საქართველო გზის გასაყარზე - კვირის პალიტრა

საქართველო გზის გასაყარზე

გაყოფილი, რუსეთის ჯარის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული საქართველო მსოფლიოს ყველაზე სარისკო ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. აქ ყველაფერს თან სდევს რუსეთთან ახალი კრიზისის აჩრდილი.

გულწრფელად თუ ვიტყვით, საქართველოს პრობლემათა ნაწილი მისი მთავრობის უგუნური გადაწყვეტილებების ბრალია. 2008 წლის ზაფხულში რუსეთისადმი საქართველოს აგრესიულმა და გაუთვლელმა პოლიტიკამ, რომელიც ბუშის ადმინისტრაციისა და დანარჩენი დასავლეთის გაფრთხილებების მიუხედავად გატარდა, პუტინს სამხრეთ ოსეთის ოკუპირების საშუალება მისცა, საქართველოში ლტოლვილთა ახალი ტალღა გააჩინა და პრობლემები შეუქმნა საქართველოსაც და აშშ-საც.

ნდობის დეფიციტი დღესაც არსებობს, მაგალითად, დასავლეთ ევროპაში ბევრს არ სჯერა საქართველოს პრეზიდენტის და ვფიქრობ, საქართველოს ნატოში მანამდე არ მიიღებენ, სანამ ის ან მისი მემკვიდრე ევროპელ სკეპტიკოსებს არ დაარწმუნებს, რომ ვითარება შეიცვალა.

ჩრდილოკავკასიელთათვის, მათ შორის ჩეჩნეთის მოქალაქეებისთვის, უვიზო რეჟიმის შემოღებამ განარისხა რუსეთი (რომელსაც ჩრდილო კავკასიაზე მკაცრი კონტროლის შენარჩუნება სურს და საქართველოს უკვე ადანაშაულებს, - ამ პრობლემურ რეგიონში შეიარაღებისა და ხალხის უკანონო გადაადგილების საშუალებას იძლევაო) და  სერიოზულად შეაშფოთა აშშ, რომელსაც არ სურს, რომ საქართველომ რუსი დათვი გააღიზიანოს.

აშშ ამ იდეას დაჟინებით აპროტესტებს, რადგან ისლამისტი მებრძოლები თავისუფლად გადმოკვეთენ საქართველოს საზღვარს და იხეტიალებენ ქვეყანაში, რომელშიც მრავლად არიან აშშ-ის სამშვიდობო კორპუსის მოხალისეები, დიპლომატები და სხვა პერსონალი.

ვიზების ამ რეჟიმმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებიც აზარალმა. საქართველო იმედოვნებს, რომ იმ ქართველებისთვის, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობენ ან მოგზაურობენ, შეზღუდვებს გააიოლებს, მაგრამ საქმე წინ ვერ წავა, თუ ქვეყანა უსაფრთხოების ისეთი სერიოზული პრობლემისადმი, როგორიც საზღვრებია, ამგვარ უდარდელობას გამოიჩენს. შეიძლება ამ გადაწყვეტილებამ ის უცხოელი ინვესტორებიც შეაფერხოს, რომელთა შემოტყუებასაც საქართველო ცდილობს. სხვა თუ არაფერი, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოური პერსონალისა და აღჭურვილობის უსაფრთხოება უფრო დაცული ვერ იქნება.

რამდენადაც  დავადგინე, საქართველოს ამ ნაბიჯის გადადგმამდე კონსულტაციები არ გაუვლია არც ევროპელებთან, არც ამერიკელებთან, არავისთან, რამაც უფრო განამტკიცა ის მოსაზრება, რომ საქართველოს ფიცხი ხელისუფლება არაპროგნოზირებადი და იმპულსურია. აი, ის მძიმე და სასტიკი დასკვნა, რომელიც საქართველომ უნდა გააკეთოს: ნატოს ევროპელი წევრები  წინდაუხედავ და თავნება საქართველოს ალიანსში არ მიიღებენ. ქვეყნისთვის ამაზე დიდი ზიანის მიყენება მის ყველაზე საშინელ მტერსაც კი არ შეეძლო.

