ჩრდილოეთი კავკასია წარსულსა და მომავალს შორის - კვირის პალიტრა

ჩრდილოეთი კავკასია წარსულსა და მომავალს შორის

"ჯეიმსთაუნის ფონდის" და თბილისის ილიას უნივერსიტეტის თაოსნობით, 19-21 ნოემბერს თბილისში ჩატარდა მეორე საერთაშორისო კონფერენცია "მიჩქმალული ერები, ბოროტმოქმედებები გრძელდება: ჩრდილოეთი კავკასია წარსულსა და მომავალს შორის".

კონფერენციაზე კავკასიის ყველა ხალხი იყო წარმოდგენილი, ასევე მსოფლიოში მოქმედი ჩრდილოკავკასიელთა თითქმის ყველა გაერთიანება. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსები და ექსპერტები: ანდრე გლუკსმანი, ლორდი ფრენკ ჯადი, მაირბეკ ვაჩაგაევი, იად იუბრი, ჰაჯი მურად დონოგო, ვალერი ძუცევი, მოშე გამერი, პიტერ რედუეი და სხვები.

თბილისში ჩატარებული კონფერენციის შესახებ გვესაუბრებიან ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ოლეგ პანფილოვი.

- რა მიზნებს ემსახურება ესოდენ მასშტაბური კონფერენციების ჩატარება, თანაც თბილისში?

ოლეგ პანფილოვი: - ამა წლის გაზაფხულზე ჩატარებულმა პირველმა კონფერენციამ უფრო ჩერქეზული პრობლემა განიხილა. ამჯერად ჩამოვიდა ჩეჩნების დიდი დელეგაცია, თანაც არა მარტო ჩეჩნეთიდან, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩეჩენთა დიასპორების წარმომადგენლები. ცხადია, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონენი. კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს არა მარტო ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა, არამედ დიასპორის წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის მოქმედმა და ყოფილმა დეპუტატებმა. ამგვარად, შესაძლებელი გახდა პრობლემათა დიდი სპექტრის განხილვა.

- როგორი იყო კონფერენციის მონაწილეთა საერთო განწყობა?

ოლეგ პანფილოვი: - ამგვარ კონფერენციებში განსაკუთრებული არაფერია. კრემლი კი ძალიან გააღიზიანა, თითქოს მოსკოვის ბრძანების გარეშე არაფრის განხილვა არ შეიძლებოდა. მოსკოვი გააცოფა იმან, რომ თბილისში და არა რუსეთში შეუძლია ხალხს გულახდილად ილაპარაკოს თავის ისტორიაზე, განსაკუთრებით კი კრემლის იმპერიულ პოლიტიკაზე.

მე რომ მკითხოთ, სწორედ რუსი პოლიტიკოსებისთვის იქნებოდა სასარგებლო ამ გამოსვლების მოსმენა, რათა შეეგნოთ, რა ჩაიდინეს კავკასიაში. კავკასიური პრობლემა კი არსებობს და მას აქტიურად განიხილავენ, საუბრობენ არა იმდენად რუსეთის იმპერიის მონაპოვარზე, არამედ ამ პოლიტიკის შედეგებზე, როცა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა დიდი ნაწილი განადგურდა ომებისა და საბჭოთა რეპრესიების დროს...

კონფერენციის მონაწილეებს უხაროდათ, რომ კავკასიაში არსებობს ქვეყანა - საქართველო, რომელსაც ჩრდილოეთის მხრიდან იმპერიული ღრიალის არ ეშინია. გაჩნდა იმედი, რომ ჩრდილოკავკასიელები სწრაფად და უპრობლემოდ გაუგებენ ერთმანეთს.

- კონფერენციის მონაწილეები როგორ შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას ერთიანი კავკასიის შესახებ?

გიგი თევზაძე: - ვფიქრობ, პირველ რიგში საქართველომ ბოდიში უნდა მოუხადოს კავკასიელ ხალხს იმის გამო, რომ მე-19 საუკუნეში რუსეთს მხარს უჭერდა კავკასიელთა წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებსა და ომებში. პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო მაქსიმალურად უნდა ეცადოს, გზა გაუხსნას კავკასიელებს ევროპისკენ, ცივილიზებული სამყაროსკენ, ევროპა შეიტანოს კავკასიაში.

