საქართველოს პანკავკასიური მისწრაფებები - კვირის პალიტრა

საქართველოს პანკავკასიური მისწრაფებები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველო ცალმხრივად აუქმებს სავიზო რეჟიმს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოკავკასიელი მოქალაქეებისთვის, რამაც რუსეთი ძალიან გაამწარა.

ქართველების აზრით, ეს ნაბიჯი იმისთვისაა საჭირო, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებმა თავი დასჯილებად არ იგრძნონ იმ დროს, როდესაც რუსეთის ხელისუფლებას თავის მხრივ მიაჩნია (და როგორც ჩანს, მართებულად), რომ ეს მანევრი საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა სიმპათიის მოსაპოვებლად სჭირდება, რომელსაც მოსკოვის ბატონობა დიდად არ ახარებს (როგორც ეს ჩეჩნებთან ორსაუკუნოვანმა ომმა ცხადყო).

თბილისის ამ„პანკავკასიურ“ლტოლვას მიხეილ სააკაშვილის სიტყვაც ადასტურებს, რომელიც მან სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, - არ არსებობს ჩრდილოეთ კავკასია და სამხრეთ კავკასია, არსებობს მხოლოდ ერთიანი კავკასიაო. გარდა ამისა, საქართველომ განაცხადა, რომ მალე ჩრდილოეთ კავკასიის პოტენციური ტელემაყურებლისთვის რუსულენოვან სატელევიზიო არხს გახსნის.

საქართველო რომ კავკასიის ფედერაციის მეთაურ ქვეყნად გახდომაზე ოცნებობს, ახალი ამბავი არ არის. ეს ოცნება სულ ცოტა, მეფის რუსეთის დამხობის დღიდან მოდის, როდესაც ახალჩამოყალიბებული დამოუკიდებელი საქართველო გერმანიის იმპერიის მხარდაჭერას ეძებდა, რათა კავკასიის ხალხთა ფედერაციას ჩასდგომოდა სათავეში. ეს მცდელობა ცენტრალურ ზესახელმწიფოთა დაცემისა და საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ანექსიის გამო ჩაიშალა.

ამ კავკასიური რესპუბლიკის რეგიონული ამბიციები უმალ აღორძინდა, როგორც კი საბჭოთა იმპერია დაიშალა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ყოფილმა დისიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სათავე დაუდო ნაციონალისტურ და "პანკავკასიურ" პოლიტიკას, რომელიც, ერთი მხრივ, აქტიურად უჭერდა მხარს ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ანტირუსულ მისწრაფებებს დამოუკიდებლობისკენ და, მეორე მხრივ, ახშობდა თავად საქართველოში არსებულ უმცირესობათა -  ოსების, აფხაზების და სომხების ავტონომიებს.

გამსახურდიას სახიფათო პოლიტიკამ (რომლის ხელისუფლებაც მოსკოვის მხარდაჭერით 1993 წელს დაამხეს) საქართველო-რუსეთის ურთიერთობას ზიანი მიაყენა. მოსკოვმა არ დააყოვნა პოლიტიკურ თამაშში ჩაბმა და სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობისკენ მისწრაფება თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ასე ჩაეყარა საფუძველი 2008 წლის აგვისტოს რუსულ-ქართულ შეიარაღებულ კონფლიქტს.

2008 წლის ომის შემდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივმა აღიარებამ, ცხადია, უფრო გაართულა კავკასიური კონფლიქტების გადაწყვეტის საქმე და რეგიონის სხვა ქვეყნებისგან მსგავსი მოთხოვნის პრეცედენტი შექმნა. ყველა შემთხვევაში, სააკაშვილმა მის "პანკავკასიურ" მისწრაფებებზე განაცხადი კავკასიური პოლიტიკისთვის ყველაზე ცუდ მომენტში გააკეთა, როდესაც ისეთ სისხლიან ტერორისტულ აქტს ჰქონდა ადგილი, როგორიცაა 19 ოქტომბერს ჩეჩნეთის პარლამენტზე თავდასხმა, ამავდროულად, დაძაბულია სოციალურ-პოლიტიკური კლიმატიც, რომელსაც ისლამისტური ტერორის მუდმივი საფრთხე ართულებს.

ევროპამ და იტალიამ პირველ რიგში უნდა განაგრძონ დიალოგი რუსეთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, რათა ევრაზია გახდეს თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და განვითარების ზონა და არ იქცეს იმპერიული და მიკროიმპერიული ლტოლვების ანაქრონისტული ბრძოლის ველად, რაც XXI ს-ში მხოლოდ დესტრუქციულ ძალებს აძლევს ხელს და არა პანევროპული და ევრაზიული ბალანსის მომხრეებს. მსოფლიოს სამხრეთი რეგიონების ისლამისტური რელიგიური ექსტრემიზმი, ნარკოტიკებით ვაჭრობა და დემოგრაფიული ტვირთი ერთიან პასუხს მოითხოვს როგორც ბრიუსელისგან, ასევე მოსკოვისა და თბილისისგან.

"რეგიონპოლიტიკა", იტალია