რეალისტური პოლიტიკისკენ - კვირის პალიტრა

რეალისტური პოლიტიკისკენ

2003 წელს "ვარდების რევოლუციის" გზით ხელისუფლებაში მოსულმა მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ქვეყნის დასავლურ ორბიტაზე გაყვანა ჰქონდა განზრახული. ამგვარი მისწრაფებების ნათელი მაგალითი იყო საქართველოს მცდელობა, გამხდარიყო ნატოს სრულუფლებიანი წევრი.

მაგრამ გეოპოლიტიკურ რეალიებს გეგმებში შესწორებები შეაქვს და თბილისსაც საკუთარ საგარეო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანას აიძულებს. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ვაშინგტონი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრებას, ბევრი აცხადებს, რომ თბილისს უახლოეს მომავალში ამის ნაკლები შანსი აქვს. ამას საქართველოც რეალურად აცნობიერებს.

შესაძლოა, სწორედ ამის გამო, თბილისმა, სხვათა შორის, ძალიან დროულად, ლისაბონის ნატოს სამიტის დროს, საკუთარ მთავრობაში საკადრო გადაადგილებები მოახდინა და მალე საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგში ცნობილი სიტყვა წარმოთქვა, სადაც ზოგადად აღწერა საგარეო პოლიტიკის ახალი კონტურები.  რადგან ლისაბონის სამიტმა ცხადყო, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით დასავლეთის ურთიერთობის გადატვირთვას რუსეთთან შედეგები უკვე მოაქვს, საქართველო ახალი ენერგიით შეუდგა აშშ-თან ორმხრივი ურთიერთობის მოგვარებას და, ამასთან, მოსკოვთან მისთვის რთულ დათმობებზე დაიწყო წასვლა.

საქართველოს საგარეო პოლიტიკა აშკარად რეალისტურ კონტურებს იძენს. აშშ-თან ურთიერთობის განახლების მიმართ ყურადღება 20 ნოემბერს გამოცხადებულ დიპლომატიურ გადაადგილებებში აისახა, როდესაც მანამდე რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი აშშ-ში ელჩად დაინიშნა. იაკობაშვილი კონფლიქტურ რეგიონებთან თბილისის თანამშრომლობის ფართოდ რეკლამირებული სტრატეგიის ავტორია, რაც საქართველოს და სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობას შორის კავშირის აღდგენას ითვალისწინებს.

იაკობაშვილის ვაშინგტონში დანიშვნა შეიძლება განხილულ იქნას, როგორც პრიორიტეტების ცვლილების სიგნალი თბილისში ნატო-რუსეთის კავშირის გაფართოების ფონზე. ამ ნაბიჯით თბილისი ხაზს უსვამს მის ახალ აქცენტს აშშ-თან ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, ასევე, დემონსტრირებას ახდენს, რომ ამ კავშირის მნიშვნელობა იზრდება, რადგან საქართველოს გეგმები ნატოში გაწევრებაზე სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოა.

ცნობილია, რომ იაკობაშვილი სააკაშვილთან დაახლოებული პირია. ეს სერიოზულად აძლიერებს საქართველოს დიპლომატიურ ცეცხლს ვაშინგტონში. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თბილისის დამოკიდებულება მოსკოვისა და საქართველოს სადავო თვითგამოცხადებული პროვინციების მიმართ. ეს ურთიერთობა სააკაშვილმა 23 ნოემბერს, ევროპარლამენტში გამოსვლისას  მოულოდნელ განცხადებაში ჩამოაყალიბა. სააკაშვილი ცალმხრივი ინიციატივით გამოვიდა:

- საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას რუსული ოკუპაციის უკან დასაწევად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის აღსადგენადო. ჯერჯერობით გაურკვეველია, იქონიებს თუ არა გავლენას ეს ქვეყნის გაერთიანებასთან დაკავშირებულ თბილისის ძალისხმევაზე.

მაგრამ უდავოა, რომ თბილისის მოულოდნელი ნაბიჯის მიზანია, შეეწინააღმდეგოს იმ პროგრესს, რასაც მოსკოვი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ნატოს წევრ ქვეყნებთან ურთიერთობების აღდგენაში აღწევს. საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ძალის გამოყენებაზე საჯაროდ უარის თქმა დიპლომატიური შეტევაა თბილისის პოზიციების გასაძლიერებლად და ევროპაში საქართველოს შექებამაც არ დააყოვნა...

საქართველოს ხელისუფლებამ იგრძნო რა, რომ ქარმა სხვა მიმართულებით დაუბერა, რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად მზად არის რუსეთსა და მის დასავლელ პარტნიორებს ხელი გაუწოდოს. ასეთი რეალისტური მიდგომა შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს ორი ქვეყნის ურთიერთობის მოწესრიგების საქმეში.

"ვორლდ პოლიტიკს რევიუ", აშშ