ენერგეტიკული რესურსების დემარკაცია და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი) რეგიონულმა და არა საერთაშორისო აქტორებმა უნდა გადაწყვიტონ, თუმცა ამ შემთხვევაში ირანის საგარეო პოლიტიკა განპირობებულია იმით, რომ მას ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდი დიასპორა ჰყავს - მოსახლეობის მეოთხედი. თეირანს მათი სეპარატისტული ჯანყისა ეშინია.

აშშ ყურადღებით აკვირდება ირანის გავლენის ზრდას რეგიონში, თუმცა ჯერჯერობით თავისი მოკავშირეებისთვის თეირანთან ურთიერთობის გაწყვეტა არ მოუთხოვია.

ირანის დიპლომატიურ ფლირტს უპირველესად ერთი საკითხი განსაზღვრავს: ენერგეტიკა. ირანს, რომლის წილიც მსოფლიოს გაზით მომარაგებაში 18%-ია, წლების განმავლობაში უნდოდა, სპარსეთის ყურეში კასპიის ზღვის ნავთობის რესურსების სატრანზიტო მარშრუტი გამხდარიყო. მის ინიციატივებს შორის ასევეა იმ გაზსადენის გაფართოება ჩრდილოეთით, საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისკენ, რომელიც ირანიდან სომხეთისკენ უკვე გაყვანილია.

საქართველომ, რომელიც მთელი ძალით ცდილობს ძვირად ღირებულ და არაპროგნოზირებად რუსულ გაზზე საკუთარი დამოკიდებულების შემცირებას, იდეა მოიწონა; სომხეთისთვისაც, რომელსაც ეკონომიკური კავშირები უკიდურესაც სჭირდება, სატრანზიტო მარშრუტი მომგებიანი იქნება.

"ფორინ პოლისი", აშშ