"ბათუმი ვიშვილე" - კვირის პალიტრა

"ბათუმი ვიშვილე"

საქართველოში რუსული კინოს ფესტივალის დამთავრებამდე ორი დღით ადრე, ამ ღონისძიების ორგანიზატორმა გია ბაზღაძემ მითხრა, - პრეზიდენტი ვახშამზე გეპატიჟებათ... ბათუმშიო.

მეგონა, ფესტივალის პრეზიდენტ ელდარ რიაზანოვს გულისხმობდა. პროდიუსერი ჩემს სიბრიყვეს მიხვდა და დასძინა, - თუ მიხეილ სააკაშვილის მიპატიჟებას იღებთ, ორ წუთში გასამგზავრებლად მზად უნდა იყოთ. ხუთი წუთის შემდეგ რეჟისორი ნანა ჯორჯაძე (ის პრეზიდენტს ბავშვობიდან იცნობს, დედამისის მეზობელი იყო), რეჟისორი ალექსეი ფედორჩენკო, მისი მეუღლე და მე აეროპორტისკენ გავქანდით.

ავდივარ საპრეზიდენტო თვითმფრინავში. ლიოშა დივანზე მოკალათდა, ჩვენ - ხილით გაწყობილ მაგიდასთან. სტიუარდესა ფრანგულ ღვინოს გვთავაზობს.

პრეზიდენტის მცველმა, ულამაზესმა ავტომატიანმა ყმაწვილმა თვითმფრინავის კუდისკენ გასწია... თითქოს ფილმს ვუყურებ... ელვასავით შემოიჭრა პრეზიდენტი... ვესალმებით ერთმანეთს. მივფრინავთ. გზად ვიდეორგოლით ვეცნობით, თუ როგორ შენდება და ლამაზდება საქართველო.

თვითმფრინავი შავად მოციმციმე ზღვას წრეს არტყამს და გირლანდებით გაჩახჩახებული ნაპირისკენ მიემართება. მოგვიანებით ლიოშა ფედორჩენკომ ჰკითხა: - "თვალებგაბრწყინებული უყურებთ ქალაქს, ასე გიყვართ ბათუმი?" "დიახ, ის ხომ გოგონაა და მე ვიშვილე", - მიიღო პასუხად.

ბათუმში ჩამოვფრინდით. ჩვენი მანქანა თევზის რესტორან UP AND UP-ისკენ მიქრის. მიხაილ ნიკოლაევიჩი უკვე იქ არის. "სად დამეკარგეთ, მე აქ მარტო ვვახშმობ". - ეტყობა, პრეზიდენტს მარტო ვახშმობა არ უყვარს.

სააკაშვილის პირდაპირ ვზივარ. უზარმაზარი ფანჯრები ზღვას გადაჰყურებს. ისმის ჩაიკოვსკის მუსიკა "გედების ტბიდან", ჰოლოგრაფიული ფიგურები ტალღებზე ცურავენ. რესტორანი ცარიელია. მოშორებით ერთი მცველი დგას. მაგრამ როცა ჩანთიდან კალმისტარს ვიღებ (მაგნიტოფონის ჩართვა მერიდება: მაინც სტუმრები ვართ), დეკორატიულ ხეს მოფარებული მეორე მცველი ჩნდება და გამჭოლ მზერას მაბჯენს.

სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობთ. თურმე საქართველოში დიდი მოთხოვნაა ოპერაზე. პრეზიდენტი ამბობს: "საინტერესო ფენომენია: ქართველები ოპერაში დადიან, კინოში კი - არა. ეტყობა, ინდივიდუალიზმის დრო დადგა, ფილმის ყურება შინაც შეიძლება. გადაღება უყვართ, ყურება - არა. ბათუმში მშვენიერი კინოთეატრი იყო, მაგრამ მაყურებელი არ დადიოდა და დავხურეთ. სამაგიეროდ, ოპერა თავიდან ავაშენეთ".

ამ ლაპარაკში პრეზიდენტი ძალიან ცხარე საწებელს ისხამს თეფშზე. ნანა აფრთხილებს, - უცხარესიაო. "არა უშავს, - ამშვიდებს მიხაილ ნიკოლაევიჩი, - მიჩვეული ვარ, ცხოვრებაც ხომ ცხარე მაქვსო".

