ФСБ-ს პოდპოლკოვნიკი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს - კვირის პალიტრა

ФСБ-ს პოდპოლკოვნიკი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს

პოდპოლკოვნიკმა პიოტრ ილიუშკინმა ქართული მედიის საშუალებით ღია წერილით მიმართა საქართველოს ლიდერ მიხეილ სააკაშვილს, სთხოვა, რუსეთის პრეზიდენტისთვის ხმა მიეწვდინა ეფ-ეს-ბეს თანამშრომლის გაჭირვების შესახებ და ქართული ტელეარხის კავკაზ-1-ის კითხვას, რატომ მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილს მიმართეო, უპასუხა, - პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს პრეზიდენტი ყველაზე პატიოსან ადამიანად მიმაჩნია, რომელიც სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, სიმართლეს ამბობსო.

სიტუაციაში გასარკვევად სენსაციური დოკუმენტის ავტორს ვესაუბრეთ.

- მართლა მიმართეთ მიხეილ სააკაშვილს ღია წერილით?

- სრული სიმართლეა. მე არაერთხელ მივმართე ჩვენს პრეზიდენტს, მაგრამ მედვედევამდე წერილი არ აღწევდა. სამი წლის წინ სტავროპოლის სამხედრო სასამართლომ ეფ-ეს-ბეს დირექტორს დააკისრა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ბინა მოეცა. ეს განაჩენი არ სრულდება. შვილს ცერებრალური დამბლა სჭირს, ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. მე, ეფ-ეს-ბეს ოფიცერს, მისი მკურნალობის საშუალებაც არ მაქვს. ახლანდელ სამსახურამდე ჩრდილო კავკასიის გაზეთის, "გრანიცი როსიის" კორესპონდენტი ვიყავი, როცა კორპუნქტი გააუქმეს, წესისამებრ შტაბში კი არ გამგზავნეს რედაქტორთან, არამედ პროდუქტების სამხედრო ბაზაში.

იძულებული ვიყავი, ნებისმიერი ხერხი მეხმარა, რათა ჩემი წერილი მსოფლიო თანამეგობრობიდან ვინმეს მაინც მიეწვდინა რუსეთის მთავარსარდლამდე - პრეზიდენტმა მედვედევმა ხომ უნდა გაიგოს, რომ მისი ქვეშევრდომები არღვევენ მისსავე ბრძანებას - ამა წლის დასასრულამდე უკლებლივ ყველა სამხედრო მოსამსახურისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

- არ გეშინიათ, რომ მიმართეთ მაინცდამაინც სააკაშვილს, რომელსაც ბევრი "მტრული" სახელმწიფოს მეთაურად მიიჩნევს, ეს ხომ ზიანის მეტს არაფერს მოგიტანთ?

- პრეზიდენტი სააკაშვილი არჩეულია ჩვენი მეგობარი ქართველი ხალხის მიერ, რომლებმაც, რაც დღეს ძალზე მნიშვნელოვანია, უდიდესი დანაკარგი განიცადეს დიდ სამამულო ომში. ვფიქრობ, რომ ჩვენ საერთო საბჭოთა წარსულის მქონე დიდი მეგობრული ოჯახი ვართ და თუ ვინმე ვიღაცას მტრულ ხალხად თვლის, თავად არის ბოროტმოქმედი, სისხლის სამართლის დამნაშავე.

- საიტზე "გრუზია ონლინე", სადაც თქვენი წერილები გამოქვეყნდა, დეზერტირ და საქართველოში თავშეფარებულ ჯარისკაცებს გლუხოვსა და არტემიევს შეგადარეს. ამაზე რას იტყვით?

- ეს არასწორი შედარებაა. მე სამშობლოსთვის არ მიღალატია, იარაღით ხელში არ წავსულვარ საჯარისო ნაწილიდან. ეს მართლაც დანაშაულია. მე სისხლის სამართლის კოდექსის არც ერთი პუნქტი არ დამირღვევია და ვერაფერს "მომაწერენ". მე მხოლოდ მივმართე ადამიანს, რათა მან რუსეთის პრეზიდენტს ჩემი წერილი მიაწვდინოს, რადგან ჩვენს სტრუქტურებს ამის გაკეთება არ უნდათ.

"ნოვიე იზვესტია", რუსეთი