ოლეგ პანფილოვი: - ჩემი აზრით, "ერთიანი კავკასიის" მიზანია, ბოლო ასწლეულებში დანგრეულის აღდგენა. მიუხედავად რწმენისა და ენების სხვადასხვაობისა, კავკასიელებს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო. ჯერჯერობით ამ იდეას, მოწოდებას პირველები ჩრდილოკავკასიელები გამოეხმაურნენ, იმედი მაქვს, მათ აზერბაიჯანელები და სომხებიც მიჰბაძავენ.

- ისტორიულად საქართველო კავკასიის ცენტრად, ცივილიზებული სამყაროსკენ გადებულ ხიდად ითვლებოდა. საქართველოს ხელისუფლებას ამ სტატუსის აღდგენა სურს. შეძლებს თუ არა ამას?

ოლეგ პანფილოვი: - რასაკვირველია, შეძლებს. საერთოდ, როცა ქვეყანა, ხალხი თავისუფლდება, ცდილობს, თავისუფლების მოპოვებაში სხვებსაც დაეხმაროს. საქართველომ კავკასიაში თავისი სტატუსი აღიდგინა. უნდა მოგესმინათ და გენახათ ის აღფრთოვანება, რაც სტუმრებმა გამოხატეს იმ 2-3 დღეში ნანახის გამო. ამიტომაც თითქმის ყველა გამომსვლელი კავკასიელ ხალხთა გაერთიანების პროცესში საქართველოს ლიდერობაზე ლაპარაკობდა.

გიგი თევზაძე: - მეც მგონია, რომ პროცესი ნელ-ნელა ვითარდება. გასაგებია, რომ ჯერჯერობით კავკასიელებიც და ევროპელებიც ეჭვით უყურებენ ამ მოძრაობას, მაგრამ საფუძვლიანი იმედი გვაქვს, რომ ასეთი პოლიტიკით საქართველო აღიდგენს კავკასიის ცენტრის სტატუსს.

- კონფერენციაზე სოჭის ოლიმპიადასთან ჩერქეზი ხალხის დამოკიდებულების საკითხიც განიხილეს. ამავე დროს, საქართველოს პარლამენტში საგანგებო დახურული თათბირი ჩატარდა და გადაწყდა, მსოფლიო თანამეგობრობას გააგებინონ, რომ სოჭის ოლიმპიადის ჩატარების წინააღმდეგ სამი ძირითადი არგუმენტი არსებობს - ეკოლოგიური, უსაფრთხოებისა და ისტორიული ფაქტორი. როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით კონფერენციის და, კერძოდ, ჩერქეზების პოზიცია?

ოლეგ პანფილოვი: - რასაკვირველია, ეს არის პოლიტიკური, ამავე დროს ეკოლოგიური და ზნეობრივი პრობლემა. სამხრეთი კავკასია აღშფოთებულია იმით, რაც ბოლო ათწლეულებში ხდებოდა - რეპრესიები, დეპორტაცია, ომები, ეკოლოგიური უმსგავსობები, სიძულვილი ძირძველი მოსახლეობის მიმართ, რუსული ცინიზმი, რომელსაც არავინ ებრძვის და სოჭის ოლიმპიადა - საბაბი იმისა, რომ ხალხებს ყველანაირი წყენა გაახსენდეთ. ყველა, ვინც ამ პრობლემის განხილვაში იყო ჩართული, ერთსულოვანია - რუსეთი უზნეოდ იქცევა და ამიტომაც არა აქვს უფლება, სამხრეთ კავკასიაში ოლიმპიადა ჩაატაროს.

კონფერენცია კავკასიელ ხალხთა თავისებური იმედის ნაპერწკალი იყო. მონაწილეები მეუბნებოდნენ, - ახლა კი ვიცით, რომ არსებობს ადგილი, სადაც უპრობლემოდ შეიძლება კავკასიურ პრობლემებზე საუბარიო.

"კავკაზონლაინი", რუსეთი