რუსეთს საქართველოდან მესაზღვრეები გაჰყავს - კვირის პალიტრა

რუსეთს საქართველოდან მესაზღვრეები გაჰყავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რფ-ის ხელისუფლებამ საქართველოს სადავო ტერიტორიაზე მდებარე სოფ. პერევიდან მესაზღვრეების გაყვანა გადაწყვიტა. მისი თქმით, ეს 2008 წელსაც იყო გადაწყვეტილი.

"მაგრამ იქ მაშინვე შეიჭრნენ ქართველი სპეცრაზმელები, საქართველოს პრეზიდენტმა კი მომხდარს ქართული იარაღის უდიდესი გამარჯვება უწოდა, ამიტომ ჩვენი მესაზღვრეები პერევში დაბრუნდნენ. მას შემდეგ ჩვენს მესაზღვრეებს მშვიდობიანი გამოსვლისთვის ვამზადებთ. შესაძლოა, ეს ძალიან მალე მოხდეს", - განმარტა მან. კარასინმა თქვა, რომ დიდი იმედი აქვთ ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფისა, რომელმაც დადებითად უნდა იმოქმედოს ქართულ მხარეზე.

ამ განცხადების გაკეთებამდე რუსეთის ჯარების საქართველოდან და სოფელ პერევიდან გაყვანის შესახებ საკითხი ქართულმა მხარემ წამოჭრა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ბოლო მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა: "ორი წელი გავიდა ომის დამთავრებიდან, მაგრამ ჩვენ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწიეთ პრინციპული საკითხების გადაწყვეტაში და ჟენევის პროცესის ჩარჩოებში მხოლოდ კეთილი განზრახვებით ვკმაყოფილდებით".

ამავე სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი სერგო კაპანაძე კი დასძენს, - რუსეთი დიდი ხანია გვპირდება პერევიდან ჯარების გაყვანას, მაგრამ დანაპირებს არ ასრულებს. ვიმედოვნებთ, რომ ახლა მაინც გაიყვანენ ჯარებს პერევიდან და თავის ბლოკპოსტებს მის გარეთ გაიტანენო.

ბოლო ორი წელია, ჟენევის მოლაპარაკებებზე ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულება საჯილდაო ქვად რჩება. რუსეთის მოთხოვნით, საქართველომ ხელშეკრულება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უნდა დადოს. საქართველო ამაზე უარს ამბობს, რადგან სოხუმსა და ცხინვალს კონფლიქტის დამოუკიდებელ მხარეებად არ ცნობს და ალბათ თბილისი თავის პოზიციას არ შეცვლის.

ხელშეკრულების იდეის ჩავარდნა იმდენად ნათელია, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტიანად და უპერსპექტივოდ შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ მხარეები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ შეხვედრები ჟენევაში აუცილებელია, რადგან ეს ერთადერთი ფორმატია, სადაც რუსეთს და საქართველოს დალაპარაკება მაინც შეუძლიათ.

"კომერსანტი", რუსეთი