საქართველო მხოლოდ ბაყაყების ექსპორტით თავს ვერ გაიტანს - კვირის პალიტრა

საქართველო მხოლოდ ბაყაყების ექსპორტით თავს ვერ გაიტანს

ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანები განსაკუთრებულად პედანტურები არიან, "კეთილი მწყემსის" იგავს მათ რწმენაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, თუმცა ამ ბოლო დროს ქართველი კეთილი მწყემსები ისლამის მადლიერნი არიან, რადგან 18 ნოემბერს ჰაჯი დასრულდა.

ბოლო სამ წელიწადში საქართველომ ახალი გზა მოძებნა და საქონლის ექსპორტს მუსლიმანურ დღესასწაულს, ცხვრის შეწირვის რიტუალს უსადაგებს. საქონლის ექსპორტი ახლა საქართველოსთვის ღვინოზე მომგებიანია და რიგით მეცხრე ადგილზეა. შარშან საქართველომ კიდევ უფრო უცნაური პროდუქტის ექსპორტს მიჰყო ხელი: ბაყაყით ვაჭრობას. ფრინველის გრიპის ეპიდემიის გამო, ბაყაყის ხორცზე საერთაშორისო მოთხოვნა გაიზარდა, ამის გამო 2009 წელს საფრანგეთში 250000-ზე მეტი ქართული ბაყაყი გაიგზავნა და წლევანდელი წლის მაჩვენებლები კი ერთიორად მეტი უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტის დივერსიფიკაცია დადებითი პროცესია, საქართველოს მაინც გაუჭირდება ვაჭრობის დეფიციტის მოგვარება, სანამ ისეთი ყოველდღიური საკვების იმპორტს აწარმოებს, როგორიცაა, მაგალითად, ახალი რძე - ქართული ბრენდები რძის ფხვნილით დამზადებულ რძეს ყიდიან. საქართველოს ბოლოდროინდელი ეკონომიკური წარსული საკმაოდ ექსტრემალურია.

კომუნისტური მმართველობის დროს საქართველო ინდუსტრიული და სოფლის მეურნეობის ნაწარმით საბჭოთა კავშირის უმეტეს ქვეყნებს ამარაგებდა, მაგრამ სსრკ-ის დანგრევას ეკონომიკური კატასტროფა მოჰყვა. 1991 წელს დაახლოებით ნახევარი მილიონი ქართველი ინდუსტრიულ სფეროში მუშაობდა, 2004 წლისთვის კი ამ სფეროში 100 000 კაცზე ნაკლები იყო დასაქმებული. ამ წლებში ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტად ჯართი იქცა და ეს დღემდე ასეა.

ქვეყნის სამეურნეო სექტორის მოშლას (ჩაი, ხორცი, ციტრუსი, ხილი და სამეურნეო დამუშავება) ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე მძიმე შედეგი მოჰყვა. შედეგად 2004 წლისთვის საქართველოს მშპ 1989 წლის მაჩვენებელთან შედარებით 45%-ით დაეცა. ამან ხელი შეუწყო ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლას, რომელსაც სათავეში მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგა. მან საფუძველი ჩაუყარა ულტრალიბერალური და ანტიკორუფციული რეფორმების გატარებას. შედეგები გასაოცარი იყო:

2006-2007 წლებში წლიური ზრდის მაჩვენებელი გაორმაგდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონე გაიზარდა და კრედიტების ხარისხმაც ერთი-ორად იმატა, მაგრამ არც კრედიტები და არც ინვესტიციები არ ეხებოდა საექსპორტო სექტორს და არც წარმოების რაოდენობა გაზრდილა. ძირითადად მშენებლობა, უძრავი ქონება და სხვა არასაბაზრო სექტორები გამოდგა მომგებიანი. 2008 წელს ეკონომიკის სწრაფ ზრდას ორი უსიამოვნება დაატყდა თავს: აგვისტოში რუსეთთან გამართული ომი და გლობალური ფინანსური კრიზისი.

ქვეყნიდან წავიდნენ უცხოელი ინვესტორები და 2009 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა 7%-ით შეიკვეცა. ახლა უკეთესი მდგომარეობაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, 2010 წელს მშპ 4.5%-ით მოიმატებს. ბიუჯეტის დეფიციტი, რომელმაც 2009 წელს მშპ-ს 9.2%-ს მიაღწია, ახლა 6.3%-მდე დავა, მაგრამ 2013 წლისთვის ევროობლიგაციების ვალის გადახდის ვადა იწურება. შესაბამისად, ახლა პრიორიტეტების სიაში არსებული ანგარიშის დეფიციტის შემცირება, რომელიც მშპ-ს 12.6%-ს წარმოადგენს და უცხოური ვალუტის გენერირებაა. ეს მძიმე ამოცანაა.

უცხოური დახმარება (4.5 მილიარდი დოლარი, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში რუსეთთან ომის შემდეგ აღუთქვეს) დროთა განმავლობაში აუცილებლად შემცირდება და საგადასახადო ბალანსში გარღვევას გამოიწვევს. სხვა მცირედი ელემენტები, მაგალითად, ფულადი გზავნილები ქართული დიასპორიდან, დარჩება, მაგრამ ისიც გლობალური ეკონომიკის რყევებზეა დამოკიდებული. ახლა მთავრობისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ექსპორტსა და იმპორტს შორის არსებული უზარმაზარი დისბალანსის დარეგულირებაა.

მთავრობა იმედს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ამყარებს, რომლებიც 2009 წელს 2007 წელთან შედარებით სამჯერ დაბალი იყო. ეს საკმაოდ ოპტიმისტური მიდგომაა, რადგან 2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში უფრო პატარა ნაკადულს შეგვიძლია შევადაროთ, ვიდრე წყალდიდობას. საქართველოს შიდა კერძო სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად მეტი ინტერესი რომ გამოეჩინათ, დივიდენდებიც გაიზრდებოდა, ხოლო ექსპორტი სიტუაციის გამოსწორებას შეუწყობდა ხელს. საქართველოს მთავრობა შეჩვეულია, რომ ეკონომიკის მართვისთვის მას ყოველთვის აქებდნენ:

მსოფლიო ბანკმა”იოლი ბიზნესის წარმოების ჩარტებში საქართველო მე-12 ადგილზე დააყენა, მაგრამ ცუდი არ იქნებოდა, ყურადღება მიექციათ საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის დონისთვის. 2010 წელს მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე, საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ანგარიშში,–რომელიც მსოფლიო ბანკზე უფრო მაღალ საზომს წარმოადგენს, საქართველო 139 ქვეყანას შორის 93-ე ადგილზეა.

საკუთრების დაცვის უფლების გამოსწორება, მცირე აქციონერების ინტერესების გათვალისწინება, უმაღლესი განათლების გაძლიერება და ქართული მუშახელის გაწვრთნა მხოლოდ რამდენიმეა იმ ცვლილებებიდან, რომლებიც აუცილებლობას წარმოადგენს. კიდევ ბევრი სხვაც შეგვიძლია ჩამოვთვალოთ. გზა, რომელსაც საქართველო ეკონომიკის სამართავად 2004 წლიდან იყენებდა, მართლაც იყო აღნიშვნის ღირსი, მაგრამ ამ პოზიციის განმტკიცებას ბევრად მეტი მუშაობა დასჭირდება.

"ეკონომისტი", დიდი ბრიტანეთი