ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის სქემას უბრუნდება რადიო "თავისუფალი ევროპა"რადიო "თავისუფლება" - კვირის პალიტრა

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის სქემას უბრუნდება რადიო "თავისუფალი ევროპა"რადიო "თავისუფლება"

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიისთვის ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე ფიქრობს. 14 სექტემბერს, ბრიუსელში, სამხრეთ კავკასიაში ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით დებატების დაწყება ფაქტობრივად იმის აღიარებაა, რომ ვერც ევროპის სამეზობლო პოლიტიკამ (ENP)  და ვერც აღმოსავლურმა პარტნიორობამ (EP) გრძელვადიანი და ნათელი პროექტის შექმნა ევროკავშირის მეზობლებთან ვერ უზრუნველყო.

ახალი სტრატეგია, როგორც ჩანს,  ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკისგან მკვეთრ გამიჯვნას არ გულისხმობს. ევროკავშირის მიზანი სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს კანონმდებლობისა და პოლიტიკის მის კანონმდებლობასა და პოლიტიკასთან მაქსიმალური დაახლოება იქნება.

ევროკავშირი აღიარებს, რომ სამხრეთ კავკასია რეგიონში სტაბილურობის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის თვალსაზრისით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სამივე ქვეყანას თანამშრომლობის ხელშეკრულებებს შესთავაზებენ, რასაც თავის მხრივ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და ვიზების ლიბერალიზაცია უნდა მოჰყვეს. მაგრამ ევროკავშირის წევრობის შეთავაზება, როგორც ეს მანამდე იყო, არ მოხდება.

ბრიუსელის ჩინოსნების თქმით, ევროკავშირის და სამხრეთ კავკასიის მომავალ ურთიერთობებს საფუძვლად სამი პრინციპი დაედება - ღიაობა, დიფერენციაცია და პირობები, რაც თავისი მასშტაბით ასევე მოკრძალებულია. თითოეულ ქვეყანას, რომელიც თანამშრომლობითაა დაინტერესებული, შანსი უნდა მიეცეს, ხოლო ურთიერთობაში პროგრესი შედეგებით განისაზღვრება.

ევროკავშირი კვლავ რეგიონზე ფიქრს  უბრუნდება. ევროკავშირის მხარდაჭერა და წინადადებები სამივე ქვეყნის მიმართ ერთნაირი იქნება, - აცხადებენ ჩინოსნები.

ეს ბოლოს მოუღებს საქართველოს ამბიციებს - საკუთარი თავი უკრაინასთან პარიტეტულ სტატუსამდე აამაღლოს. სანაცვლოდ - მისი ადგილი მყარად განისაზღვრა სომხეთის და აზერბაიჯანის გვერდით. არც ერთ მათგანს უახლოეს მომავალში ევროკავშირში ან ნატოში გაწევრების განსაკუთრებული სწრაფვა არა აქვს. სომხეთს და აზერბაიჯანს ევროკავშირი უწინარესად რუსეთის საპირწონედ სურთ, რომლის ინტერესებსაც ორივე აღიარებს.

ევროკავშირის დიპლომატთა მშრალი ენა ადასტურებს, რომ განწყობა უკვე რამდენიმე თვეა, რაც შეიცვალა. კავკასიაში საქართველოს სხვა ქვეყნებამდე დაქვეითება არ მიუთითებს ევროკავშირის წარუმატებლობაზე, რომელიც საქართველოს მიმართ ყოველთვის ძალიან ფრთხილ, "დრო გვიჩვენებს"-ს, პოლიტიკას ატარებდა, ეს თბილისის უუნარობას უფრო ასახავს, რომელმაც ვერ შეძლო ევროკავშირის დარწმუნება, რომ მისი ამბიციების აღიარება ღირდა.

ერთი ირიბი, მაგრამ უდავოდ მტკივნეულად საგრძნობი ინდიკატორი საქართველოს ბედის ცვლილებისა არის ის, რომ  ევროკომისიის ტონი 14 სექტემბრის მინისტრების დისკუსიის წინ მტკიცეა, და რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა საკმარისი პოლიტიკური ნების დემონსტრირებით უნდა მოიპოვონ.