WikiLeaks: აშშ უკმაყოფილოა საქართველოს ომში სარკოზის შუამავლობით - კვირის პალიტრა

WikiLeaks: აშშ უკმაყოფილოა საქართველოს ომში სარკოზის შუამავლობით

მიუხედავად იმისა, რომ ელისეს სასახლის შუამავლობას 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში ნიკოლა სარკოზის დიპლომატიის გმირობად“წარმოაჩენენ, მასზე აშშ-ის და მისი მოკავშირეების რეაქცია თავშეკავებული გახლდათ.

ვაშინგტონს თავისი კრიტიკული დამოკიდებულება საჯაროდ იმიტომ არ გამოუთქვამს, რომ მოსკოვის თვალში დასავლეთის ერთობისთვის ჩრდილი არ მიეყენებინა, თუმცა ამერიკელების პოზიციამ მაინც  გაჟონა იმ დიპლომატიურ მიმოწერაში, რომელიც ვებგვერდმა WikiLeaks-მა Le Monde-ს მიაწოდა.

წერილიდან, რომელიც 2008 წლის 23 აგვისტოს ამერიკის საელჩოებში კონდოლიზა რაისმა (აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 2005-2009 წლებში) დაგზავნა, ჩანს, თუ რატომ გადასცა აშშ-მა საფრანგეთს (იმ დროს ის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იყო) დიპლომატიური ინიციატივა. ვაშინგტონს სჭირდებოდა, რომ ამ საკითხში პირველხარისხოვანი როლი ევროკავშირს ეთამაშა და მოსკოვს არ ჰქონოდა შესაძლებლობა, კრიზისი პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსულ-ამერიკულ კონფრონტაციად წარმოეჩინა.

ამგვარად, ამერიკულმა დიპლომატიამ გადაწყვიტა, მეორე პლანზე გადასულიყო, ყურადღებით ედევნებინა თვალი საფრანგეთის ყველა ქმედებისთვის და მათზე გავლენა იმ დროს მოეხდინა, როდესაც ეს აუცილებელი გახდებოდა.  იმისგან განსხვავებით, რაც ნიკოლა სარკოზიმ 2008 წლის 13 ნოემბერს განაცხადა, ჯორჯ ბუში არასდროს ყოფილა წინააღმდეგი, სარკოზი 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების მოლაპარაკებებზე მოსკოვში გამგზავრებულიყო.

თუმცა შედეგებმა ამერიკელები ერთგვარად დააეჭვა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში ძალიან ბევრი უზუსტობა აღმოჩნდა, რაც მოსკოვს დოკუმენტის არასწორი ინტერპრეტაციის“და საქართველოს ტერიტორიაზე ჯარების დატოვების შესაძლებლობას აძლევს. ამ მიზეზის გამო, რაისი ელისეს სასახლეს დამატებით დოკუმენტზე მოელაპარაკა. ეს არის 14 აგვისტოთი დათარიღებული საფრანგეთის პრეზიდენტის წერილი, სადაც რუსი ჯარისკაცების შესაკავებლად დამატებითი განმარტებებია მოცემული, თუმცა მოსკოვმა ეს წერილი თავდაპირველი შეთანხმების ნაწილად მაინც არ აღიარა.

"ვაშინგტონს სჭირდებოდა პარიზთან შეხედულებების ერთობის დემონსტრირება. როგორიც უნდა ყოფილიყო ამ საკითხისადმი აშშ-ის რეალური დამოკიდებულება, დიპლომატებს თავი უნდა შეეკავებინათ საფრანგეთის და პრეზიდენტ სარკოზის პოზიციის შეფასებისგან", - წერდა სახელმწიფო დეპარტამენტი.

გამოდის, რომ კრემლმა საფრანგეთი გააბრიყვა? ამერიკული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ რუსულმა მხარემ ხაფანგი მოამზადა - შექმნა ცეცხლის შეწყვეტის მეორე დოკუმენტი, რომელიც სარკოზის ვარიანტისგან ერთგვარად განსხვავდებოდა და სწორედ მას მოაწერა ხელი პრეზიდენტმა მედვედევმა. შედეგად შეთანხმების ორი ვერსია გამოქვეყნდა, რომელიც შეიცავდა ისეთ ნიუანსებს, რაც რუსეთს მოქმედების ერთგვარ თავისუფლებას ანიჭებდა.

მართალია, დროდადრო ფრანგებს შეშფოთება ეტყობოდათ, თუმცა მათ დაადასტურეს, რომ მოსკოვმა რთული ამოცანა დაუსახათ, მაგრამ რუსეთთან კონფრონტაციისგან თავის შეკავების აუცილებლობაც აღიარეს.

მათი აზრით, ოკუპირებული საქართველოს ბედი არ გახლდათ ერთადერთი ფაქტორი, რისი გათვალისწინებაც რუსეთთან ურთიერთობებში იყო საჭირო. დასავლეთს რუსეთი ირანის ბირთვულ საფრთხესთან დასაპირისპირებლად სჭირდება, - განაცხადა 2008 წლის 5 სექტემბერს ელისეს სასახლის მრჩეველმა სტრატეგიულ საკითხებში ფრანსუა რიშიემ ნატოში აშშ-ის წარმომადგენელ კურტ ვოლკერთან შეხვედრისას.

ამერიკელი დიპლომატი იძულებული იყო, ამ მოსაზრებას დასთანხმებოდა, მაგრამ, ამავდროულად, აღნიშნა, რომ ვიდრე რუსული არმია საქართველოს ტერიტორიაზე რჩება, მოსკოვთან ჩვეულებრივი თანამშრომლობა გართულდება.

2008 წლის 8 სექტემბერს რუსეთმა არმია არ გაიყვანა და ნიკოლა სარკოზიმ მოსკოვთან და თბილისთან მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობა იგრძნო. მეორე დღეს დიპლომატმა ფილიპ ლეფორმა მოსკოვში ამერიკელ კოლეგას უამბო მოლაპარაკებებზე არსებული "საკმაოდ მძიმე ატმოსფეროს“ შესახებ."

რაღაც მომენტში სარკოზიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს პიჯაკის საყელოში ხელი ჩაავლო და სულ მატყუარა უძახაო, - წერდნენ ამერიკის საელჩოში. "როგორც ჩანს, სარკოზიმ გააფრთხილა რუსეთი, რომ მისი, როგორც „სერიოზული ზესახელმწიფოს“იმიჯი მნიშვნელოვნად დააზარალა, რადგან აღებული ვალდებულება არ შეასრულა", - ნათქვამია წერილში.

შედეგად, რუსეთის არმიამ მხოლოდ ზოგიერთი რეგიონი დატოვა და 2009 წელს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საბოლოოდ გამაგრდა. ამერიკულ მიმოწერაში ეს შედეგი შეფასებულია, როგორც „კვიპროსის“ სცენარი, ანუ სამხედრო ოკუპაცია, რომელიც, ჩანს, კარგა ხანს გაგრძელდება.

"ლე მონდი", საფრანგეთი