ჩემი მეგობრის მტერი... ჩემი მეზობელია - კვირის პალიტრა

ჩემი მეგობრის მტერი... ჩემი მეზობელია

საქართველოს განთქმული მიღწევები დერეგულაციაში (მსოფლიო ბანკის რეიტინგში, რომელიც ბიზნესის ხელშემწყობ გარემოს ეძღვნება, ის მე-11 ადგილზეა) ნაქებ თავისუფალ სავიზო რეჟიმსაც გულისხმობს.

თითქმის 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია საქართველოში ერთი წლის მანძილზე უვიზოდ იცხოვროს, მაგრამ ამაში პოლიტიკაც თავის როლს თამაშობს - საქართველომ გასულ თვეს ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს თავისუფალი სავიზო რეჟიმი შესთავაზა, მაგრამ ყველა გააოცა სავიზო დიპლომატიის კიდევ ერთმა ეპიზოდმა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩეჰრ მოთაქიმ გასულ კვირას, ქვეყანაში ორდღიანი ვიზიტის დროს,  საქართველოსთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის ორმხრივ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ეს ამ ორ ქვეყანას შორის იმ უფრო ფართო თანამშრომლობის მოდელის ნაწილია, რომელიც მიმდინარე წლიდან დაიწყო. ამავე დღეს განახლდა პირდაპირი ფრენები თეირანსა და თბილისს შორის. მოთაქიმ ირანელი ტურისტებისთვის სულ უფრო პოპულარულ ზღვისპირა ქალაქ ბათუმში ახალი საკონსულოც გახსნა  და, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მკაფიოდ აღნიშნა, რომ ირანი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. განხილვის პროცესშია საინვესტიციო ხელშეკრულებები სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზე (საქართველომ ირანში ელექტროენერგიის ექსპორტირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო).

ამას ძნელად უწოდებ პოზიციების დამთხვევას: საქართველო ღიად არის ორიენტირებული დასავლურ დემოკრატიაზე და საკუთარ პოზიციას ავლენს, როგორც რეგიონში აშშ-ის უდიდესი მოკავშირე. მან ახლახან ალაგმა ჯაშუშთა ჯგუფი, რომელსაც რუსეთის "გრუ" - სამხედრო სადაზვერვო სამსახური მართავდა. ქართველმა ჯაშუშებმა უფრო მეტი დეტალი გაამჟღავნეს ოპერაციისა, რომლის მეშვეობითაც აღკვეთეს (რუსების) მცდელობა - კონტრაბანდულად გაეტანათ მაღალგამდიდრებული ურანი.

ირანი ისლამური ნახევრად თეოკრატიაა და აშშ-ის თავის უდიდეს მტრად მიიჩნევს. ყველგან, სადაც ირანი გამოჩნდება, მისი ბირთვული პროგრამაც დღის წესრიგში დგება. საქართველოს ოფიციალურ პირებს სჯერათ, რომ მომხდარიდან არაფერი ეწინააღმდეგება გაეროს სანქციებს და ეს არც აშშ-ს შეურაცხყოფს, ქვეყანას, რომელსაც ისინი კვლავ თავის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირედ განიხილავენ. მეტად ოპტიმისტური ვარაუდია.

იმ დროს, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო თბილისში ჩუმად იყო, გასულ თვეში აშშ-ის სავაჭრო დარგის მაღალჩინოსანი თბილისსა და ბაქოს ეწვია ირანთან ვაჭრობის შემცირების სათხოვნელად.

ქართველი დიპლომატები ალბათ თურქეთს შეჰყურებენ, რომელიც ცდილობს, დასავლეთის მეგობარიც იყოს და მისი მტრებისაც. პრეზიდენტი სააკაშვილი ერთ-ერთი პირველი მიესალმა თურქეთისა და ბრაზილიის მაისის წინადადებას, ეშუამავლათ ირანის ბირთვული პროგრამის მოგვარების საკითხში, მაგრამ ეს დამაბალანსებელი ქმედება ხრიკია.

ქართული ოფიციალური ვერსიის თანახმად, მოთაქისთან შეხვედრისას სააკაშვილმა ხაზი გაუსვა ირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებული ორმხრივი მოლაპარაკებების მნიშვნელობას. ირანის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Press TV კი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა "მტკიცე მხარდაჭერა შესთავაზა" ირანს ბირთვულ პროგრამაში.

ობამას ადმინისტრაცია იქნებ იმედოვნებს კიდეც საქართველოს უკანა პლანზე გადაწევას, მაგრამ უნდა თუ არა საქართველოს იქ დარჩენა, ცნობილი არ არის.

"ეკონომისტი", დიდი ბრიტანეთი