შესაძლოა, საქართველო არჩევანის წინაშე დადგეს - კვირის პალიტრა

შესაძლოა, საქართველო არჩევანის წინაშე დადგეს

საქართველო თურქეთის მხოლოდ მეზობელი არ არის. მას ამ ქვეყანასთან ისტორია და გაცხოველებული ვაჭრობა აკავშირებს. ასევე, მთავარი ფაქტორია რუსეთ-საქართველოს რთული გეოპოლიტიკური ურთიერთობა, რისი გათვალისწინებაც თბილისისთვის აუცილებელია.

ჯერჯერობით თურქული ტალღა საქართველოსთვის სახიფათო არ არის, მაგრამ ანკარის მომავალმა სტრატეგიულმა არჩევანმა თბილისს შეიძლება მოკავშირის არჩევა მანამდე აიძულოს, ვიდრე ის ამისთვის მზად იქნება.

თურქული გავლენის გაძლიერებას ბევრი მიმზიდველი მომენტიც აქვს. თუკი თურქეთი ადრე ნატოს მრავალწლიან რეგიონულ საყრდენს წარმოადგენდა ალიანსის ბრძოლაში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, დღეს ის კომერციის, დიპლომატიის, კულტურისა და ენერგეტიკის რეგიონული ცენტრია, მაგრამ თურქეთის გაძლიერებას თან ახლავს მისი ისტორიული პრიორიტეტების ცვლის მცდელობები კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში.

თურქეთის მიერ ევრაზიულ სივრცეში საკუთარი ადგილისა და როლის თავიდან გააზრება იმას ადასტურებს, რომ ის სულ უფრო კომფორტულად გრძნობს თავს რეგიონული ზესახელმწიფოს როლში და არა აქვს მნიშვნელობა, ეს პროგრესის ნიშანია თუ "ნეოოსმანიზმისა".

დასავლელ ანალიტიკოსებს არ აძინებთ თურქეთის არა მხოლოდ რელიგიური აღორძინების ჭინთვები, არამედ დასავლეთის მოკავშირიდან რაღაც სხვად გარდაქმნის საშიშროება. ამ შიშს აძლიერებს, ერთი მხრივ, ანკარის აგრესიული მისწრაფება ახლო აღმოსავლეთში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნისკენ (მასში თურქეთის, სირიის, ლიბანის და იორდანიის ჩართვით) და, მეორე მხრივ, კავშირის განმტკიცება ჩინეთთან უპრეცედენტო ერთობლივი სამხედრო-საავიაციო წვრთნებითა და თურქეთში ჩინეთის პრემიერის ბოლოდროინდელი ვიზიტით.

თურქეთის რეგიონული სტატუსის ზრდასთან ერთად საქართველომ შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მას ეს ქვეყანა სულ უფრო მძლავრად იზიდავს. თბილისის მიერ ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი ერთგულებაზე დადებული ფიცის მიუხედავად, საქართველოს ისტორიული, კულტურული და მუდმივად მზარდი ეკონომიკური კავშირები თურქეთთან, შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ სულ უფრო დამოუკიდებელი ანკარის მიზიდულობის ძალამ შესაძლოა მოსკოვს და ვაშინგტონს კონკურენცია გაუწიოს.

ნატოს ორაზროვანი დაპირებებისა და თბილისისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე უპასუხოდ დარჩენილი საქართველოს თხოვნის ფონზე, შეიძლება გაძლიერდეს იმის განცდა, რომ ანკარა საქართველოს სუვერენიტეტის და ინტერესების ყველაზე სანდო დამცველია. საქართველო დასავლეთს მუდმივად ვერ დაელოდება და ანკარისკენ მისი ვექტორის  გადახრას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ თბილისი მიესალმა თურქეთის და ბრაზილიის შუამავლობით მიღწეულ გარიგებას ბირთვული საწვავის გაცვლაზე, რომელიც, საბოლოოდ, დასავლეთმა დაიწუნა. ასეთი გადახრის კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველო-ირანის ურთიერთობის სწრაფი დათბობა.

უახლოეს მომავალში საქართველო ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების წევრობაზე უარს არ იტყვის. ის არც თურქეთის ვასლად გადაქცევის პერსპექტივას დათანხმდება, მაგრამ თუკი მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მუდმივად წინააღმდეგობა შეხვდება, შეიძლება ალტერნატივების ძიების აუცილებლობის წინაშე დადგეს, თურქეთის მაგალითს მიჰბაძოს და განაცხადოს, რომ ის არც აღმოსავლეთის ნაწილია და არც დასავლეთის მტერი თუ მოკავშირე...

"უორდ პოლიტიკს რევიუ", აშშ