ქონებრივი დავა - კვირის პალიტრა

ქონებრივი დავა

ორი თვეა, რაც მოძმე აფხაზებს თავსატეხი გაუჩნდათ. არა, ცხადია, თავისი ძლევამოსილი მეზობელი და პარტნიორი კვლავ უყვართ და პატივს სცემენ, მაგრამ როგორც ყველა ოჯახში ხდება ხოლმე, ეს სიყვარული "ბინის საკითხმა" შეარყია...

2010  წლის 24 სექტემბერს, რფ-ის პრემიერ-მინისტრმა პუტინმა დაავალა რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს და დაცვის ფედერალურ სამსახურს, დადონ ხელშეკრულება აფხაზეთთან, რუსეთზე ესოდენ დამოკიდებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სამი ყველაზე ფასეული ობიექტის რფ-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. პრემიერის ჩანაფიქრით, ამ ობიექტების ყველა უძრავი და მოძრავი ქონება რუსეთს უნდა ეკუთვნოდეს.

ხოლო მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ეს ობიექტებია განლაგებული, ქვეყანა, რომელმაც აფხაზეთი საქართველოსგან გაათავისუფლა, ავტომატური პროლონგაციით 49-წლიანი იჯარით აიღებს და თითოეულ ნაკვეთში ყოველწლიურად თითო რუბლს გადაიხდის. დოკუმენტის თანახმად, რუსეთი აფხაზეთისგან ამ მიწებზე "კაპიტალური მშენებლობების" უფლებას ითხოვს. ეს კიდევ არაფერი, ამ ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ ამ ობიექტებზე დასაქმებულ რუსეთის მოქალაქეებზე არ უნდა გავრცელდეს აფხაზური კანონები.

მოკლედ, რუსეთის ხელისუფლებას თავის საკუთრებაში მიაქვს საბჭოთა სახელმწიფოს ხელმძღვანელთა ელიტური აგარაკები, რომელთა საერთო ფართობი 600 ჰაა: საკურორტო კომპლექსი "მიუსერა" გუდაუთის რ-ნის მიუსერის ნაკრძალში, სადაც განლაგებულია სტალინის აგარაკი, მიხაილ გორბაჩოვის აგარაკი და სსრკ-ის ჯანდაცვის სამინისტროს მე-4 სამმართველოს დასასვენებელი სახლი; საკურორტო კომპლექსი "ბიჭვინთა" ქალაქ ბიჭვინთაში ხრუშჩოვის ყოფილი აგარაკითურთ; ლავრენტი ბერიას სააგარაკო კომპლექსი "ტატრა" გაგრაში.

აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა თავის ხალხს განუცხადა: "რატომ არ შეგვიძლია ქვეყანას, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა, არის ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, საკუთრებაში გადავცეთ ობიექტები?.. არ უნდა დავივიწყოთ და უნდა დავაფასოთ ის, რაც აფხაზეთისთვის გაუკეთებია და აკეთებს". თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება რესპუბლიკის პარლამენტმა უნდა მიიღოს.

ისტორიკოსი სტანისლავ ლაკობა ამბობს, - ყოველთვის "კის" თქმა არ შეიძლება, ხანდახან "არას" თქმაც უნდა შეგვეძლოსო.

პარლამენტის დეპუტატ ზაურ არშბას თქმით: "არსებობს საკითხის სამართლებრივი მხარე, რომელიც სამივე ობიექტს ეხება. ისინი აფხაზეთის სახელმწიფო საკუთრებაა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ეს ობიექტები უვადო სარგებლობით გაიცემა თუ გარკვეული დროით. ჰქონდეს დასასვენებელი ობიექტი რფ-ის პრეზიდენტს, მაგრამ, რა საჭიროა ამ ობიექტის კერძო საკუთრებაში გადაცემა? პრეზიდენტი რომ შეიცვალოს, იმ ახალ პრეზიდენტსაც ახალი ობიექტი უნდა მივცეთ?

აფხაზეთის გმირი ასლან კობახია აცხადებს: - ეს ობიექტები სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ხომ არ შეიძლება, რაზეც თითს დაადებენ, ყველაფერი გავცეთ.

აღშფოთებას ვერ მალავს რუსი ბიზნესმენი ანატოლი ოთირბა, რომელმაც 2004 წელს თავისი კანდიდატურა წამოაყენა აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატად. "მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიისა და იაპონიის სრული კაპიტულაციის ხელშეკრულებებშიც კი მეტი პატივისცემა იგრძნობოდა დამარცხებულთა მიმართ - მათ არ ართმევდნენ საუკეთესო მიწებს". ოთირბა აღნიშნავს, რომ რუსეთი ამ ობიექტებზე "დიპლომატიურ იმუნიტეტს" ითხოვს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი არად აგდებს აფხაზეთის კანონებს.

საქართველოში პუტინის გადაწყვეტილებას ერთმნიშვნელოვნად აღიქვამენ. პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ ამას "პოლიტიკური ანექსიის გაგრძელება" უწოდა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის პატრიოტულმა საზოგადოებამ თუ დროზე არ გამოხატა თავისი აღშფოთება - რუსეთი აფხაზეთს "გადასანსლავს" და მერე გვიან იქნება თითზე კბენანიო.

"ნიუსრუ", რუსეთი