ვეკითხები თბილისის ქუჩებში მოწანწალე მათხოვარი ბავშვების შესახებ. "ბოშები არიან.  ვცადეთ მათი ინტერნატში ჩაბარება, ბოშათა ბარონებთან მოლაპარაკებაც. მათთან ლაპარაკი ძნელია. სამაგიეროდ, ჩვენს ლტოლვილებსა და მათხოვრებს ქუჩებში თითქმის ვერ ნახავთ. დაბინავებულნი არიან".

ლიოშა მიხეილ სააკაშვილს თავის ქალაქში, ეკატერინბურგში ეპატიჟება. პრეზიდენტი ღიმილით ამბობს: - რუსეთში ბევრი ოცნებობს ურალის საბადოებში ჩემს გამწესებასო.

- მძიმე არ არის მონომახის ქუდი, პრეზიდენტს ხომ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია? - ვეკითხები.

- ჩემი თავით ყოველთვის უკმაყოფილო ვარ. თუ დღის ბოლოს საკუთარი თავი მძულს, ესე იგი, საქმე ცუდად არის.

- პრეზიდენტობის ვადა სამ წელიწადში იწურება. შემდეგ რა მოხდება?

- შორი გეგმები არ მაქვს. თვალსაწიერ დისტანციებს ვამჯობინებ. მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, რომ შორეული გეგმების დაწყობა...

- ხელისუფლებაში დარჩენას, პრემიერ-მინისტრობას არ ფიქრობთ? ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს...

- გამორიცხულია. ჩვენთან პრემიერს კონკრეტული მოვალეობები აქვს; ამასთან, ის პარლამენტს ემორჩილება. თქვენთან კი პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის მოხსნა შეუძლია.

- სინამდვილეში არ შეუძლია. ამბობენ, ხელისუფლება ნარკოტიკიაო.

- საქართველო - ეგალიტარული (თანასწორუფლებიანი) ქვეყანაა. აქ სხვა ფსიქოლოგიაა. ჩვენი მეფეები ფუფუნებაში არ ცხოვრობდნენ, ომის დროს თავად ედგნენ ჯარებს სათავეში.

სანაპიროს მანქანებით მივუყვებით. პირსზე თამარ კვესიტაძის მეტალოპლასტიკის ორი ექვსმეტრიანი ფიგურა, ქალი და კაცი უახლოვდება ერთმანეთს, კოცნაში ირინდებიან, ერთმანეთს ერწყმიან, ერთმანეთში გადადიან... აღფრთოვანებას ვერ ვმალავთ. პრეზიდენტი კმაყოფილია.

ვცდილობ გავერკვე პრეზიდენტთან ურთიერთობის შედეგად მიღებულ ჩემს შთაბეჭდილებებში - გატაცების უნარი, აღფრთოვანება, ეკონომიკისა და პოლიტიკის სხვადასხვა სფეროს ცოდნა, ლაბილური (არამდგრადი) ფსიქიკა, ინფანტილურობა, ყველაფერში სპონტანურობა პლუს ამბიციურობა და იმის უნარი, რომ ოცნებები ცხოვრებაში აიხდინოს (თუმცა პოლიტიკოსისთვის ასეთი "ვერცხლისწყლობა" სახიფათოა). მას "პიარის გენიას" უწოდებენ. შეუძლია დამარცხება გამარჯვებად აქციოს.

მასპინძლებს "შერატონში" მივყავართ. პრეზიდენტიც აქ ათევს ღამეს.

20 წუთში ზღვის პირას მოციონზე გვეპატიჟებიან. პროტოკოლის სამსახურის უფროსის თანხლებით ცარიელ, გაჩახჩახებულ სანაპიროზე მივსეირნობთ. უცებ სიჩუმეში საბურავების ხმა გვესმის, სამი ველოსიპედისტი და ორი სკუტერი წამოგვეწია, ერთი - საქართველოს პრეზიდენტია. ჩაფხუტი, ელასტიკური შარვალი და ლაკის ფეხსაცმელი აცვია. ჩვენი განცვიფრებული სახეების დანახვაზე მხიარულად იღიმება. ერთი-ორ სიტყვას ვეუბნებით ერთმანეთს, ვემშვიდობებით. მიხეილ სააკაშვილი სწრაფად უჩინარდება სამხრეთულ ღამეში. მას ჩვენი გაკვირვება უნდოდა... მიზანსაც მიაღწია...

ლარისა მალიუკოვა

(იბეჭდება მცირედი შემოკლებით)

"ნოვაია გაზეტა", რუსეთი