ასტანის "განხეთქილების ვაშლი" - კვირის პალიტრა

ასტანის "განხეთქილების ვაშლი"

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ორი დღე მიმდინარეობდა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის სამიტი. სხვა საკითხებთან ერთად, ფორუმის დღის წესრიგში გაყინული კონფლიქტების საკითხიც იდგა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ე.წ. "საქართველოს საკითხს".

დასავლეთის სახელმწიფოების წარმომადგენლებმა, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა მიკ კლუგმა, ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპიმ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მხარი დაუჭირეს საქართველოს, რომელიც მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას.

საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში რუსეთს დიალოგისკენ მოუწოდა. რუსეთის პრეზიდენტმა მკაცრად განაცხადა, რომ მიუღებელია ტერიტორიული საკითხების გადაწყვეტის ისეთი მეთოდები, როგორიც საქართველომ გამოიყენა 2008 წელს...

ეუთოს სამიტზე საბოლოო დეკლარაციის მიღება 9 საათის დაგვიანებით, განახლებულ სხდომაზე მოხდა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მწვავე დებატები დახურულ კარს მიღმა. უთანხმოების მთავარ მიზეზს რეგიონში არსებული კონფლიქტების გადაწყვეტის გზები წარმოადგენდა. ამ კონტექსტში ერთ-ერთი ძირითადი საკითხი საქართველო იყო.

შუაღამისას გამოცხადდა, რომ დეკლარაციასთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწეულია. სხდომის მონაწილეები უკმაყოფილონი დარჩნენ, რომ ასტანის სამიტზე ვერ მოხერხდა გაყინული კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის მიღება და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავისი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობის შესახებ.

რადიო "თავისუფალი ევროპა"