სააკაშვილი ჩრდილოეთ კავკასიის მხარდაჭერას ეძებს - კვირის პალიტრა

სააკაშვილი ჩრდილოეთ კავკასიის მხარდაჭერას ეძებს

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი (მეცამეტე) რაუნდის წინ სააკაშვილმა დაიწყო კავკასიური "ერთობის" პოლიტიკის რეალიზება, რომელიც სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეას წარუდგინა.

ამ პოლიტიკის თანახმად, ჩრდილოეთი კავკასია (რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შედის) და სამხრეთი კავკასია (სადაც საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და სამი სეპარატისტული ავტონომია, მათ შორის მთიანი ყარაბაღი მდებარეობს) ერთი ორგანიზმია ("თავისუფალი, სტაბილური და ერთიანი"), სადაც თბილისს ცენტრის და მისაბაძი მოდელის ფუნქცია აქვს.

"არ არსებობს არც ჩრდილოეთი და არც სამხრეთი კავკასია, არსებობს მხოლოდ ერთი კავკასია, რომელიც ევროპას ეკუთვნის და რომელიც ერთ მშვენიერ დღეს, საქართველოს გზის კვალდაკვალ თავისუფალი ხალხების ევროპულ ოჯახს შეუერთდება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ-იორკში.

სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, 13 ოქტომბრიდან ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გასამგზავრებლად ვიზები აღარ დასჭირდებათ. ამ განკარგულების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სადაც ძირძველი მოსახლეობა ცხოვრობს (ეთნოკულტურული ჯგუფები, რომლებიც ძირითადად მუსლიმანებისგან შედგება და რომლებიც ამ მიწებზე რუსეთთან შეერთებამდე ცხოვრობდნენ).

კერძოდ, საუბარია დაღესტანზე, ჩეჩნეთზე, ჩრდილოეთ ოსეთზე, ყაბარდო-ბალყარეთზე, ყარაჩაეთ-ჩერქეზეთსა და ადიღეზე. იმავდროულად, ეს უვიზო რეჟიმი არ ვრცელდება არც კრასნოდარის და არც სტავროპოლის მხარეების მოსახლეობაზე. ეს მხარეებიც კავკასიის ნაწილია და უმეტესად რუსებითაა დასახლებული. ადიღე, რომელზეც უვიზო რეჟიმი ვრცელდება, კრასნოდარის მხარეში შედის და ადმინისტრაციულად მას ექვემდებარება. მისი მოსახლეობა ჩერქეზების შთამომავლები არიან.

სააკაშვილის გადაწყვეტილება ზემოხსენებული რესპუბლიკების  მცხოვრებლებს საქართველოს ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში ყოფნის შესაძლებლობას აძლევს. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებას რუსეთის ხელისუფლების მწვავე რეაქცია მოჰყვა. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამ ნაბიჯს "პროპაგანდისტული" უწოდა. საქართველოს ინიციატივამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებას.

თბილისი ყველანაირად მხარს უჭერს ადიღეში დაწყებულ მოძრაობას, რომელიც გამოდის ინიციატივით, ჩერქეზების ბედი გენოციდად შეფასდეს: ჩერქეზები 1864 წელს რუსეთის მიერ მათი მიწების დაპყრობის შემდეგ იძულებული გახდნენ, სამშობლო დაეტოვებინათ.

"ელ პაისი", ესპანეთი