Wikileaks: რუსეთში ამერიკის ელჩი საქართველოს შესახებ - კვირის პალიტრა

Wikileaks: რუსეთში ამერიკის ელჩი საქართველოს შესახებ

თეთრ სახლში პრეზიდენტ ბარაქ ობამას მოსვლის შემდეგ, მისმა ადმინისტრაციამ საქართველოსთვის სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების მიყიდვაზე უარი განაცხადა.

Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი დეპეშის თანახმად, ამერიკის ელჩი რუსეთში ამტკიცებდა, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ის სამხედრო დახმარება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ის ჩაშლის რუსულ-ამერიკულ "გადატვირთვის პროცესს.

"საქართველოსთან უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა საფრთხეს შეუქმნის რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვისკენ მიმართულ ჩვენს ძალისხმევას", - ნათქვამია ამერიკის ელჩის ჯონ ბაიერლის მიერ 2009 წლის ივლისში ხელმოწერილ დეპეშაში.

"ჩვენი შეფასებით, თუკი ჩვენ დავთანხმდებით თბილისთან მნიშვნელოვან სამხედრო კავშირებს, რუსეთი საშუალოვადიან პერსპექტივაში დაძაბულობის შემცირებაზე უარს იტყვის და თავს იგრძნობს არა შებოჭილად, არამედ შეიძლება უფრო აქტიურადაც კი იმოქმედოს აშშ-ის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ".

"ჩვენი აზრით, სამხედრო კავშირების განვითარება და საქართველოში სამხედრო მიწოდებები, ამ ქვეყნისთვის არა უპირატესობა, არამედ მძიმე ტვირთი გახდება, - წერს ბაიერლი, - ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი მხრიდან შემოთავაზებული მიდგომა სააკაშვილის სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევს, მაგრამ ჩვენ... ვერ ვხედავთ სხვა გზას იმ გეოგრაფიული, ტერიტორიული და რესურსების თვალსაზრისით არსებული უპირატესობის ნეიტრალიზაციისთვის, რაც რუსეთს გააჩნია".

ზოგიერთის აზრით, ბაიერლის წერილებში მხოლოდ ერთი ადამიანის აზრია ასახული, მაგრამ ის ემთხვევა ობამას ადმინისტრაციის ქმედებების ზოგად მოდელს, რომელიც საქართველოს და ცენტრალური აზიის ქვეყნების იგნორირებას ახდენს და მთელ ყურადღებას რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს უთმობს. ეს დეპეშა, რომელშიც ასევე საუბარია რუსეთის კორუფციასა და სადავო ტერიტორიებზე მისი მოუქნელი ქმედებების შესახებ, აბსოლუტურად ჯდება ანგარიშების იმ საერთო სურათში, რაც სახელმწიფო დეპარტამენტში იგზავნება და რომლებსაც Wikileaks-ი აქვეყნებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი არაოფიციალურად თავად მიუთითებს რუსეთის არასწორ საქციელზე საქართველოს მიმართ. ამ წერილებში, მათ შორის ანგარიშებშიც რუსეთის სამხედრო თავდასხმებსა და მისი დაზვერვის სამსახურების მოქმედებაზე საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ჯერ კიდევ 2004 წლით თარიღდება, ბევრი ისეთი რამ არის, რაზეც ამერიკელი დიპლომატები კომენტარს საჯაროდ არასდროს აკეთებენ. მართალია ბაიერლის წერილები აშშ-ის ოფიციალურ პოლიტიკას არ ასახავს, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ თეთრი სახლი მის გულწრფელ და გულახდილ რეკომენდაციებს ეთანხმება.

"ბუნებრივია, რომ ის, როგორც აშშ-ის ელჩი რუსეთში, ამ ქვეყანასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიისწრაფვის, მაგრამ არ არის აუცილებელი, ეს ყველაფერი ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკაზე აისახოს" - აღნიშნავს ატლანტიკური საბჭოს უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ალექსანდროს პეტერსენი და დასძენს, - "თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ოფიციალური მაღალჩინოსანი მკაფიოდ ამბობს იმასაც, რომ საქართველო ავტობუსის ბორბლებქვეშ მოვაქციოთ"".

"ფორინ პოლისი", აშშ