სამხედრო-ტექნიკური აღიარება - კვირის პალიტრა

სამხედრო-ტექნიკური აღიარება

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი

მოსკოვში ყოფნისას ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა დმიტრი მედვედევს რუსეთთან მეგობრობის დასამტკიცებლად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რესპუბლიკებს აღიარება უფეშქაშა.

ვენესუელა, რუსეთისა და ნიკარაგუის შემდეგ, მესამე ქვეყანაა, რომელმაც ცნო საქართველოს ტერიტორიად მიჩნეული ორი პატარა რეგიონის დამოუკიდებლობა. რუსეთის ლიდერმა მხურვალე მადლობა გადაუხადა თავის კოლეგას და მაშინვე ტანკებისა და სხვადასხვა იარაღის მიყიდვას დაჰპირდა - ჩვენ კარგი ტანკები გვყავს, თუ მეგობრები დაგვიკვეთენ, სიამოვნებით მივაწვდითო. როგორც ამბობენ, ვენესუელა ასი ტანკის ყიდვას აპირებს ხუთას მილიონ დოლარად. მედვედევთან და მის ძლევამოსილ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას ჩავესს ქათინაურები და საჩუქრები არ მოჰკლებია. ვენესუელამ კი რუსეთს ლეგიტიმურობის ნაგლეჯი აჩუქა, რომელიც ასე სჭირდება ამბოხებული ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად წარმოსაჩენად. "ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც საერთაშორისო სამართლის ამ ორი სუბიექტის გადასარჩენად გავილაშქრეთ და გვიხარია, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა ფართოვდება", - განაცხადა მედვედევმა. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ლათინური ამერიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის, ელიმ დაძაგიანის თქმით, ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში მოიწონა ჩავესმა რუსეთის ქმედება სამხრეთ ოსეთში. ვენესუელის მიერ აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება კი მეტად მნიშვნელოვანია მოსკოვისთვის, რადგან კრემლმა ამის მიღწევა თავისი უახლოესი მოკავშირეებისგან, მაგალითად, ბელორუსიისგანაც ვერ შეძლო. ექსპერტმა აღნიშნა, რომ რუსეთს ვენესუელასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, მიმდინარეობს პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური დაახლოება. აკადემიის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელის, ალექსეი არბატოვის ვარაუდით, უგო ჩავესისთვის მეტად მნიშვნელოვანია მოსკოვთან ურთიერთობის განმტკიცება და ამიტომაც აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ექსპერტი ამბობს, რომ ვენესუელა იარაღისთვის დიდ თანხას იძლევა და სწორედ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობაა მათი ურთიერთობის მთავარი მიზანი. "რასაკვირველია, ჩვენ გვინდა დავანახვოთ აშშ-ს, რომ მათ ცხვირწინ შეგვიძლია მოკავშირეების პოვნა. ისინი ხომ სწორედ ჩვენ გვერდით ეძებენ მოკავშირეებს და ნატოს გაფართოებაც უნდათ. ეს რუსეთის თვითდამკვიდრების თავისებური სურვილია", - ამბობს არბატოვი. ის არ გამორიცხავს, რომ ჩავესს მიანიშნებდნენ - ნიკარაგუამ აღიარა ოსეთი და აფხაზეთი, ახლა შენი ჯერიაო. "ეს წმინდა პიარია, რადგან დსთ-ის არც ერთმა ქვეყანამ არ აღიარა ეს რესპუბლიკები, რომ აღარაფერი ვთქვათ ნატოზე. ეს ჩვენთვის მეტად საჩოთირო თემაა და დიდი პრობლემა და ამ საქმეში ამგვარი თავისებური რეჟიმების მოზიდვის პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ იმუშავებს".

აფხაზეთში ჩავესის გადაწყვეტილება სიხარულით მიიღეს. "ვენესუელის პრეზიდენტის ნაბიჯი, სადაც ჩვენ ცოტა ხნის წინ ჩვენი წარმომადგენელი დავნიშნეთ, სპონტანური არ არის. საამისოდ ბევრი ვიმუშავეთ და შესაბამისი შედეგიც მივიღეთ", - განაცხადა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ და სჯერა, რომ ჩავესს მალე მიჰბაძავენ ბოლივარული ალტერნატივის (ვენესუელა-კუბა-ბოლივია-ნიკარაგუა) ქვეყნები.