ბურები საქართველოში?.. - კვირის პალიტრა

ბურები საქართველოში?..

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ორმოცი ათასი ფერმერი (უმრავლესობა წარმოშობით ბურია, ანუ ჰოლანდიელი მოახალშენე), შიშობს, რომ რესპუბლიკის მთავრობის

მიწის რეფორმები მათ ცხოვრებას დაემუქრება. თავდაპირველად, აფრიკაში ჩასული ბური მოახალშენეები ქვეყნის სიღრმეში ნოყიერ მიწებზე დასახლდნენ. ახლა მათი შთამომავლების ნაწილს მიაჩნია, რომ პრობლემებს ათასობით მილით დაშორებულ საქართველოში მოაგვარებს.

საქართველოს მთავრობამ წარმოუდგენელი მიგრაციული პროექტი წამოიწყო - სამხრეთაფრიკელ ფერმერებს მათ ქვეყანაში მიწებს ფაქტობრივად უსასყიდლოდ სთავაზობს თანამედროვე მიწათმოქმედებაში გამოცდილების და პროფესიონალიზმის სანაცვლოდ.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ განაცხადა: - ჩვენ სასოფლო-სამეურნეო სფეროსთვის ინვესტორებს ვეძებთ, რადგან საქართველო ყოველთვის მიწათმოქმედების ქვეყანა იყო, საბჭოთა პერიოდში კი ეს ტრადიციები დავკარგეთო. ახლახან მან ქვეყანაში სამხრეთაფრიკელი ფერმერების დელეგაცია მიიღო და მათ მყარი გარანტიები შესთავაზა, თუკი ქვეყანაში დასახლდებიან. "ბურები მსოფლიოში ლამის საუკეთესო ფერმერები არიან", - თქვა დავითაიამ.

გასულ კვირაში პრეტორიაში ათობით ფერმერი შეიკრიბა საქართველოში შესაძლო გადასახლებაზე მსჯელობისთვის. ფერმერთა კავშირის კომიტეტი უახლოეს თვეებში ამ პროცესისთვის ნიადაგის მომზადებას, მოგვიანებით კი უფრო მასობრივი მიგრაციის კოორდინაციას გეგმავს.

ბევრი აფრიკელი ბური ფერმერისთვის სამშობლოს დატოვება იოლი არ იქნება. მაგრამ, მათი თქმით, დარჩენაც სულ უფრო რთულია - ადამიანებს ეშინიათ დანაშაულის, ძალადობის, დაქირავებული შრომის ანაზღაურების ზრდისა და მიწის რეფორმების.

პიტ კემპი ერთ-ერთია იმ ფერმერთაგან, რომლებსაც სურთ საქართველოში საცხოვრებლად გადასვლა: - "ჩვენ ათი-ოცი ფერმერით დავიწყებთ, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველოში კარგად ცხოვრებას ათასზე მეტი ადამიანი შეძლებს".

საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ ქვეყანაში პროფესიონალი ფერმერების დასახლება ქვეყნის ეკონომიკის სასოფლო-სამეურნეო და მევენახეობის სექტორების განვითარებას შეუწყობს ხელს. საქართველოში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვთ, მაგრამ უფრო ნახევრად ტკბილს აწარმოებენ, რაც ევროპაში ნაკლებად პოპულარულია.

ქართული ღვინო ძალიან უყვარდათ რუსეთში, მაგრამ ქვეყნებს შორის პოლიტიკურ განხეთქილებას მოსკოვის მხრიდან ნებისმიერი ქართული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა მოჰყვა. როგორც ჩანს, ქართველებს იმედი აქვთ, რომ თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, სამხრეთაფრიკული ღვინის პოპულარობით ისინიც იხეირებენ.

ბურებს, შესაძლოა, საქართველოს პირობებთან შეგუება გაუჭირდეთ. ქართული ენის სწავლა ძალიან რთულია. ქვეყანას არ აქვს აფრიკასთან პირდაპირი საავიაციო კავშირი. გარდა ამისა, კლიმატიც აბსოლუტურად განსხვავებულია. თუმცა კემპმა და მისმა მეგობრებმა მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ ბედს ცდიან. "რადგან საქართველოში მივდივარ, ქართველი გავხდები", - თქვა მან.

ამ პროექტს მოწინააღმდეგეები ორივე ქვეყანაში ჰყავს. ქართველი ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ მოახალშენეებს საუკეთესო მიწებს ფაქტობრივად უფასოდ გადასცემენ და ქართველი გლეხი ყველას დაავიწყდება. ის იდეა, რომ ქვეყანას საუკეთესო ფერმერები დატოვებენ, ბევრს არც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოსწონს.

"ინდეპენდენტი", დიდი ბრიტანეთი