დონალდ ტრამპმა მზერა საქართველოს მიაპყრო - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპმა მზერა საქართველოს მიაპყრო

ამერიკელ სამშენებლო მაგნატს დონალდ ტრამპს განზრახული აქვს, საქართველოში დაიწყოს მშენებლობა. მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, კომპანია silk road Group-თან ერთად თბილისში საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით.

EURASIANET.ORG-თან სატელეფონო ინტერვიუში ტრამპის მრჩეველმა მაიკლ კოენმა უარი თქვა ინვესტიციის თანხის დასახელებაზე, არც ის უთქვამს, თუ რა ხასიათის იქნება დაფინანსება, ან რა სიდიდის შენობაზეა ლაპარაკი. თუმცა "პირადად მიულოცა" პრეზიდენტ სააკაშვილსა და კომპანია silk road Group-ს, რომ მათ საქმიან პარტნიორად სწორედ დონალდ ტრამპი აირჩიეს. "თუ მაიკლ ჯექსონი პოპ-მუსიკის მეფეა, დონალდ ტრამპი არის მეფე ქონების სამყაროში, - თქვა TRUMPORGANIZATION-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ კოენმა.

ერთი შეხედვით თბილისი, სადაც 1,1 მლნ კაცი ცხოვრობს, ნიუ-იორკსა და ლას-ვეგასთან შედარებით უძრავი ქონების მეფისთვის შეიძლება მოულოდნელ არჩევანად მოგეჩვენოს. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ბუმი, თბილისში ბოლო დროს ნელ-ნელა განელდა, საქართველოში კი ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი წელიწადში 4.400 დოლარია, ამიერკავკასიის ქვეყნებში ყველაზე დაბალი და ბევრად ნაკლები - დონალდ ტრამპის ტიპური კლიენტების შემოსავალზე.

თუმცა კოენი ირწმუნება, რომ "საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში, არის ხალხი, ვისაც ესმის, რომ სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია".

სააკაშვილი ძალისხმევას არ იშურებდა, რომ ეს გარიგება შემდგარიყო. მოსამზადებელ ეტაპზე მან ორჯერ ინახულა ტრამპი თავის ნიუ-იორკის შტაბბინაში: პრეზიდენტის საქციელი სავსებით გასაგებია, საქართველოში მომხდარი უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით. ბოლო ორ წელიწადში უცხოურმა ინვესტიციებმა ქვეყანაში მნიშვნელოვნად იკლო. 2009 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 58%-ით შემცირდა, მიმდინარე წელს კი უცხოური ინვესტიციების მოცულობა - 272 მლნ დოლარი, შარშანდელზე 6%-ით ნაკლებია.

დონალდ ტრამპთან დადებული გარიგებით კმაყოფილი საქართველოს ხელისუფლება აპირებს განავითაროს თავისი ინიციატივა ტურისტულ სექტორში ინვესტიციების სტიმულირებისათვის.

"ეურაზიანეტი", აშშ