"ჩვენი პოზიცია უცვლელია" - კვირის პალიტრა

"ჩვენი პოზიცია უცვლელია"

ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ინტერვიუს ამონარიდი.

- ნატომ, თავისი ინიციატივით, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობა გაყინა, ახლა კი ურთიერთობას ალღობს. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ნატომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე თვალსაზრისი შეიცვალა?

- ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ნატოს პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით იგივეა. ჩვენ დაბეჯითებით მოვითხოვთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. ვატარებთ აუღიარებლობის პოლიტიკას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ. რასაკვირველია, ამ საკითხში რუსეთთან უთანხმოება გვაქვს, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობამ არ უნდა დაჩრდილოს ჩვენი საერთო ინტერესები.

მაგალითად, ავღანეთი, ტერორიზმი, ნარკოტრაფიკი, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, არასანქცირებული სარაკეტო დარტყმების საშიშროება... ყველა ეს პრობლემა რუსეთმა და ნატომ თანამშრომლობით უნდა გადაწყვიტონ.

- ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რუსეთი და თქვენ საქართველოს საკითხს ცალკე უჯრაში დიდი ხნით ჩადებთ და გაყინულ კონფლიქტს დაარქმევთ, ამასობაში კი აქტიურად ითანამშრომლებთ რუსეთთან?

- ვფიქრობ, ამ საკითხის განხილვას გავაგრძელებთ რუსეთის წარმომადგენლებთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ეს საკითხი თავისთავად არ მოგვარდება. ძალიან ბევრი რამეა გადასაწყვეტი. მინდა განვავითარო კეთილმეზობლური, პარტნიორული ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენ ახლა უსაფრთხოების ერთნაირ გამოწვევებს ვაწყდებით. დასავლეთი რუსეთს არ ემუქრება.

ვფიქრობ, რუსეთი დაინტერესებული უნდა იყოს ნატოსთან პოზიტიური თანამშრომლობის განვითარებით, რათა შეძლოს კონცენტრირება რეალურ საფრთხეებზე და არა - ხელოვნურ საკითხებზე. იმედი მაქვს, ამ თვის ბოლოს, რუსეთ-ნატოს სამიტზე, თანამშრომლობის პრაქტიკულ ნაბიჯებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებთ.

- განიხილება თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრების საკითხი?

- ამ თვის ბოლოს, ნატოს სამიტზე ალიანსის გაფართოების საკითხზე არავითარ გადაწყვეტილებებს არ მივიღებთ. ჩვენი კარი ღია არის ყველასთვის, ვისაც ჩვენთან ყოფნა სურს. თუ ევროპული ქვეყანა ნატოში შესვლის განაცხადს გააკეთებს და ის შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, მაშინ ალიანსი ამ ქვეყანას მიიღებს: ვიცით, რომ ზოგიერთ ქვეყანას ნატოს წევრობა უნდა, ამიტომ მათთან ვთანამშრომლობთ, რათა მოვამზადოთ ისინი აუცილებელი პროცედურების შესასრულებლად და შესაბამისი კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ ეს უნდა მოხდეს ნაბიჯ-ნაბიჯ...

"ეხო მოსკვი", რუსეთი