"დღის წესრიგშია თავისუფლება" - კვირის პალიტრა

"დღის წესრიგშია თავისუფლება"

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის უმცროსი ჯორჯ ბუშის 500-გვერდიან მემუარებში ("საკვანძო გადაწყვეტილებები") ერთი თავი, "დღის წესრიგშია თავისუფლება", საქართველოს ეძღვნება. რადიო "თავისუფლების" ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტიან ქერილი ამბობს, რომ ამ თავში ჯორჯ ბუში საქართველოში 2003 წლის "ვარდების რევოლუციად" წოდებულ მოვლენაზე წერს:

"ბუქარესტში ჩემი გამოსვლიდან ერთ წელიწადში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოში, ახალგაზრდა ქარიზმატული დემოკრატი მიხეილ სააკაშვილი, სესიის გახსნისას, პარლამენტში შევარდა და ათასობით შეკრებილს უთხრა, - ეს თავყრილობა უკანონოა, რადგან გაყალბებული არჩევნების შედეგად არის არჩეულიო. პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ იგრძნო, რომ ფეხქვეშ მიწა ეცლებოდა და გადადგა. უსისხლო გადატრიალებას "ვარდების რევოლუცია" ეწოდა. ექვსი კვირის შემდეგ ქართველმა ხალხმა სააკაშვილი თავის პრეზიდენტად აირჩია".“

ჯორჯ ბუში ნატოში საქართველოს მიღების მომხრედ იყო ცნობილი. მაშინ ამერიკის დასუსტებული პრეზიდენტი იხსენებს პერიპეტიებს, როცა საქართველოს უარი ეთქვა MAP-ის, ანუ ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმაზე: "2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე, უკრაინამაც და საქართველომაც განაცხადეს, რომ სურთ ნატოში გაწევრების სამოქმედო გეგმის, MAP-ის მიღება. მე ამ სწრაფვის მტკიცე მომხრე ვიყავი. მაგრამ მის დამტკიცებას სჭირდებოდა ერთსულოვნება.

ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი, სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. მათ იცოდნენ, რომ საქართველოს რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და შიშობდნენ, ვაითუ, ნატო რუსეთთან ომში ჩაითრიონო. ისინი ასევე შეშფოთებული იყვნენ კორუფციის გამო. მე ვფიქრობდი, რომ რუსეთის მუქარა კიდევ უფრო აძლიერებდა არგუმენტებს საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მიცემის სასარგებლოდ. რუსეთი ნაკლებად იქნებოდა დაინტერესებული ამ ქვეყნების მიმართ აგრესიით, თუ ისინი ნატოს გზას დაადგებოდნენ.

და ეს მათ მთავრობებს კორუფციასთან ბრძოლაშიც გაუმაგრებდათ ზურგს. ჩვენ კომპრომისზე შევთანხმდით: ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინას არ მივანიჭებდით MAP-ს, მაგრამ განვაცხადებდით, რომ მათ ნატოს მომავალი წევრობის სტატუსს მივცემდით. დისკუსიის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა მითხრა, - მართალია, მათ MAP-ი არ მივეცით, მაგრამ შეიძლება ნატოს წევრები გავხადოთო".“

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, როცა საქართველო-რუსეთის ომი დაიწყო, 2008 წლის აგვისტოში, პეკინში იყო ოლიმპიური თამაშების გახსნაზე. ის ამ ომის შესახებაც წერს თავის მემუარებში. იხსენებს, რომ რიგში იდგა, რათა მასპინძელს, ჩინეთის პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს მისალმებოდა, როცა შეატყობინეს საქართველოში რუსეთის შეჭრის შესახებ. ბუშს გადაუხედავს რიგში მყოფთათვის და დაუნახავს პუტინი, ასევე რიგში მდგომი.

"გადავწყვიტე, რომ იქ არ იყო ადგილი ფარული დიპლომატიისთვის", - წერს ბუში. მაგრამ შემდეგ უკვე სასტუმროდან დაურეკავს მედვედევისთვის, რომელიც, ბუშის თქმით, აღგზნებული ჩანდა. მეც არანაკლებ დღეში ვიყავი - ჩემი მტკიცე რჩევაა, ახლავე დაიწყოთ ვითარების განმუხტვა. თქვენი მოქმედების არაპროპორციულობა მსოფლიოს თქვენს წინააღმდეგ განაწყობს, ჩვენ მათ მხარეს ვართ-მეთქი. მედვედევმა მითხრა, - სააკაშვილი სადამ ჰუსეინს ჰგავს, მან უმიზეზოდ წამოიწყო ბარბაროსული იერიში და 1500-ზე მეტი სამოქალაქო პირი მოკლაო. იმედია, საპასუხოდ ამდენივეს მოკვლას არ აპირებთ-მეთქი.

ვუთხარი, თქვენი პოზიცია ხმამაღლა და ცხადად გამოხატეთ, იმედი მაქვს, გაითვალისწინებთ, რაც მთელი სერიოზულობით გთხოვეთ-მეთქი. დიდად მაშფოთებდა ის, რომ რუსებს შეეძლოთ თბილისისთვის შეეტიათ და ჩამოეგდოთ საქართველოს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი სააკაშვილი. ცხადი იყო, რომ რუსები ვერ ეგუებოდნენ დემოკრატიულ საქართველოს და მის მედასავლეთე პრეზიდენტს. მეეჭვება, რუსები ასეთი აგრესიული ყოფილიყვნენ, ნატოს MAP-თან დაკავშირებული საქართველოს განაცხადი რომ მიეღო".

ბუშმა შემდეგ დაურეკა სააკაშვილს და თანადგომა გამოუცხადა საქართველოს. უთხრა, რომ არ სურს საქართველოს დაშლა. ამის შემდეგ, ოლიმპიადის გახსნისას, ხვდება პუტინს. ბუში ამბობს, - ვიცოდი, რომ ტელეკამერების ყურადღების ცენტრში ვიქნებოდით და ამიტომ შევეცადე, ზედმეტად ენეგიული არ ვყოფილიყავიო. ბუშს ისიც უთქვამს პუტინისთვის, ეს სერიოზული შეცდომა დაგიშვიათ და იზოლირებული იქნებით, თუ საქართველოს არ დატოვებთო:

"მან მითხრა, სააკაშვილი სამხედრო დამნაშავეა, მედვედევის მსგავსი სიტყვები იხმარა და თქვა, მან რუსეთი გამოიწვიაო. ხომ გაფრთხილებდით, რომ სააკაშვილი ცხელსისხლიანია-მეთქი, - მივუგე მე. მეც ცხელსისხლიანი ვარო, - მიპასუხა. თვალებში შევხედე: - არა, ვლადიმირ, შენ ცივსისხლიანი ხარ-მეთქი."

საქართველოს მიმართ რუსეთის ამ ქმედებაზე შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მას ერთობ აღელვებდა საქართველოში, მის სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის ჯარის უკანონო ყოფნა. იგი წერს, - რუსეთი იყო იმედის გაცრუება "თავისუფლების დღის წესრიგის" კონტექსტშიო. ჯორჯ ბუში კიდევ ერთხელ ახსენებს მოკლედ საქართველოს და უკრაინას და აღნიშნავს, რომ "ვარდების რევოლუციამდე" საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ თავისუფალნი და მხოლოდ ამ მოვლენის შემდეგ იქცნენ თავისუფალ ადამიანებად.

რადიო "თავისუფალი ევროპა"