საქართველო ჩინეთ-ევროპის სატრანზიტო მარშრუტს ხსნის - კვირის პალიტრა

საქართველო ჩინეთ-ევროპის სატრანზიტო მარშრუტს ხსნის

საქართველომ 8 ოქტომბერს თურქეთთან საზღვრის მართვის გამარტივების შეთანხმებას მოაწერა ხელი. მისი მიზანი ჩინეთსა და ევროპას შორის საქონლის ტრანსპორტირებისთვის თავისი, როგორც სატრანზიტო დერეფნის, მიმზიდველობის განმტკიცება და ტურისტთა ნაკადის გაზრდაა.

ახალი სისტემის თანახმად, ორ ქვეყანას შორის საზღვრის გადალახვისას საჭირო იქნება მხოლოდ ერთი საბაჟო შემოწმება და მხოლოდ ერთი წყება ორენოვანი დოკუმენტებისა. დღემდე საჭირო იყო შემოწმებისა და დოკუმენტების ორი წყება, რაც პროცესს ხანგრძლივს და დამღლელს ხდიდა.

"ჩვენი გათვლით, ეს საკონტროლო პუნქტებზე გასატარებელ დროს 40%-ით შეამცირებს, - ამბობს კახა ბაინდურაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, რომელმაც სტამბოლში ხელი მოაწერა დოკუმენტს თურქეთის სახელმწიფო მინისტრ ჰაიათ იაზიჩისთან ერთად, - შეთანხმებამ დაადასტურა ორ ქვეყანას შორის არსებული ნდობა და იმეორებს სისტემას, რომელიც მოქმედებს საფრანგეთსა და შვეიცარიას შორის არსებულ საზღვარზე. იდეა ისაა, რომ განმტკიცდეს სატრანსპორტო დერეფანი და ვცადოთ ჩვენ შორის დღემდე არსებული ყველა ბარიერის გაუქმება".

თურქეთი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკური სამსახურის ბოლო მონაცემებით, მან ამა წლის იანვრიდან აგვისტომდე საქართველოდან 151 მლნ დოლარი გაიტანა  და 527 მლნ  დოლარის ღირებულების საქონელი შემოიტანა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თურქეთის პრეზიდენტი თაიფ ერდოღანი მაისში სააკაშვილის საჩვენებელ საინვესტიციო ქალაქ ბათუმში ერთმანეთს შეხვდნენ და სააკაშვილმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობამ სამაგალითო“ დონეს მიაღწია.

"ორი გამშვები პუნქტი, ერთი სარფში, ბათუმიდან დაახლოებით 20 კმ-ის მოშორებით და მეორე - ვალეში უკვე ოპერირებენ. მესამე - კარწახში 2011 წელს ამოქმედდება, - განაცხადა ბაინდურაშვილმა, - ახალი წესები იმოქმედებს არა მხოლოდ საქონლის გადამტან საბარგო მანქანებთან, არამედ ნებისმიერ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელიც გადაკვეთს საზღვარს. მთავრობა იმედოვნებს, რომ გამარტივებული სისტემა მიუახლოებს მას დასახულ მიზანს და საქართველოში ზაფხულში  ჩამოსვლის მსურველთა რიცხვს გაზრდის. ეს კი განავითარებს ტურიზმის სექტორს. ჩვენ ყველა სახის ტურისტს მივესალმებით, იმოგზაურებენ ისინი ფეხით თუ მანქანებით".

"ბიზნეს ნიუ ეუროპი", ჩეხეთი