კეთილი სიტყვები დაუძინებელი მტრისთვის - კვირის პალიტრა

კეთილი სიტყვები დაუძინებელი მტრისთვის

საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ნატოსთან და ძალიან ცუდი - რუსეთთან. ომი ხანმოკლე კი იყო, მაგრამ მისი შედეგები კვლავ იგრძნობა. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სულერთი არ იქნებოდა ნატოსა და რუსეთის ურთიერთობის დათბობა და ისტორიულ დაახლოებაზე საუბარი.

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ლისაბონში განაცხადა, - საქართველო ყველაზე სერიოზული სადავო საკითხია ბრიუსელი-მოსკოვის ურთიერთობაშიო. ამის შემდეგ სააკაშვილმა ჯერ ფრანგულ გაზეთ "ფიგაროს" მისცა ინტერვიუ, მერე ევროპარლამენტის წინაშე გამოვიდა სიტყვით. თუ ადრე მოსკოვის წინააღმდეგ მკვეთრ გამოსვლებს არ ერიდებოდა, ამჯერად შერბილებულად ისაუბრა. მისი თქმით, ის მზად არის ხელი გაუწოდოს რუსეთს, რადგან მასაც და მთელ ქართველ ხალხს სურს რუსეთის პარტნიორობა და არა მტრობა.

"წარმოიდგინეთ, რომ კიდევ 50 წელი მტრები ვიქნებით. განა ეს კარგი იქნება? ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს გეოგრაფიის შეცვლა არ შეგვიძლია, მაგრამ მოლაპარაკება უნდა შევძლოთ", - თქვა სააკაშვილმა, შემდეგ კი განაცხადა, რომ საქართველო არასოდეს ეცდება ქვეყნის ძალისმიერი გზით გამთლიანებას.

რუსეთი ამ ანკესზე წამოგებას არ აპირებს. "სააკაშვილის სიტყვა შესანიშნავი იყო, მაგრამ მხოლოდ ტაშს თუ იმსახურებს. პრობლემა ის არის, რომ 2008 წლის აგვისტოშიც აცხადებდა, ძალის გამოყენებას არ ვაპირებთო", - თქვა რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევმა. ის თვლის, რომ თეორიულად მოლაპარაკებები შესაძლებელია, თუმცა რუსეთის მიერ წაყენებული პირობები სააკაშვილისთვის მისაღები ალბათ არ იქნება:

- მან უნდა აღიაროს, რომ 2008 წლის აგვისტოში შეცდომა დაუშვა, როცა სახელმწიფო ოპერაცია დაიწყო. ასევე უნდა შეწყვიტოს იმის მტკიცება, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის ტერიტორია ოკუპირებულიაო. კოსაჩევის ამ მოსაზრების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არადიპლომატიური განცხადება გააკეთა: - "თბილისის ახლანდელ ხელისუფლებასთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს".

საკმარისი მიზეზები არსებობს საიმისოდ, რომ  სააკაშვილი აიძულოს, ეძიოს რუსეთის კეთილგანწყობა. კონფრონტაციის კურსის გატარება ხელს შეუშლის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ახლახან მიღწეულ განმუხტვას და ალბათ ეს უკვე აუხსნეს ვაშინგტონში.

ქვეყნის შიგნით ოპოზიცია თავის რიგებს განამტკიცებს და რუსეთთან ურთიერთობის ამჟამინდელ კურსს აპროტესტებს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ქართველთა 78% მეზობელ რუსეთთან უწინდელი ურთიერთობების აღდგენის მომხრეა და ამის გაუთვალისწინებლობა ინსტინქტებზე მოთამაშე პოლიტიკოსისთვის  შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა კრიზისის შემდეგ აღდგა, მისი პერსპექტივები საგრძნობლად გამოკეთდებოდა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენით. ამბობენ, სააკაშვილმა საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა მედვედევთან დაახლოებულ ერთ-ერთ მეწარმესთან, მაგრამ მოსკოვის მხრიდან პოლიტიკა არ შეიცვლება, სანამ სააკაშვილი პრეზიდენტია. არადა, ბევრი რუსი წინააღმდეგი არ იქნება საკუთარ მაღაზიებში ქართული ღვინის კვლავ გამოჩენისა.

"ზიუდდოიჩე ცაიტუნგ", გერმანია