მადლობა საქართველოს! - კვირის პალიტრა

მადლობა საქართველოს!

ლისაბონში გაიმართა ნატოს ორდღიანი სამიტი უმაღლეს დონეზე. სამიტის ჩარჩოებში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა მხოლოდ ორი ქვეყნის - საქართველოსა და

ავღანეთის პრეზიდენტებს შეხვდა. "საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას მათ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

ობამამ დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას. ამერიკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში საბრძოლო ოპერაციებში აქტიური მონაწილეობისთვის", - ნათქვამია თეთრი სახლის პრესსამსახურის განცხადებაში. "აღმოჩნდა, რომ ბარაქ ობამამ კარგად იცის, რა ხდება საქართველოში. მან მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღნიშნა, რომ აშშ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობს. ასევე დაუჭირა მხარი ნატოში ინტეგრაციის პროცესს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალიანსის პრესსპიკერმა ჯეიმს აპატურაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, - ნატოს ქვეყნები არასოდეს აღიარებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და არასოდეს შეიცვლიან აზრს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებითო. მან აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით, ნატოს ახალ კონცეფციაში უცვლელად არის შეტანილი.

"თუმცა ამჟამად სახელმწიფოებისადმი მიდგომა განსხვავებულია". აპატურაიმ მიანიშნა, რომ "საქართველო ალიანსის ახლო პარტნიორია და ეს კონცეფცია აღრმავებს მასთან თანამშრომლობას... საქართველო არა მარტო მომხმარებელია, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფის აქტიური მონაწილე", - დასძინა მან.

აპატურაიმ განაცხადა,  რომ შესაძლოა, რუსეთი-ნატოს საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხიც განიხილონ.

ბი-ბი-სი, აშშ