"რუსეთის პოზიცია საქართველოს მიმართ შეიცვლება!" - კვირის პალიტრა

"რუსეთის პოზიცია საქართველოს მიმართ შეიცვლება!"

სამხრეთ კავკასიაში, ომიდან ორი წლის შემდეგ, როცა რუსეთის არმიამ საქართველოს ტერიტორიის 20% დაიპყრო, ჟენევაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ფაქტობრივად არანაირი წინსვლა არ იგრძნობა - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იზოლირებული რჩება, საზღვრები დაკეტილია.

რუსეთს სურს, ქართველები„"ახალ რეალობას შეეგუონ", რასაც ქართველები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, თუმცა მზად "არიან მოლაპარაკებებისთვის წინასწარი პირობების წამოუყენებლად, ნებისმიერ დროს და ადგილას". ევროკავშირი და გაერო უშედეგოდ ცდილობენ 2008 წლის აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების გაცოცხლებას, რომელიც სხვა მოთხოვნებთან ერთად, დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებასაც გულისხმობს.

მოსკოვთან ურთიერთობა "ამაზე უარესი არ შეიძლება იყოს", - ამბობს გრიგოლ ვაშაძე. მიუხედავად ამისა, იმედოვნებს, რომ პოზიტიური ცვლილებები შესაძლებელია: "სიტუაცია ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. 500 000 კაცი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. თუმცა ეს რუსეთისთვისაც არაკომფორტულია. მან საქართველოს გამო მთელ ევროპას პრობლემები შეუქმნა... „რუსეთს სურს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა, თუმცა თავად არღვევს ამ ორგანიზაციის წესებს.

მედვედევი ევროპას უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის შექმნისკენ მოუწოდებს. რუსეთს სურს დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის შუამავალი იყოს. მაგრამ როგორი შუამავალი იქნება, როდესაც თავად პრობლემები აქვს ერთი ციდა მეზობელთან? - კითხულობს საგარეო საქმეთა მინისტრი და თავადვე პასუხობს:

"რუსეთის პოზიცია შეიცვლება", "დიალოგი გარდაუვალია". ვაშაძე კარგად იცნობს ხისტ, მაგრამ პრაგმატულ რუსულ დიპლომატიას და შეფასების დროს ამ ცოდნას ეყრდნობა. ცვლილებების ნიშნად მას მაგალითად მოჰყავს გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის და რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის მოლაპარაკებები დოვილში, სადაც ცნობილი გახდა, რომ ნოემბრის ბოლოს რუსეთი ნატოს ლისაბონის სამიტს დაესწრება. მისი აზრით, ამ სამიტზე საქართველოს საკითხს დიდი დრო დაეთმობა.

გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ საქართველო ნატოსთან თანამშრომლობას განაგრძობს, რადგან მას ალიანსის წევრობა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

"დერ სტანდარდი", გერმანია