"ბოლოს და ბოლოს, რა გვინდა?" - კვირის პალიტრა

"ბოლოს და ბოლოს, რა გვინდა?"

მიხაილ შევჩენკო, ჟურნალისტი: - რუსეთის ფედერაციამ უნდა მოიფიქროს, თუ როგორ უშველის ჩეჩენ ხალხს, მის ხელისუფლებას. მე დანამდვილებით ვიცი, რომ კავკასიაში სერიოზული კრიზისი მწიფდება, შესაძლოა, დაიწყოს ომი, თანაც საშინელი სცენარით.

ვიცი, რომ საქართველოში რეზერვისტების ასაკი გაიზარდა. რეზერვისტების ასაკის გაზრდა ყოველთვის საომრად მზადებას ნიშნავდა. ამას დაუმატეთ ის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უვიზო რეჟიმი დააწესა ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთათვის. ერთი მხრივ, ეს კარგია ყაზბეგში მცხოვრები ოსებისთვის, მაგრამ ვაითუ იქ რამზან კადიროვის ოპოზიციონერები აღმოჩნდნენ?..

არა, მოსკოვის მეტროს ამფეთქებელ დოკუ უმაროვის ქვეშევრდომებს კი არ ვგულისხმობ, არამედ ე.წ. ნაციონალისტური ფრთის წევრებს. და თუ ქართული არმია, სააკაშვილი სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარებს თავს დაესხმება, გამორიცხული არ არის ომის დაწყება, სადაც ქართველები 2008 წლის შეცდომებს გაითვალისწინებენ და ოსებს კი არ შეუტევენ, არამედ რუსეთის ჯარებს.

მათი მხრიდან ამ ომში ჩაებმებიან მოხალისე ჩრდილოკავკასიელთა - ჩეჩნების, ინგუშების და ა.შ. დანაყოფები. თბილისში კი ჩავა აჰმედ ზაკაევი, რომელიც საქართველოში აღიარებულია, როგორც ჩეჩნეთის მთავრობის წარმომადგენელი დევნილობაში.

ეს კი კავკასიაში სიტუაციას შეცვლის. ეს სცენარი რეალურია. ომის დასაწყებად  მხოლოდ ვაშინგტონის სანქციაა საჭირო. გარწმუნებთ, რომ სააკაშვილი უამრავ მომხრეს იპოვის, ანუ რამზან კადიროვის მტრებს. ეს მდგომარეობა კი კავკასიასა და რუსეთს ქაოსსა და კოლაფსში ჩააგდებს, ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა.

KvirisPalitra.Geლეონიდ რაძიხოვსკი, პოლიტოლოგი: - მე ბატონ შევჩენკოს მაინცდამაინც პატივს არ ვცემ და მის გამონათქვამებზე კომენტარების გაკეთების სურვილი არ მაქვს.

ახლა საქართველოდან რაღაც იდუმალი ცნობები მოვიდა: თითქოს იქ რუსეთისთვის მომუშავე 20 ჯაშუში დააკავეს, საქართველოს მოქალაქეები. ჯერჯერობით ამის თაობაზე არც საქართველოს შსს-ს გაუკეთებია განცხადება, და არც რუსეთის ეფ-ეს-ბეს. ვნახოთ, რას იტყვიან. ისე, მე ამ ამბავს დიდ უბედურებად არ მივიჩნევ. არა მგონია, რომ მათ დახვრეტენ, ან 50 წლით ციხეში ჩასვამენ. ყოველ შემთხვევაში, დიდი კავკასიური ომისთვის მიზეზს ვერ ვხედავ.

ვფიქრობ, საქართველო რუსეთზე თავდასხმას არ აპირებს და გადატვირთვის საწყის ეტაპზე არც რუსეთს ექნება საქართველოსთან ომის დიდი სურვილი. მით უმეტეს, რომ გაუგებარია, რისთვის უნდა იომოს.

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი უკვე გვეკუთვნის, ან ჩვენ მიერ არის გათავისუფლებული, ან ჩვენ ვეკუთვნით მათ - არ ვიცი, რაც გინდათ, ის დაარქვით. მოკლედ, ეს ორი უძვირფასესი ალაფი მოპოვებული გვაქვს. აბა, რაღა გვინდა - თბილისში ტანკებით შეგრიალება?

"ეხო მოსკვი", რუსეთი