საქართველოში ვითარება გარკვეული ხარისხით იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში. ვიდრე უკრაინის მთავრობას ქვეყანა ნატოსკენ მიჰყავდა, საქართველოს სწრაფვაც გონივრული ჩანდა. ახლა, როდესაც უკრაინამ ნატო გეგმიდან ამოიღო, საქართველო (მიუხედავად იმისა, რომ ის თურქეთს, ნატოს წევრ ქვეყანას ესაზღვრება) ახლა ძალიან შორს მოჩანს ნატოსგან და ნატოს შტაბბინისგან.

საქართველოს დაუცველად ტოვებს ისიც, რომ ევროკავშირის ექსპანსიონისტური გზნება ჩაცხრა. ცოტა ხნის წინ ბევრი ექსპერტი ფიქრობდა, რომ თურქეთი და უკრაინა ევროკავშირის წევრები გახდებოდნენ. ახლა კი ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ალბათ, ვერც ერთი ეს ქვეყანა მიწვევას ვერ მიიღებს (რაც სამწუხაროა). და თუ ეს ორი, უფრო დიდი სახელმწიფო გარეთ დარჩა, საქართველოსთვის გაწევრება მიუღწეველი ხდება. ამის გამოა, რომ საქართველო სულ მარტო დარჩა, ხოლო ძლევამოსილი საერთაშორისო ორგანიზაციები და ალიანსები ამაზე მხოლოდ წუხან.

თითქმის ნულოვანია პერსპექტივა იმისა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ნატოში შევა, კიდევ უფრო მცირეა იმედი იმისა, რომ რუსეთის მიერ ქართული მიწის დიდი ნაწილის ოკუპაცია ახლო მომავალში დასრულდება. ამ ფაქტების გათვალისწინებით, ქართველების რისხვა და შიში ბუნებრივი და გასაგებია, მაგრამ იმპულსურმა ნაბიჯებმა შესაძლოა საქართველოს მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს, კატასტროფულადაც კი.

სიტუაციის გამოსასწორებლად ქართველებმა მოსაწყენი და ერთფეროვანი საქმეები უნდა აკეთონ, რაც ბევრ ქართველს მაინცდამაინც არ მოსწონს. მათ ფრთხილი და მოკრძალებული საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოონ, თავი აარიდონ რუსეთის პროვოცირებას და მეგობრების რჩევებს მიუგდონ ყური. მათ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ძალიან გრძელვადიანი ხედვა უნდა შეიმუშაონ, უნდა იშრომონ იმ ტერიტორიის განსავითარებლად, რომელიც ჯერ კიდევ შერჩათ,  შექმნან წარმატებული ეკონომიკა და სტაბილური დემოკრატია.

თუ საქართველო ამის გაკეთებას შეძლებს, დროთა განმავლობაში მდგომარეობა გაუუმჯობესდება. როდესაც დასავლეთს აღუდგება რწმენა საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისადმი და ნატო-რუსეთის ურთიერთობები გამოსწორდება, ნატოში გაწევრება ისევ შეიძლება იქცეს რეალურ პერსპექტივად.

რუსეთს ყველაზე მეტად სჭირდება კავკასიაში სტაბილურობა. წარმატებული, სტაბილური საქართველო რუსეთისთვის ის მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორი იქნებოდა, ვინც მას თავისი სამხრეთი ფრთის მოუსვენარი ხალხისთვის უსაფრთხოების შექმნაში დაეხმარებოდა.

იმედი მაქვს, რომ საქართველო წარმატებას მიაღწევს. ეს მშვენიერი ქვეყანაა, მდიდარი წარსულითა და ექსტრაორდინარული კულტურით.

"ამერიკან ინტერესტ", ამერიკა

უოლტერ რასელ მიდი,

აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი