რუსი მკვლელის დღიური - კვირის პალიტრა

რუსი მკვლელის დღიური

ბრიტანულმა გაზეთმა ტჰე სუნდაყ ტიმეს-მა გამოაქვეყნა ჩეჩნეთის მეორე ომის მონაწილე რუსეთის სპეცრაზმის მაღალი რანგის ოფიცრის დღიურის ამონარიდები. მიმომხილველი მარკ ფრანკეტი, რომელმაც დამოუკიდებლად თარგმნა ტექსტი რუსულიდან ინგლისურ ენაზე, თავის კომენტარში წერს, რომ მსგავსი რამ არასოდეს გამოქვეყნებულა.

დღიურში აღწერილია საბრძოლო მოქმედებები, თუ როგორ ექცეოდნენ ტყვეებს, როგორ იღუპებოდნენ რუსი ჯარისკაცები, არცთუ სახარბიელო გამონათქვამები მეთაურების მიმართ. "დასჯისგან ასარიდებლად ავტორის და დღიურში მოხსენიებული ხალხის ვინაობა, გეოგრაფიული დასახელებები გამოტოვებულია", - აღნიშნავს ფრანკეტი.

ჩანაწერების ავტორი ჩეჩნეთს "დაწყევლილსა" და "სისხლიანს" უწოდებს. პირობები, რომელშიც რუს ჯარისკაცებს უხდებოდათ ცხოვრება და ბრძოლა, ჭკუიდან შლიდა სპეცრაზმელ მაგარ და გამობრძმედილ მკვლელებსაც კი. ის წერს, რომ დროდადრო სპეცრაზმელებს ნერვები უმტყუნებდათ და ერთმანეთს დაერეოდნენ ან დახოცილი მოჯაჰედების გვამებს შეურაცხყოფდნენ, ყურებს და ცხვირებს აჭრიდნენ.

დაჭრილ ჩეჩნებსაც მხეცურად ექცეოდნენ: "ისინი გარეთ გამოვათრიეთ, გავაშიშვლეთ და საბარგო მანქანაში შევტენეთ. ზოგიერთი თავისი ფეხით მოდიოდა, დანარჩენებს სცემდნენ და ისე მიერეკებოდნენ. ერთი ჩეჩენი, რომელსაც ორივე ტერფი მოგლეჯილი ჰქონდა, ჯერ გამობობღდა, მერე წამოდგა, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოახერხა და შემდეგ უგონოდ ძირს გაიშხლართა. ჯარისკაცებმა სასტიკად სცემეს, გააშიშვლეს და საბარგო მანქანის ძარაზე მოისროლეს. მე ტყვეები არ შემცოდებია, ეგ იყო - უსიამოვნო საყურებელი იყო", - სხვათა შორის აღნიშნავს რუსი მკვლელი.

დღიურის ავტორი აღიარებს, - ადგილობრივ მოსახლეობას რუსები ეზიზღება, დაჭრილი ჩეჩენი მეომრები კი ისეთი სიძულვილით გვიყურებდნენ, რომ ხელი იარაღისკენ თავისით მიიწევდაო.

ერთ ადგილას მკვლელს აღწერილი აქვს აშკარად გამოგონილი ბრძოლა. ოკუპანტებმა ერთ-ერთ შენობაში გამაგრებული ჩეჩნები გაანადგურეს. შემდეგ მთელი სახლი გაჩხრიკეს და სარდაფში იპოვეს რამდენიმე დაქირავებული მეომარი, რომლებიც ჩეჩნების მხარეს იბრძოდნენ. "ყველანი რუსები აღმოჩნდნენ - ფულისთვის იბრძოდნენო. ყვიროდნენ და გვემუდარებოდნენ, - ოჯახები გვყავს, შვილები, შეგვინდეთო... მერე რა? ჩვენ რა, უპატრონოები კი არ ვიყავით!.. ყველანი სიკვდილით დავსაჯეთ", - წერს ის.

ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული ცნობები, დაქირავებული მებრძოლების შესახებ, დაწყებული ესტონელი (ლიტველები, ლატვიელები) "თეთრი კოლგოტებით" და დამთავრებული ფულისთვის მებრძოლი რუსი და არაბი დაქირავებულებით, არც ერთი დოკუმენტით არც ერთ ომში არ დასტურდება.

ჩანაწერებში ხშირადაა ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ სპობდნენ ოკუპანტები თავიანთი დანაშაულების კვალს - ტყვე ჩეჩნების წამებასა და მკვლელობას. ერთგან ავტორი წერს, რომ ერთი მკვდარი ჩეჩენი პოლიეთილენში გაახვიეს, ლაფით სავსე ჭაში ჩააგდეს, შემოუწყვეს ტროტილი და ააფეთქეს. "აი, ასე იკარგებოდა ხალხი უგზო-უკვლოდ", - ტრაბახობს მკვლელი თავის დღიურში.

ასევე მოექცნენ ჩეჩენ 40 წლის ქალსა და 15 წლის გოგონას. რუსებმა ისინი "თვითმკვლელებად" გამოაცხადეს. "ისინი კაიფში იყვნენ და სულ გვიღიმოდნენ. ბაზაში ორივე დაჰკითხეს. თავდაპირველად, ქალი არ ტყდებოდა, დამქირავებლის ვინაობას არ ამხელდა, მაგრამ ცემის და ელექტროშოკის შემდეგ ალაპარაკდა", - წერს კმაყოფილი ავტორი.

საშინელი წამების შემდეგ ქალი და გოგონა დახოცეს, გვამები კი, კვალის დასაფარავად, ააფეთქეს. "ე.ი. ბოლოს მათ მიიღეს ის, რაზეც ოცნებობდნენ", - ასე მსჯელობს მკვლელი.

დღიურში რუსი მეთაურების მკვეთრი კრიტიკაც არის და იმ პოლიტიკოსებისაც, რომლებიც სხვებს სასიკვდილოდ გზავნიან, თვითონ კი უსაფრთხოდ და დაუსჯელად ნავარდობენ.

"ვრემია ნოვოსტეი", რუსეთი