გაერო მხარს უჭერს!.. - კვირის პალიტრა

გაერო მხარს უჭერს!..

მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოიწონა საქართველოს მიერ შეთავაზებული რეზოლუცია, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართველ ლტოლვილთა დაბრუნებას უზრუნველყოფს.

დოკუმენტს 48 ხმამ მისცა დასტური 19-ის წინააღმდეგ, რაც თბილისმა მოსკოვის "დიპლომატიურ მარცხად" შერაცხა. რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკრიტიკეს ასამბლეის გადაწყვეტილება და განაცხადეს, რომ რუსეთი რეზოლუციის შესრულებას არ აპირებს.

გაეროს ასამბლეის "ანტირუსული" რეზოლუციის სათაური ასეთია: "აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან (სამხრეთ ოსეთი, საქართველო) ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ". რუსეთის უკმაყოფილება გამოიწვია დოკუმენტის სათაურმა, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა დამტკიცებული, ხოლო მისი შინაარსი მოსკოვმა საერთოდ მიუღებლად მიიჩნია. ამ დოკუმენტის მიხედვით ადგილნაცვალ პირებს, ლტოლვილებსა და მათ მემკვიდრეობას, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, კანონით ეკუთვნით თავიანთ სახლებში დაბრუნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. რეზოლუციაში განსაკუთრებით ხაზგასმულია ლტოლვილთა ქონებრივი უფლებების ხელშეუხებლობა. აღნიშნულია, რომ არავის აქვს მათი საკუთრების შეძენის უფლება. გარდა ამისა, უნდა შედგეს გრაფიკი, "რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში კონფლიქტების დროს დაზარალებულ ყველა იძულებით ლტოლვილის უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებას საკუთარ სახლებში".

რუსეთმა ჯერ კიდევ დოკუმენტის წინასწარი განხილვისას განაცხადა, რომ მისთვის ასეთი ფორმულირება მიუღებელია. ხოლო კენჭისყრისას რფ-ის წარმომადგენელი გაეროში, ვიტალი ჩურკინი ძალიან ეცადა, რეზოლუცია კენჭის საყრელად არ გასულიყო, მაგრამ ასამბლეის წევრთა უმრავლესობამ მას მხარი არ დაუჭირა. 64 ქვეყნის დელეგაციის მხარდაჭერით, რომელთა შორისაც იყო აზერბაიჯანი და უკრაინა, პროექტი დამტკიცდა. კენჭისყრის წინააღმდეგი, რუსეთის გარდა, 28 ქვეყანა აღმოჩნდა, მათ შორის ვენესუელა, ნიკარაგუა, მიანმა, ლიბია, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ზიმბაბვე, ირანი, ყაზახეთი, ბელორუსია...

"ქართულ პროექტს არაფერი აქვს საერთო იმ მაღალჰუმანიტარულ მიზნებთან, რაზეც ავტორები ლაპარაკობენ", - აცხადებდა კენჭისყრის წინ ჩურკინი, ასევე მან თქვა, რომ გენერალურმა ასამბლეამ უარყო რუსეთის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის შესწორებები.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართული დიპლომატიის წარმატების გამო სიხარულს ვერ მალავდა: "რუსეთმა დიპლომატიური კრახი განიცადა. საქართველო და საღად მოაზროვნე დემოკრატიული ძალები არ შეურიგდებიან იმას, რაც XXI საუკუნეში მოხდა: აგრესიას, ოკუპაციას, ეთნიკურ წმენდას".

რუსეთი კი ამასობაში რეზოლუციის მიღებას აკრიტიკებს. "ეს ინიციატივა პოლიტიკურად მოტივირებულია და ქართული მხარის კონიუნქტურულ გათვლას ეფუძნება", - განაცხადა რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ.

საგარეო უწყებაში აღიარეს, რომ მოვლენების ამგვარად განვითარებას ისინი ელოდნენ, მაგრამ გაეროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას არ აპირებენ. ამ უწყების კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა კი განმარტა, რომ მიღებული რეზოლუციის შესრულება აუცილებელი არ არის, ჩვენ, უბრალოდ, იგნორირებას გავუკეთებთ ამ დოკუმენტსო. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც აღნიშნეს, რომ მიღებულ რეზოლუციას მართლა არა აქვს იურიდიული ძალა, ის მხოლოდ პოლიტიკური დოკუმენტია...