"ბევრი ფრანგი პაციენტისათვის საქართველოში ჩასვლა მიუღწეველია" - რას წერს ქართულ "ბაქტერიოფაგზე" ფრანგული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ბევრი ფრანგი პაციენტისათვის საქართველოში ჩასვლა მიუღწეველია" - რას წერს ქართულ "ბაქტერიოფაგზე" ფრანგული გამოცემა?

ფრანგულ გამოცემა «Le Figaro»-ში გამოქვეყნდა  სტატია, რომელშიც მოთხრობილია ამბავი თუ როგორ ჩამოდიან ფრანგები საქართველოში ფაგოთერაპიისთვის.

"ზოგიერთი პაციენტი ავადმყოფობის სამკურნალოდ ანტიბიოტიკები უკვე დადებით შედეგს აღარ იძლევა, ამიტომ ისინი ფაგოთერაპიას ირჩევენ და საქართველოში მიდიან, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან სპეციალიზდება ფაგოთერაპიის სამედიცინო მეთოდიკაზე", - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - დავიდ ბრეჟე).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"თბილისის ცენტრში მდებარე ბინაში 72 წლის მიშელი მკურნალობის ორსაათიანი სეანსის შემდეგ ისვენებს. ფრანგი ქალბატონი თავისი სახლიდან 3 ათასი კილომეტრის მოშორებით მდებარე ქვეყანაში იმიტომ გაემგზავრა, რომ ეს მისი "ბოლო იმედი" იყო. სპორტული აღნაგობის მქონე ქალი ღიმილით ამბობს, რომ მას არც ქოლესტერინი და არც წნევა არ აწუხებს, მაგრამ უკვე 15 წელია სიცოცხლე მოუშხამა ნაწლავის ჩხირმა, რომელიც რეგულარულად იწვევს საშარდე გზების ინფექციას.

დაავადების კლასიკური მკურნალობის პროცესში თანდათან პრობლემები გაჩნდა: "ანტიბიოტიკები თავდაპირველად მშველოდა, მაგრამ შემდეგ ბაქტერიებმა წანააღმდეგობის გაწევა დაიწყეს და ამიტომ წელიწადში შვიდი თუ რვა კურსის ჩატარება მჭირდებოდა. უკვე შვიდი წელია ანტიბიოტიკებით ვცხოვრობ", - ამბობს მიშელი.

უშედეგო 14 ანტიბიოტიკი 15-დან მიშელის ტკივილებს თირკმელების უკმარისობაც დაემატა, პლუს საჭმლის მონელების დარღვევა და გვერდითი მოვლენები ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენების გამო. "ბოლო ანალიზებში ბაქტერიები უკვე 15-დან 14 ანტიბიოტიკის მოქმედებას ეწინააღმდეგებოდნენ. უროლოგმა მითხრა: "როცა თქვენ მომლოდინე პაციენტების რიგში გხედავთ, ჩემს თავს ვეკითხები, რა უნდა გითხრა. აღარ ვიცი, რით და როგორ გიმკურნალო, მალე სეპტიცემია (სისხლის მოწმავლა) დაგემართებათ", - დამწუხრებული სახით ჰყვება მიშელი. მას შემდეგ, რაც ტრადიციული მედიცინა ჩიხში შევიდა, მან გადაწყვიტა მკურნალობის ალტერნატიული მეთოდიკაც მოესინჯა (გეოთერმული წყლები, არომათერაპია და ა.შ.), მაგრამ შედეგები არაერთმნიშვნელოვანი იყო... ერთ დღეს მიშელმა გაიგო, თუ როგორ ხდება საქართველოში ფაგოთერაპიული მკურნალობა.

ფაგოთერაპია პირველად 1917 წელს იქნა განხორციელებული საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტში ფრანგულ-კანადური წარმოშობის მქონე მეცნიერის ფელიქს დერელის მიერ და ბაქტერიალური ინფექციების მკურნალობას ითვალისწინებს, ბაქტერიოფაგების ორგანიზმში შეყვანის გზით. ბაქტერიოფაგები, ანუ ბაქტერიების საწინააღმდეგო ვირუსები ბუნებაში თვით ბაქტერიების შიგნით მრავლდებიან და შემდეგ მას ანადგურებენ. ანტიბიოტიკების შექმნის კვალობაზე დასავლეთში ფაგების გამოყენება თანდათან მიივიწყეს. საფრანგეთში ბაქტერიოფაგებით სარგებლობა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში დაიშვებოდა. სამაგიეროდ, ფაგოთერაპია შენარჩუნდა და ფართოდ განვითარდა საბჭოთა კავშირში, სადაც დასავლური პრეპარატებით და, რასაკვირველია, ანტიბიოტიკებით სარგებლობა საერთოდ მიუღწეველი იყო.

"მკურნალობა წითელარმიულად" მიშელი თბილისის ელიავას ინსტიტუტში მკურნალობს, რომელიც საქართველოს დედაქალაქის გარეუბანში მდებარეობს. ეს კვლევითი დაწესებულება 1923 წელს შეიქმნა ფელიქს ერელისა და ქართველი მიკრობიოლოგის გიორგი ელიავას მიერ და საბჭოთა პერიოდის ფაგოთერაპიის ცენტრად იქცა. თბილისის ბაქტერიოფაგების ინსტიტუტი კვირაში 100 ტონა ფაგებს ამზადებდა, მათ შორის წითელი არმიისათვის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა კინაღამ ყველაფერი გაქრა, ქართველმა მედიკოსებმა ფაგებით სავსე ამპულები გადაარჩინეს. დღეს საქართველოში ფაგები აფთიაქებში ყველასათვის ხელმისაწვდომია და მას თერაპევტები ავადმყოფებს უნიშნავენ.

მიშელი ცოტა ღელავდა, მაგრამ მას ძალიან სასიამოვნო და იმედიანად განწყობილი მედიკოსთა ჯგუფი შეხვდა, რომლებმაც ჯერ ანალიზები გამოიკვლიეს ინფექციის მიზეზების დასადგენად და შემდეგ "ავტოფაგის" ანუ პერსონალური და გაძლიერებული ფაგური მკურნალობის პროგრამა შეიმუშავეს, ბაქტერიებთან ეფექტური ბრძოლის მიზნით.

ინსტიტუტთან არსებულ კლინიკაში ყოველ ორ კვირაში (სწორედ ამდენ ხანს გრძელდება კურსი) 15-20 უცხოელი პაციენტი მკურნალობს. ამერიკელი ექიმი ნაომი ჰოილი, რომელიც უცხოელებთან კოორდინაციითა დაკავებული, "ფაგოთერაპიისადმი მზარდ ინტერესზე" ლაპარაკობს. "ჩვენ დღეში 50-ჯერ გვიკავშირდებიან. მკურნალობის გარდა, ჩვენი დაწესებულება კვლევითი ცენტრიცაა და, შესაბამისად, მსოფლიოს მეცნიერებთან მუდმივი კონტაქტები გვაქვს". ინსტიტუტის გამოცდილი ექიმების თქმით, მათ ბევრი ისეთი პაციენტი გამოაჯანმრთლეს, რომელთა მკურნალობა ჩიხში იყო შესული და მათ ორგანოების ან ამპუტაცია ელოდათ, ან სეპტიცემია. თუმცა, გასაგებია, რომ ნაომი ჰოილი სიფრთხილეს იჩენს: რასაკვირველია, ფაგოთერაპია ჯადოსნური საშუალება არ არის. ის ძალიან ეფექტურია რეზისტენტულ ბაქტერიებთან ბრძოლაში, მაგრამ ჩვენ არ გვინდა პაციენტებს ცრუ იმედები ჩავუნერგოთ. ფაგები ძალიან ნელა მოქმედებენ და ბევრ შემთხვევაში 100%-იან შედეგებს არ იძლევიან".

ძვირადღირებული მკურნალობა კლინიკაში პაციენტები წინასწარი შერჩევის პროცესს გადიან, მკურნალობა კი იაფი არ არის. მიშელი, მიშელმა 6900 ევრო გადაიხადა ორი კვირის აქტიური კურსისა და ორთვიანი მკურნალობისთვის. იგი საფრანგეთში ფაგების ამპულებით და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებით დაბრუნდა. მართალია, მას პარიზში ახალი ბაქტერია აღმოუჩინეს, მაგრამ საქართველოდან შესაბამისი ფაგის გამოგზავნას ელოდება, რომელიც აგვიანებს. მიშელს საბოლოო გამოჯანმრთელების იმედი აქვს და ბედის წყალობად თვლის, რომ მკურნალობისათვის ფული აღმოაჩნდა და წუხს, რომ "ბევრი ფრანგი პაციენტისათვის საქართველოში ჩასვლა მიუღწეველია". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