თბილისი ფიქრობს... - კვირის პალიტრა

თბილისი ფიქრობს...

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მართვის სტილში ყოველთვის იყო შოუს ელემენტები. ახლა საქართველოს პრეზიდენტი გართობისა და პოლიტიკის მთლიან შერწყმას უწევს ლობირებას, რადგან საქართველოში ტურიზმის რეკლამირება უნდა.

საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-ის საკაბელო ტელევიზიის პოპულარულ არხ MTV-სთან დაკავშირებულ ორგანიზაციასთან შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმში ყოველწლიური როკფესტივალების გამართვის თაობაზე. თუ შეთანხმება შედგა, როკკონცერტი ზუსტად მოერგება თბილისის მიდრეკილებას - გამოიყენოს მუსიკა სახელმწიფო პოლიტიკის რეკლამირებისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიზანი ტურიზმის მხარდაჭერა იქნება.

საქართველოს ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ გაიმეორებენ MTV-ის მალტის ფესტივალის წარმატებას. ფესტივალის დაფუძნების შემდეგ მალტას ყოველწლიურად დამატებით ათობით ათასი ტურისტი გაუჩნდა. მალტის ტურისტული ხელმძღვანელობის განცხადებით, ზაფხულში გამართულ უფასო შოუს, რომელშიც  Kid Rock-ი,  Kelis-ი და სხვა საერთაშორისო მასშტაბის მუსიკოსები მონაწილეობდნენ, 50 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

ბოლო წლებში სააკაშვილის ადმინისტრაციამ არაერთხელ მიმართა ადგილობრივ და საერთაშორისო მუსიკალურ ძალებს თავისი მთავრობის პოლიტიკის მხარდასაჭერად და ტურისტების ყურადღების მისაქცევად.

აგვისტოს ბოლოს სააკაშვილმა მთავრობის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ 2013 წლიდან ყოველწლიურად უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ ადგილობრივ მცხოვრებთა რიცხვს უნდა გადააჭარბოს. "თუ გულმოდგინედ ვიშრომებთ, ჩვენ 10 მლნ ტურისტი გვესტუმრება", - განაცხადა მან.

გასულ ზაფხულს ბათუმმა უამრავ კონცერტს უმასპინძლა, რადგან სააკაშვილი და მისი მთავრობა  ცდილობს რეკლამირება გაუწიოს ტურიზმს შავი ზღვის სანაპიროზე.

ამ კონცერტებზე სხვადასხვა კატეგორიის მუსიკოსები უკრავდნენ, სრულიად უცნობები და ოდესღაც პოპულარულები: ბალადების შემსრულებელი ანგლო-ირლანდიელი კრის დე ბურგი, რომლის სიმღერა Lady in Red-ი1986 წელს დიდი ბრიტანეთის ჩარტებში პირველ ადგილზე გავიდა, ალბათ ყველაზე ცნობილი იყო მათ შორის, ვინც ბათუმში დაუკრა.

"ევრაზიანეტი"